ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ვიცით 1990 წლის მრავალპარტიულ არჩევნებზე ახლა, როცა ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიარესპუბლიკური პარტია

ისტორიკოს ირაკლი ირემაძის განცხადებით, 1990 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული იყო, მაშინ როცა დღეს „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით სისტემურ ავტორიტარიზმს ამყარებს, რის ანალოგიასაც საბჭოთა პერიოდშიც კი ძნელად მოვუძებნით.

რა ვიცით 1990 წლის მრავალპარტიულ არჩევნებზე ახლა, როცა ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ
რა ვიცით 1990 წლის მრავალპარტიულ არჩევნებზე ახლა, როცა ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენბათუმელები

ზუსტად 36 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ. დღეს, 28 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს, სადაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს.

როგორი ჩატარდა არჩევნები 1990 წელს და როგორ შექმნა „ოცნებამ“ არნახული პოლიტიკური კრიზისი 36 წლის შემდეგ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ისტორიკოსს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარს, ირაკლი ირემაძეს ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, როგორ მოახერხა საქართველომ ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პირობებში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება და როგორ ახერხებს დემოკრატიული პროცესის უგულებელყოფას დღეს „ოცნების“ ხელისუფლება?

პირველი მრავალპარტიული არჩევნები დანიშნა და გამართა, ფაქტობრივად, კომუნისტურმა ხელისუფლებამ.

1990 წლის 9 აპრილიდან კრიტიკული პროცესები მიდიოდა, იზრდებოდა ზეწოლა იმ ძალებისგან, რომლებსაც მაშინ საბჭოთა ხელისუფლება არაფორმალებს უწოდებდა. ანუ ზეწოლა იყო იმ ახალი პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში უკვე გარდაიქმნენ პოლიტიკურ პარტიებად და გაერთიანებებად, რომ კომუნისტურ პარტიას ჩაეტარებინა არჩევნები იმ პირობით, რა პირობითაც სურდა ეროვნული მოძრაობის მნიშვნელოვან ნაწილს.

თუმცა, ხშირად, როცა ამაზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება, რომ სამწუხაროდ, იმ არჩევნებს საკმაოდ დიდმა ნაწილმა გამოუხადა ბოიკოტი. მათ შორის, იმ პერიოდში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და კიდევ სხვადასხვა, პატარ-პატარა პარტიებმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, რადგან კომუნისტებს არ უცდიათ არც თაღლითობა და არც არჩევნების მოპარვა.

იმ პარტიების მხრიდან უარის თქმის საფუძველი რა იყო?

ე.წ. ეროვნული კონგრესის პარტიების ბოიკოტი ემყარებოდა იმას, რომ არ გვინდა ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ატარებსო, რადგან ჯერ კიდევ მოქმედმა, კომუნისტური პარტიით სრულად დაკომპლექტებულმა უზენაესმა საბჭომ წითელი არმია გამოაცხადა საოკუპაციო ძალად და აღიარა 1921 წლის თებერვალ-მარტის ოკუპაცია.

საინტერესო იყო ის, რომ ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ საარჩევნო კოდექსზე, რომელიც საკმაოდ დემოკრატიული იყო, ცესკოში ყველა პარტიას ჰყავდა წარმომადგენელი და როგორც მახსოვს, 27 -მდე წევრი იყო საბოლოოდ ამ ჯგუფებიდან და ბლოკებიდან შესული პოლიტიკაში.

ფორმალური, პროცედურული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ყველაზე გამართული არჩევნები იყო, რაც ჩაგვიტარებია.

შეიძლება ვთქვათ, რომ იმის შემდეგი არჩევნები ბევრად მანიპულაციური იყო უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ვიდრე კომუნისტების მიერ ჩატარებული 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები.

როგორ ვიცით, ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდაც“ არ იყო ერთპარტიული და კოალიციური იყო, არა?

დიახ, სხვადასხვა ჯგუფი არსებობდა.

