ესპანეთში, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, საყოველთაო გაფიცვა ეწყობა
ესპანეთში, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რასაც პოლიციასთან შეტაკებები და გზების ბლოკირება მოჰყვა.

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა ეწყობა, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველია და მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზებას გამოიწვევს. ამის შესახებ POLITICO წერს.
მედიის ცნობით, მოქალაქეები საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
მოსალოდნელია, რომ საყოველთაო გაფიცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაში შეფერხებებს გამოიწვევს. ქვეყნის მასშტაბით შენელდება ან დროებით შეჩერდება საწარმოებისა და ბიზნესების, მათ შორის ქარხნებისა და მაღაზიების მუშაობა.
მედიის ინფორმაციით, გაფიცვის პირველ საათებში რამდენიმე მცირე ინციდენტი დაფიქსირდა. მათ შორის იყო საგზაო ბლოკირებები - ზოგიერთ ადგილას გზებზე საბურავებიც დაწვეს. ბარსელონაში, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ასევე მოხდა დაპირისპირება გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.
საცხოვრებელთან დაკავშირებული კრიზისის გამო საზოგადოებაში უკმაყოფილებამ სექტემბერში იფეთქა, მას შემდეგ, რაც მადრიდში ხანდაზმული ქალი საცხოვრებლიდან გამოასახლეს. ის ამ სახლში 1956 წლიდან ცხოვრობდა.
ამის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანეთის პარლამენტს საცხოვრებელთან დაკავშირებული კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვაც დიდი ხნის განმავლობაში გადადებული იყო. მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა კანონპროექტი უარყვეს, სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა.
„თითოეულ თაობას თავისი ბრძოლა აქვს. ჩვენი თაობის ბრძოლა საცხოვრებლის საკითხია და ჩვენ ამ პრობლემას ხალხის მხარდაჭერით გადავჭრით“, - განაცხადა სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გამოცხადებიდან მალევე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
ცნობისთვის, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველი საყოველთაო გაფიცვა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…