ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 5.9%-ს მიაღწია
საქსტატის ცნობით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9%-ს მიაღწია, სადაც ყველაზე მეტად ტრანსპორტის ხარჯები (22%) და კომუნალური გადასახადები (10%) გაიზარდა, ხოლო დიზელის ფასმა 61%-ით მოიმატა.

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი (ინფლაცია) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-მდე გაიზარდა. გაძვირდა როგორც საწვავი, ასევე საკვები პროდუქტები. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად 22%-ით ფასები ტრანსპორტზეა გაზრდილი, მასში შედის როგორც სატრანსპორტო საშუალების შეძენა, ასევე მისი მომსახურება და ექსპლუატაცია.
კომუნალური ხარჯების ზრდა 10%-ით არის შეფასებული, ჯანდაცვის ხარჯების 8.4%-ით და საკვები პროდუქტების 3.1%-ით.
წლიურ ჭრილში, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სურსათზე ფასების კლება ერთხელაც არ დაფიქსირებულა. საუბარია მთლიან კალათაზე და არა ერთ რომელიმე ცალკე აღებულ პროდუქტზე. სეზონურობის გამო, წინა თვესთან დაფიქსირებული კლება არ ითვლება, რადგან ალუჩა მაისში ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე აპრილში. შემცირდა მხოლოდ ფასების ზრდის ტემპი, რასაც კონკრეტული ახსნა აქვს – საბაზო პერიოდი. 2025 წლის ოქტომბერში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით სურსათზე ფასები 11.7%-ით გაიზარდა.
კონკრეტული პროდუქციის მხრივ ოქტომბერში დიზელი 61%-ით გაძვირდა, ბენზინი 37%-ით, თვითმფრინავის ბილეთი 35%-ით, ელექტროენერგია 25%-ით. საკვები პროდუქტებიდან პომიდორი 38%-ით, შებოლილი თევზი 30%-ით, ძროხის ხორცი 16%-ით, ხინკალი 15%-ით, ქათმის ხორცი ასევე 15%-ით, ვაშლი 13%-ით.
წლიური ინფლაცია ოქტომბერში ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე

წყარო: საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სემეკმა დეკემბერში გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვა დააანონსა. გაზის გაძვირება ინფლაციის ზრდის ტემპს დააჩქარებს, მისი ეფექტი გაძვირების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. ელექტროენერგია აპრილში გაძვირდა და აპრილიდან მოყოლებული, წლიური ინფლაცია მუდმივად 5%-ზე მაღალია
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…