ცალკე ბლოკი ჰქონდა რესპუბლიკურ პარტიას და იმ პერიოდის სხვა, პროდასავლურ პარტიებს, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად მოულოდნელი შედეგით დამთავრდა არჩევნები და პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – კომუნისტურმა პარტიამ და ბლოკმა – „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ – გადალახა.

თქვენ ამბობთ, რომ კომუნისტებმაც კი ვერ მოახერხეს მაშინ გაყალბება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს დემოკრატიულად არჩევნების ჩატარების გამოცდილება. როგორ შეიცვალა ეს გამოცდილება წლების შემდეგ და რატომ?

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ყველაზე დემოკრატიული არჩევნები 1990 წელს ჩატარებული არჩევნებია. სხვა შემდეგ არჩევნებზე ყოველთვის არსებობდა კითხვები. განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნებია ძალიან პრობლემური.

ფაქტობრივად, არავინ ცნობს 2024 წლის არჩევნების შედეგებს, მაგრამ 1990 წლის არჩევნებზე არავის არ უთქვამს, რომ რაღაც დიდი მანიპულაცია იყო, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

უფრო მეტიც, თვითონ „მრგვალი მაგიდის“ წევრებიც კი აცხადებდნენ, რომ არც კი წარმოედგინათ, თუ 28 ოქტომბერს ის შედეგი დადგებოდა, რაც დადგა.

ეს იმიტომ მოხდა, რომ კომუნისტურმა პარტიამ უკვე იცოდა ხალხის განწყობა და ამიტომ ვერ გაბედა გაყალბება, თუ რა ფაქტორებმა მოახდინა ამაზე გავლენა?

ალბათ უფრო შინაარსმა პარტიის, რომელიც მთლიანად დაცლილი იყო ნაციონალისტური განწყობებისგან. 9 აპრილის შემდეგ, ფაქტობრივად, მათ სიაში იყვნენ ბოლო ჟამის კომუნისტები და მიუხედავად იმისა, რომ სია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, მაშინდელი ინტელიგენციისა თუ ინტელექტუალების მთელი კასკადით და სასულიერო პირიც კი იყო ამ სიაში, ხალხისთვის ეს მაინც აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა, რადგან კომუნისტური პარტია აღარ იყო მათთვის იდეური პარტია.

36 წლის შემდეგ, ამდენი გამოცდილების გათვალისწინებით, როცა სახელმწიფო უნდა იყოს მომწიფებული და შემდგარი, „ოცნება“ ქვეყანას აბრუნებს სადღაც წარსულში, მაგრამ რომელ წარსულში, არც ეს ჩანს კარგად. 1990 წელიც კი აღარ გვაქვს დღეს დემოკრატიის თვალსაზრისით?

მსგავსი ანალოგიის მოძებნა ძალიან გაჭირდება, რადგან არ ვიცით სად დავბრუნდით და საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაში. პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე მძიმე პერიოდია, სამოქალაქო ომების და 90-იანი წლების შემდეგ.

საკონსტიტუციო სარჩელი რომ მიიღეს, ჰგავს გასული საუკუნის 20 -იან წლებს, მაგრამ მაინც განსხვავებულია, ვფიქრობ, რადგან მაშინაც კი ფორმალურობა იყო დაცული და კომუნისტურმა პარტიამ პირდაპირ არ აკრძალა პარტიები.

მაშინ [საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ] რა თქმა უნდა, ჩეკაში დაამუშავეს, დააშინეს ვიღაცები, რადიატორთან მჯდომი ხალხი, პარტიაში რომ არ იცნობდა არავინ, იგივე სოციალ-დემოკრატებიდან შეკრიბეს ასეთი ადამიანები და მიაღებინეს გადაწყვეტილება – „ჩვენ თვითონვე ვიშლებით“.

