საპარლამენტო კომიტეტებში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხილვა იწყება
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება, წამყვანი კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხილვა დაიწყება.
ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი.
ამასთანავე, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილების დაწყების ვადა კი, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღე იქნება.
კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ასევე დაიწყება: "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ", "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" და "ზოგადი განათლების შესახებ" კანონებში ცვლილების განხილვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…