პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმე: ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, მოწმის ჩანაწერები ადვოკატს გამოატანეს
ლაითურის ციხეში პოლიციის გამოძახების შემდეგ, ადვოკატ დარეჯან სულაშვილს მოწმე გელა ისაშვილის ჩანაწერების გატანის უფლება მისცეს. მსჯავრდებული გიორგი დავითაძე რუსთავის ციხის ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

ადვოკატის მიერ ლაითურის ციხეში პოლიციის გამოძახებისა და ფაქტით ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ, დარეჯან სულაშვილს მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერების ციხეთა სისტემიდან გატანის უფლება მისცეს.
ინფორმაციას Facebook live-ში მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის დედა ადასტურებს.
არ ვიცი, რისი დამსახურებით, ან როგორ მოხდა ასეთი რამ, მაგრამ იკადრეს და დაკითხვის ოქმი გამოატანეს დარეჯან [სულაშვილს]. მან გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა, მე ლაივში ჩავერთე, ტელევიზიებსაც მივმართე - მოხდა საოცრება. ადგილხზეა პატრულიც"- აცხადებს ირმა დავითაძემ.
ცნობისთვის, ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა - საუბარია გელა ისაშვილზე.
დარეჯან სულაშვილი მსჯავრდებულთან, შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც იურისტმა "პირველებს" უთხრა, ისაშვილთან გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის უფლებას ციხის თანამშრომლები არ აძლევდნენ.
ამის შემდეგ სულაშვილმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
რა თქვა გელა ისაშვილმა გიორგი დავითაძის საქმეზე?
ციხის თანამშრომლები დადიოდნენ და გიორგი დავითაძეს აგინებდნენ, ხომ მაინც გაგაუპატიურეთო - ჩანაწერი, რომელშიც პატიმარი გელა ისაშვილი მასზე ძალადობაზე საუბრობს, TV პირველმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.
კაცი ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, სცემეს და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.
თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიცრუეა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა პატიმარ გელა ისაშვილზე იძალადეს.
“დეესკალაციის ოთახში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა“, - ამბობს ის.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
რა დაადგინა შაბათის ეთერმა?
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…