ესპანეთი 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება - აქციის მთავარი მიზეზი საბინაო კრიზისი და ცხოვრების დონის გაუარესებაა
ესპანეთში საბინაო კრიზისისა და გაუარესებული ცხოვრების დონის გამო 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა, რაც საჯარო სერვისებსა და ტრანსპორტს შეაფერხებს.

ესპანეთი 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება. აქციის მთავარი მიზეზი საბინაო კრიზისი და ცხოვრების დონის გაუარესებაა.
საყოველთაო გაფიცვა ქვეყნის ორმა უმსხვილესმა პროფკავშირმა - Comisiones Obreras (CCOO) და Union General de Trabajadores (UGT) - სლოგანით „ხელფასები, ბინები, ფასები“ დააანონსა. მსგავსი მასშტაბის გაფიცვა ამ ორმა გაერთიანებამ ბოლოს 2012 წელს, ეკონომიკური კრიზისის დროს გამართა.
პროტესტი ქვეყნის მასშტაბით შეაფერხებს ტრანსპორტის, სკოლების, ჯანდაცვისა და სხვა საჯარო სერვისების მუშაობას. მოსალოდნელია ფრენების გადადება ან გაუქმება, ხოლო მსხვილ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემცირებული გრაფიკით იმოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელ სექტორებში მინიმალური მომსახურება შენარჩუნდება, სკოლები, საავადმყოფოები და მაღაზიები შესაძლოა დაიხუროს ან არასრული შემადგენლობით იმუშაოს.
სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც სექტემბერში, მესაკუთრის მიერ ქირის გაზრდის ფონზე, მადრიდში 87 წლის მარიკარმენ აბასკალი საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს (ქალი მომხდარიდან მალევე გარდაიცვალა). საკაცეზე მიმაგრებული მოხუცის ძალმომრეობით გამოყვანის კადრებმა საზოგადოება შეძრა. ამას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და მთავრობას 29 ნოვემბრისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულა.
პოლიტიკური ანალიტიკოსის, ლუკ სტობარტის შეფასებით, ოთხშაბათის გაფიცვა მთავრობას დაეხმარება, რომ საბინაო კრიზისი პოლიტიკური დებატების მთავარ თემად შეინარჩუნოს.
ესპანეთის ბანკის მონაცემებით, ქვეყანას დაახლოებით 750 000-ით ნაკლები სახლი აქვს, ვიდრე რეალურად სჭირდება, ხოლო ეს დეფიციტი 2028 წლისთვის შესაძლოა ერთ მილიონს გასცდეს.
ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს მონაცემებით, ბინების ქირამ თვეში საშუალოდ 1 176 ევროს მიაღწია, მაშინ როცა ახალგაზრდების საშუალო ხელფასი სულ რაღაც 1 190 ევროს შეადგენს. შემოსავლების სიმცირის გამო, ბევრი მოქალაქე იძულებულია გადატვირთულ საერთო ბინებში იცხოვროს ან მშობლებს შეაფაროს თავი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…