ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში უსაფრთხოების ახალ სისტემაზე მუშაობს, მომდევნო კვირას კი აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით თებერვლის შემდეგ პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი დისკუსია გამართა ევროპაში უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რომელმაც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო პირობების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. ინფორმაციას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კუშნერის თქმით, ბოლო 30 წელზე მეტია, ევროპა და რუსეთი უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას ცდილობენ. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი უნდობლობა, უსაფრთხოების სფეროში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები და ომის მძიმე შედეგები ამ ამოცანას განსაკუთრებულად რთულს ხდის, თუმცა ის ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია.
„ჩვენი მიზანია ისეთი პრაქტიკული მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესებს გაითვალისწინებს, შეამცირებს მომავალში კონფლიქტის განახლების რისკს და უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს შექმნის“, - წერს კუშნერი.
მისი განმარტებით, ამჟამად ხუთ ძირითად მიმართულებაზე მუშაობენ: უსაფრთხოების საკითხებზე მუდმივი კონსულტაციების მექანიზმი; კრიზისულ ვითარებაში საიმედო კომუნიკაციის არხები; სამხედრო გამჭვირვალობის გაზრდა; ესკალაციის რისკების შესამცირებლად საპასუხო ზომები; ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგრადი ჩარჩოს შექმნა.
კუშნერის განცხადებით, ნებისმიერი შეთანხმება სრულად უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას. მისი თქმით, თითოეულ სახელმწიფოს თავად ექნება საკუთარი უსაფრთხოებისა და ალიანსების არჩევის უფლება და არცერთ ქვეყანას არ ექნება მეორის სუვერენულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება.
ამასთან, კუშნერი ხაზს უსვამს, რომ ნატო ევროპის კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ ინსტიტუტად დარჩება, ხოლო ახალი ინიციატივა არსებულ ინსტიტუტებსა და ვალდებულებებს დაეფუძნება.
კუშნერის განცხადებით, მომდევნო კვირას აბუ-დაბიში აშშ უკრაინასა და რუსეთთან თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. მისი თქმით, ყველა მხარე აქტიურად ემზადება შინაარსიანი და შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის.
აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს შეხვედრების პარალელურადაც გამართავს, ხოლო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, მიზნად უფრო ფართო მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლას დაისახავს, რომელშიც ევროპელი პარტნიორები უშუალოდ ჩაერთვებიან.
„ეს რთული და დეტალური სამუშაოა. მარტივი გამოსავალი არ არსებობს. თუმცა ამ დამანგრეველი ომის დასრულებისა და მომავალი თაობებისთვის უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საფუძვლის შექმნის შესაძლებლობა ამ ძალისხმევას ნამდვილად ღირსეულ მიზნად აქცევს“, - წერს კუშნერი.
მისივე თქმით, აშშ ყველა მხარესთან ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს, რათა მიაღწიონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანს, რომელიც ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაჯარედ კუშნერი - აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა
ჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი მიზანია ისეთი პრაქტიკული მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესებს გაითვალისწინებს, შეამცირებს მომავალში კონფლიქტის განახლების რისკს და უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს შექმნის“
„ეს რთული და დეტალური სამუშაოა. მარტივი გამოსავალი არ არსებობს. თუმცა ამ დამანგრეველი ომის დასრულებისა და მომავალი თაობებისთვის უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საფუძვლის შექმნის შესაძლებლობა ამ ძალისხმევას ნამდვილად ღირსეულ მიზნად აქცევს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…