როგორც მახსოვს, თვითონ იკრიბებოდნენ ე.წ. ყოფილი მენშევიკები, ყოფილი დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები, ქმნიდნენ კონფერენციებს და იქ აცხადებდნენ, რომ აი, ჩვენ აქამდე ვეწეოდით ანტისაბჭოთა, ანტიეროვნულ საქმიანობას, დღეიდან გამოვსწორდებით და კარგი ბიჭები და გოგოები ვიქნებით და შევწყვეტთ ჩვენს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

მაშინაც კი კანონის დონეზე პარტიების აკრძალვა ითვლებოდა ცუდ ტონად?

კომუნისტებს ძალიან უყვარდათ ბიუროკრატიული გამართულობა და ეს 1936-1937 წლებში გამოჩნდა, რადგან ძალიან ბევრი ჩვენი წინაპრის ფოტო დახვრეტის წინ არის გადაღებული.

მე, მაგალითად, ჩემი წინაპრების ლამის მთელი ოჯახების აღწერილობა მაქვს წაკითხული იმ პერიოდის საბუთებში, რადგან თვლიდნენ, რომ რეპრესიების დროს ბიუროკრატია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, ფურცელზე უნდა ყოფილიყო რის საფუძველზე იყო დახვრეტილი ადამიანი, თუნდაც აბსურდის საფუძველზე.

1924 წელს იყო, როცა ორჯონიკიძემ ხალხი პირდაპირ ქუჩებში დახვრიტა, მაგრამ სხვა შემთხვევებში ისინი მოითხოვდნენ ძალიან მკაცრად, თუნდაც აბსურდულ, შეიძლება სასაცილო, მაგრამ წესების დაცვას.

„ქართულ ოცნებას“ ამ ბიუროკრატიულ მექანიზმად სასამართლო აქვს ამოჩემებული, მაგრამ აქაც ვხედავთ, რომ რაღაც აბსურდული ტექსტები უწერიათ სარჩელში.

კომუნისტებმა სხვა გზა აირჩიეს – „დავამუშაოთ, დავაშინოთ, სარდაფებში დავამწყვდიოთ და მერე თვითონ გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია“.

იქ მარტო ლიდერების დაპატიმრება არ იყო, რიგით ადამიანებს აპატიმრებდნენ და ეუბნებოდნენ, გამოგიშვებთ, მაგრამ დაშალეთ პარტია.

აქამდე ჩვენ არ გვქონია იმის გამოცდილება, რომ პარტიები აეკრძალა ვინმეს კანონის სახელით, ასეთი პრეცედენტები არ ყოფილა, არავის არ მოსვლია აზრად, პარტიები აეკრძალა.

სხვა ქვეყნებში არის მსგავსი პრეცედენტები, მაგრამ იქ არის ძალიან მკაცრი ჩარჩოები, თუ რის გამო შეიძლება მოხდეს პარტიის აკრძალვა.

ჩვენთან, იურისტების შეფასებები რაც წავიკითხე, სულ არის იმაზე საუბარი, რომ ვერ გავიგეთ რა სტანდარტით და ჩარჩოთი უნდა მოხდეს აკრძალვა. უბრალოდ ასე სურთ და ეს არის.

სხვათა შორის, მსგავსს ვხედავთ ამ შემთხვევაშიც, როცა „ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც კი არ უწოდოს პოლიტიკური პროცესი და სასამართლოზე ხშირად იმეორებენ მოსამართლეები: „ნუ გადაგყავთ საკითხი პოლიტიკურში“, ეს „სამართლებრივი პროცესია“ და ა.შ.. რა არის ეს?

ნებისმიერი ქმედება პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, თუნდაც ეს იყო სასამართლო, პოლიტიკური პროცესია. თუ არ არის ფულის გათეთრება და პირდაპირ კრიმინალური აქტი, ყველა სხვა პროცესი პოლიტიკურია.

როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე მიდიოდეს საუბარი და ეს არ იყოს პოლიტიკური ქმედება?!

ეს არის იმის მცდელობა, რომ ინსტიტუციურ დონეზეც კი აღარ დარჩეს არაფერი. ანუ სისტემურად ამყარებენ ავტორიტარიზმს.

