პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდება” — ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისიახალხის ძალა

ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელი პოლიტიკურია და მასში პარტიების აკრძალვის არცერთი კონსტიტუციური საფუძველი არ არის დასაბუთებული.

“თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდება” — ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან
ნეტგაზეთი

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს ყველა იმ ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე, ვისაც რეიტინგი და ანგარიშგასაწევი გავლენა აქვს საზოგადოებაზე.

როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების დათმობა არასგზით არ უნდა?

ერთ დროს გამორჩეულად დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე და ევროინტეგრაციისკენ მომართული ქართული სახელმწიფო როგორ მოვიდა იმ პოლიტიკურ ვითარებამდე, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით კრძალავს და პოლიტიკურ კონკურენტებს იშორებს?

ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, პოლიტიკოსი, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, ადამიანი, რომელიც თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო, “ნეტგაზეთს” სწორედ ამ თემებზე ესაუბრება და თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას აკეთებს.

“რაც ახლა ხდება საქართველოში, შეფასებისთვის მოგვიწევს საკმაოდ უკან წასვლა, იმიტომ, რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ, რომელიც 1990 წელს ჩატარდა, თითქმის ვერასოდეს ვერ შეძლეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შესაძლო ვერსიებიდან აერჩიათ საუკეთესო ვერსია”, – ასე დაიწყო ხმალაძემ საუბარი.

ნახვა Facebook-ზე

ზვიად გამსახურდიადან მიხეილ სააკაშვილამდე

1990 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინაც რამდენიმე პარტია მონაწილეობდა არჩევნებში, მაგრამ მოხდა მკვეთრი პოლარიზაცია ამომრჩეველთა აზრისა — ერთ მხარეს კომუნისტების მხარდამჭერები და მეორე მხარეს მათი მოწინააღმდეგეები.

კომუნისტების მოწინააღმდეგეებიდან ლომის წილმა მხარი დაუჭირა „მრგვალ მაგიდას“. სხვა პარტიების მხარდამჭერებმაც კი გადაწყვიტეს, რომ თუ არ დავუჭირეთ მხარი „მრგვალ მაგიდას“, შესაძლოა, ისევ კომუნისტები დარჩნენ ხელისუფლებაშიო და გადალაგდნენ მრგვალი მაგიდის მხარეს. როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები, გვახსოვს. ეს არ იყო სახარბიელო განვითარება, ძალიან რბილად თუ ვიტყვით. ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ ამ არჩევნებიდან მოხდა სამხედრო გადატრიალება.

1992-ში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. შევარდნაძის პარტიას არანაირი ტოტალური გამარჯვება არ ჰქონია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თბილისში იყო ორი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი და ორივე წააგო შევარდნაძის მხარდამჭერმა პარტიამ. სხვა ადგილებში გავიდა პირველ ადგილზე, მაგრამ დიდად ვერ უსწრებდა მეორე ადგილზე გასულ პარტიას.

შეიქმნა პარლამენტი, რომელშიც ბევრი პარტია იყო წარმოდგენილი. ქუჩაში არსებული დაპირისპირება გადავიდა ჭერქვეშ.

შეიძლება ბევრი ვერაფერი შეძლო იმ პარლამენტმა, მაგრამ გაფუჭებითაც ბევრის გაფუჭება ვერ შეძლო. ყველაზე კარგი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მოახერხა კონსტიტუციის მიღება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. კონსტიტუციით განმტკიცდა მრავალპარტიულობა, პრინციპები ამ მრავალპარტიულობისა.

მაგრამ დღემდე არ მომწონს, რომ დაკანონდა არჩევნების შერეული სისტემა, ნაწილი პროპორციული და ნაწილი მაჟორიტარული. ამ სისტემას, როგორც წესი, თავის სასარგებლოდ იყენებდა ხოლმე მმართველი პარტია, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო ხელისუფლებაში. მაჟორიტარულ არჩევნებს დიდი უმრავლესობით იგებდნენ ხოლმე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

ნაციონალებიდან მეოცნებეებამდე

2003 წლის ვარდების რევოლუცია და ამ ვითარების შექმნა გამოიწვია არჩევნების დროს დიდმა გაყალბებებმა, როდესაც ამომრჩეველთა ნაწილს შესაძლებლობა არ მიეცა საერთოდ მონაწილეობა მიეღო არჩევნებში; როდესაც შედეგების დათვლისას ძალიან ბევრგან მოხდა ოქმების გაყალბება.

