მარია ზახაროვა – ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ. მისი თქმით, მიუხედავად ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები ვითარდება, სავიზო შეზღუდვების მოხსნამ კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რუსეთში ჩასვლის შესაძლებლობა მისცა.

ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა „ალილუიას“, რადგან ეს დიდხანს ნანატრი იყო – სავიზო შეზღუდვები მოიხსნა. ის, რაც საქართველოდან მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისა და დელეგაციებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც ამ ფორუმზე ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, „საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ღია ტურისტული მარშრუტები ვითარდება“ და აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ესაუბრა.
„როგორ ხვდებიან იქ ჩვენებს, როგორ კარგ მომსახურებას სთავაზობენ. შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს. ჩვენ ბარიერები არასდროს აღგვიმართავს მათთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობიანად ჩამოდიოდა. იქნებოდნენ ესენი არამეგობრული რეჟიმის მქონე ქვეყნების წარმომადგნელები, თუ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები არიან. სეგრეგაცია არასდროს ყოფილა“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა „ალილუიას“, რადგან ეს დიდხანს ნანატრი იყო – სავიზო შეზღუდვები მოიხსნა. ის, რაც საქართველოდან მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისა და დელეგაციებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც ამ ფორუმზე ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…