ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია. უწყების ცნობით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უმრავლესობა გამოჯანმრთელების ეტაპზეა. პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რის გამოც რამდენიმე ბაღი დაიკეტა.

საკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
საკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებსTV პირველი

საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იუწყება. უწყების ცნობით, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია, აღსაზრდელთა უმრავლესობა კი უკვე გამოჯანმრთელების ეტაპზეა.

უწყების თანახმად, ლაბორატორიული კვლევები გრძელდება და საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება.

ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.

ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა - ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, - ნათქვამია განცხადებაში.

უკვე სამი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა:

59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.