ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევა
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ბერშუეთის მკვიდრი, 41 წლის გელა ბერიანიძე დააკავა და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ტერიტორიიდან გააძევა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მან საოკუპაციო ხაზი უნებლიეთ გადაკვეთა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე, 41 წლის გელა ბერიანიძე დააკავა და 1 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება აიძულა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, ბერიანიძე 31 ოქტომბერს დააკავეს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრებია.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, ბერიანიძემ ე.წ. სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი უნებლიეთ, ლენინგორის რაიონის სოფელ ამძარინის მიმდებარედ გადაკვეთა.
უწყების ცნობით, 1 ნოემბერს ბერიანიძე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე გააძევეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში ასევე განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაძლო მიმართულებებს მუდმივად აკონტროლებენ.
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. დაკავებულებს, როგორც წესი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…