კოტე ჟღენტი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს არ არის სამართლებრივი მიდგომა, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიდგომები
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველი კოტე ჟღენტი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მასში „სუფთა პოლიტიკური მიდგომებია“ ასახული.

ეს არ არის სამართლებრივი მიდგომა, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიდგომები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კოტე ჟღენტმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
წამყვანმა მას ჰკითხა, „სად გადის ზღვარი სამართლებრივ ექსპერტიზასა და პოლიტიკურ შეფასებას შორის, რამდენად გასცდა ვენეციის კომისია საკუთარ მანდატს 13 ოქტომბრის დასკვნაში?“
„მგონია, რომ იმ მოვლენებმა, რაც გლობალურად ხდება მსოფლიოში, ვგულისხმობ დაპირისპირებას ლიბერალ-გლობალისტურ ძალებსა და კონსერვატიულ ძალებს შორის, არამხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში მოახდინა თავისი გავლენა, არამედ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაზე, როგორიც მაგალითად ვენეციის კომისიაა. შეგიძლია შეხვიდე საიტზე და ვენეციის კომისიის წესდებაში წაიკითხო, რა ორგანიზაციაა, რას ემსახურება, რას უნდა აკეთებდეს და შემდეგ შეადარო, რას აკეთებს. მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებზეც [მოახდინა გავლენა], ისეთებზე, რომლებიც მაგალითად სამართლებრივ ექსპერტიზაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომელიც კანონების ენით უნდა ლაპარაკობდეს. ამ ორგანიზაციების პოლიტიზებაც მოხდა. აქ კიდევ ერთი მომენტია - ვის მიმართ არიან ასეთები, პოლიტიკურად უფრო ანგაჟირებულები ან განწყობილები და ვის მიმართ - არა“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.
მისივე თქმით, დასკვნაში სუფთა სამართლებრივ ნაწილს იშვიათად თუ ნახულობს.
„პირდაპირ შემიძლია გიპასუხოთ, ჩემი აზრით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მე სამართლის და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ იმ დონეზე ნამდვილად ვიცი, იგივე იქიდან გამომდინარე, რაც ვიცი სპეციფიკა და რაზე მუშაობს, რა უნდა აკეთოს ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სამართლებრივი მიდგომა, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიდგომები. შიგნით რომ ვკითხულობ, რაც გვეხება ჩვენ, სუფთა სამართლებრივს ძალიან იშვიათად თუ იპოვი“, - დასძინა კოტე ჟღენტმა.
საუბარია დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ კანონი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…