ეს კომუნისტური დიქტატურაც კი აღარ არის, რადგან მათ რეპრესიებს და ხოცვა-ჟლეტების პარალელურად ჰქონდათ სოციალური მხარეც და „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ეს, რადგან რატომ გაუყოს ფულადი რესურსი ვინმეს სხვას.

ამიტომ ეს რაღაც სხვა ტიპის დიქტატურაა. განსხვავებული, მაგრად ბევრგან ნანახიც.

სიმბიოზია ავტორიტარული რეჟიმისა და კრიმინალური ჯგუფების შეერთების. ოღონდ ეს კრიმინალური ჯგუფები არ უნდა გავაიგივოთ იმ კრიმინალურ დაჯგუფებებთან, იარაღის ძალით რომ მოქმედებენ. ეს არის ციფრულ სამყაროში გადატანილი კრიმინალი.

რით ჰგავს ან განსხვავდება „ოცნების“ ავტორიტარიზმი რუსულისგან?

მე არ ვარ რუსეთის ექსპერტი და ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ზოგადი დაკვირვებით რაც იკვეთება, რუსეთში ეს პროცესი 15 წელი გაიწელა, ჩვენთან კი ხდება 2 წელში.

მე მგონია, რომ უფრო მეტად სწავლობენ თურქეთისგან და არა მხოლოდ რუსეთისგან. უბრალოდ თურქეთში, რეპრესიების მიუხედავად, მაინც არსებობენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც კვლავინდებურად ინარჩუნებენ გავლენებს, ჩვენთან კი ოპოზიციურ პარტიებს ასეთი გავლენები არ აქვთ.

სარჩელის ჩანაწერში არის ასეთი რამ, რომ არა მხოლოდ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვა უნდა „ოცნებას“, არამედ ეს შეეხება ყველა იმ პარტიის, რომელიც მომავალში ისე გაძლიერდება, რომ მოიპოვებს გავლენას და ავტორიტეტს საზოგადოებაში. ეს რამდენად წარმოსადგენი ან რეალურია თანამედროვე სამყაროში?

ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოიყენებენ ამ ჩანაწერს მომავალში, მაგრამ ამით რაღაც ახალ პრეცედენტს ქმნიან. თურქეთშიც კი იკრძალება დრო და დრო პარტიები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმამოღლუს [სტამბოლის მერი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია] და სხვა მერების დაკავებამდე, საარჩევნო დემოკრატია მაინც არსებობდა.

ჩვენთან ესეც კვდება.

თითქოს ჰგავს აზერბაიჯანის სისტემას, მაგრამ მაინც განსხვავებულია, რადგან იქ ძალიან დიდ ფულზე, ქარიზმაზე და მოგებულ ომზე დგას ავტორიტარიზმი და ჩვენთან რაზე დგას, ცოტა გაუგებარია, რადგან რეალურად სოციალური ფონი უფრო მძიმეა, არც პიროვნული ქარიზმა არ ჩანს.

ჩემთვის უფრო ტრაგიკულია ის გლობალური ტენდენცია, რაც ზოგადად, ავტორიტარული რეჟიმების და მემარჯვენე პოპულისტების კუთხით ხდება მსოფლიოში, ტრამპის თამადობით.

არის დიდი, გლობალური ზვავი ანტიდემოკრატიული მემარჯვენე რადიკალების, რომლებიც არავითარ პატივს არ სცემენ ინსტიტუტებს და სიძულვილის მობილიზებაზე არიან.

ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამაც“ ამას ძალიან კარგად აუწყო ფეხი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციური28 ოქტომბერი: 36 წელი წელი მრავალპარტიული არჩევნებიდან ოპოზიციის აკრძალვამდე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
36 წლის შემდეგ მივდივართ იქ, საიდანაც ამოგვათრია ზვიად გამსახურდიამ — ნიკა გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები