8 სხდომა, 1 საქმე და 5 პოლიტიკური სუბიექტის ბედი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - სხდომები 9 დღეში კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სხდომები 9 დღეში კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდება. „ქართული ოცნების“ სარჩელით, მათ ბრალი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებებსა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში ედებათ.
დემაგოგია და სიცრუის ტირაჟირება, - საკონსტიტუციო სარჩელის ავტორების განცხადებით, ასაკრძალი პარტიების სტრატეგია ტყუილით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. არჩილ გორდულაძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს, დარწმუნებულია, რომ არაკონსტიტუციორობაში დადანაშაულებული პოლიტიკური ძალების ტაქტიკა კითხვა-პასუხის ეტაპზეც უცვლელი დარჩება.
საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. "ქართული ოცნების" სარჩელით, მათ ბრალი არაერთი მიმართულებით ედებათ, მათ შორის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში და უცხოური ძალების მითითებებით ქმედებებში. სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე "ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", "ფედერალისტები", გახარიას პარტია და "ლელო" არიან. სასამართლო სხდომებში, ფედერალისტების გარდა, ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.
პოლიტიკური ბრალდებების ნაცვლად, მოსარჩელე მხარე სამართლებრივ არგუმენტებს ითხოვს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამართული პროცესებითაც დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი გამართული და დასაბუთებულია. მმართველ პარტიაში სხვა სახელმწიფოების ანალოგებზეც საუბრობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა ჯერ შუამდგომლობების წარდგენის, შემდეგ კი ახსნა-განმარტებების ეტაპები გაიარეს.
სხდომები ზუსტად 9 დღეში, მომავალ ორშაბათს, უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…