El Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
მადრიდში სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა — მომიტინგეები, რომლებიც პრემიერ პედრო სანჩესისა და ტრანსპორტის მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ოსკარ პუენტესა და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მოჰყვა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.
ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა საღამოს, დაახლოებით 21:30 საათზე დაიწყო. პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომლებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. მისი მონაწილეები მთავრობის ხელმძღვანელებისა და ტრანსპორტის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და მათ გადადგომას მოითხოვდნენ.
პროტესტი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასა და ლოს-იებენესს შორის მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მოჰყვა. ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. ტრაგედიის შემდეგ ციფრულ პლატფორმებზე გავრცელდა აქციების მოწოდებები ლოზუნგით „მოვითხოვთ პასუხისმგებლობმა, პასუხი აგონ“.
თავდაპირველად, საღამოს 19:00 და 20:00 საათისთვის დაგეგმილ შეკრებებზე მოქალაქეთა მცირე რაოდენობა მივიდა. თუმცა, დაახლოებით 20:30 საათზე სამინისტროს შენობასთან დემონსტრანტების რაოდენობა გაიზარდა. შეკრებილები საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ და ოსკარ პუენტეს გადადგომას მოითხოვდნენ. მათ შორის ისმოდა შეძახილიც „ოსკარ პუენტე მკვლელია“.
ვითარება თანდათან გამწვავდა და დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის პირდაპირი დაპირისპირება დაიწყო. ქუჩაში მომხდარმა არეულობამ და დაზიანებებმა პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…