აჭარაში, მგონი, „აღორძინების კავშირის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა აღემატებოდა აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობას — დაახლოებით ეგეთი სურათი იყო. ამან გამოიწვია ვარდების რევოლუცია.

შევარდნაძემ დატოვა ხელისუფლება, დატოვა მშვიდობიანად. არ წავიდა გამწვავებაზე და წავიდა შინ.

ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დიდი უმრავლესობით სააკაშვილმა და შემდეგ აპრილში, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იმ პარტიამ, რომელიც ყველაზე უფრო მძაფრად უპირისპირდებოდა შევარდნაძეს. ეს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად ბლოკში მყოფი პარტიები. იქ იყვნენ რესპუბლიკელები, კონსერვატორები, კიდევ იყო, მე მგონი, ერთი-ორი პარტია. პარლამენტში მიიღეს დიდი უმრავლესობა და დაიწყო სერიოზული გარდაქმნები.

ბევრმა რამ გაკეთდა კარგად და სწორად, მაგრამ თანდათანობით ეს პროცესი წავიდა ავტორიტარული მმართველობისკენ. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა უკვე 2007 წელს, როდესაც სააკაშვილი იძულებული გახდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო.

2008 წლის იანვრის ამ არჩევნების მიმართ, რომელიც ისევ მოიგო სააკაშვილმა, ძალიან სერიოზული პრეტენზიები იყო. უამრავი მონაცემი არსებობდა იმის დასასაბუთებლად, რომ შედეგები იყო გაყალბებული. შესაძლოა, სააკაშვილი გავიდა პირველ ადგილზე იმ არჩევნებში, მაგრამ პირველ ტურში მან არჩევნები ვერ მოიგო და უნდა ყოფილიყო მეორე ტური, მაგრამ გაყალბდა სწორედ იმ მიმართულებით, რომ პირველივე ტურში გამოცხადებულიყო არჩეულად. ამის შემდეგ უკვე დაიწყო მკვეთრი სვლა ავტორიტარიზმისკენ.

ამან გამოიწვია იმდენად სერიოზული უკმაყოფილება საზოგადოებაში, რომ შესაძლებელი გახდა 2012-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი „ქართული ოცნების“ დიდი საარჩევნო ბლოკის მიერ.

„ოცნების“ მმართველობის პირველი წლები

2012 წელი შეიძლება ქცეულიყო გარდამტეხ მოვლენად, რომლის მერეც ქვეყანას შეეძლო განვითარებულიყო უფრო მყარი დემოკრატიის ჩამოყალიბებით და უფრო სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით, მაგრამ…

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შედგებოდა არა ერთი პარტიისაგან, საკუთრივ „ქართული ოცნებისაგან“, არამედ რამდენიმე პარტიისაგან. იქ იყვნენ „თავისუფალი დემოკრატები“, იყვნენ „რესპუბლიკელები“, იყო „ეროვნული ფორუმი“, იყო რამდენიმე წარმომადგენელი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსი“.

საარჩევნო ბლოკის შიგნით ჩნდებოდა ხოლმე დაპირისპირება ერთი მხრივ „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხრივ „რესპუბლიკელებს“, „ეროვნულ ფორუმსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის. არაერთი მცდელობა იყო არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისა, რაც დაიბლოკა. და მიღებული იქნა არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის, ევროპასთან დაახლოებისთვის, რისი მაინცდამაინც დიდი სურვილიც საკუთრივ „ქართულ ოცნებაში“ არ ჩანდა.

მაშინ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ ჯერ ფორმალური, მერე ფაქტობრივი ხელმძღვანელი, ჩვენს მხარეს, შიდა ოპოზიციის მხარეს იჭერდა ხოლმე, რის გამოც ეს საკითხები ვერ წყდებოდა ისე, როგორც საკუთრივ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა.

2016 წელს, უკვე არჩევნების მერე, როდესაც კოალიცია დაიშალა, ვერცერთმა ამ პარტიათაგან, ვერც „თავისუფლებმა დემოკრატებმა“, ვერც „ფორუმმა“, ვერც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი და უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. აი ამის მერე დაიწყო თანდათანობით უკუსვლა.

2020 წლიდან დღემდე — როგორ წაიყვანა „ოცნებამ“ ქვეყანა უკან

მოვიდა 2020 წლის არჩევნები. ამას მოჰყვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. ყველა ცვლილება, რომლებიც შეტანილ იქნა საარჩევნო კანონმდებლობაში, იყო ერთი მიმართულებით — გაძლიერებულიყო მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაზე.

დაიწყო თანდათანობით ნდობის დაკარგვა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ეს არ მომხდარა ერთ დღეში და ორ დღეში. მიზანმიმართულად, სისტემატურად კეთდებოდა ეს. ახლა რა ცვლილებებიც შეაქვთ საარჩევნო კანონმდებლობაში, ამით მის ლეგიტიმურობაზე, მის ნდობაზე ლაპარაკი უბრალოდ უაზრობა ხდება.

დემოკრატიული არჩევნების ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ ისინი იქნენ წარმოდგენილები ხელისუფლებაში, ვინც მათ აირჩიეს; რომ არჩევნები იყო სამართლიანი; რომ არჩევნების დროს არ არის და არ იქნება კარუსელები, მოსყიდვები, ამომრჩეველთა დიდი ჯგუფებისთვის ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა.

ლამის მილიონამდე ემიგრანტი ამომრჩეველი გვყავს, რომლებსაც ფაქტობრივად ჩამოერთვათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. სრულიად წარმოუდგენელია, რომ არჩევნების დღისთვის ეს მილიონამდე, ან თუნდაც 200-300 ათასმა ამომრჩეველმა მიატოვოს თავისი სამსახური, ჩამოვიდნენ საქართველოში, მისცენ ხმა და უკან დაბრუნდნენ. ამის ფიზიკური შესაძლებლობაც კი არ არსებობს. რომელი თვითმფრინავები შეძლებენ ამდენი ამომრჩევლის ერთი დღით ჩამოყვანას?! ამიტომ ასეთი არჩევნების შედეგებისადმი ნდობა უბრალოდ არ იქნება.

ცხადია, ეს ყველაფერი იწვევს პოლიტიკურ დაპირისპირებებს, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდას, ადამიანებში პროტესტს, რაც, ვხედავთ, რომ დიდხანს მიმდინარეობს. შემდეგ ამ პროტესტანტთა ნაწილში, როდესაც ვერ ხედავენ, რომ რაღაცა გაუმჯობესდა, ეს იწვევს ნიჰილიზმს. ადამიანები გადადიან პასიურ მდგომარეობაში. წესიერი არჩევნების შემთხვევაში ყველა ამ ადამიანს საშუალება ექნებოდა არჩევნების დროს გამოეხატა თავისი აზრი, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობაც არ ჩანს.

გაფუჭდა ურთიერთობა დემოკრატიულ დასავლეთთან. სცადა ევროპამ, რომ პოლიტიკური საკითხები მორიგებით გადაწყვეტილიყო. გეხსომებათ შარლ მიშელის მისია. შეთანხმდნენ, მაგრამ მერე „ოცნებამ“ დაარღვია ეგ შეთანხმება.

შეთანხმების შესაძლებლობას ბატონმა კობახიძემ დაუსვა ბოლოს წერტილი, როდესაც გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ვაჩერებთ ევროკავშირთან კონსულტაციებსო. ახლა ლამის ყოველდღე გამოდის და ამბობს, ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებსო. ყველანი ბრმები და ყრუები ვგონივართ? ხომ მშვენივრად შეგვიძლია წაკითხვაც და წაკითხულიდან აზრის გამოტანაც?

როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, რომელსაც წასვლა არ უნდა და ოპოზიციას კრძალავს

ამ ვითარებიდან ძალიან რთული გამოსავალი იქნება. უკითხავთ, რა გზით შეიძლება იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც ხალხს აღარ მოსწონს? ძალიან მარტივი პასუხია. ასეთი გზა არსებობს ორი: ერთი გახლავთ დემოკრატიული გზა — სამართლიანი არჩევნების პირობებში არჩევნებით შეცვლა ხელისუფლებისა და მეორე გახლავთ ხელისუფლების იძულებით დამხობა, ანუ ძალის გამოყენებით დამხობა. სხვათა შორის, იმასაც ვიტყვი, რომ ძალის გამოყენებით დამხობა ყოველთვის არ მიიჩნევა უკანონოდ და არაკონსტიტუციურად.

თუ წაიკითხავთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, იმ კონვენციაში წერია, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მისმა მოქმედებამ იძულებული არ გახადოს თავისი მოქალაქეები, გამოიყენონ ძალა ხელისუფლების შესაცვლელად. კონვენცია პირდაპირ ამბობს, რომ თუ ხალხი იყენებს ძალას, ამაში დამნაშავე არის ხელისუფლება, რადგან ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი იმისა, რომ ვითარება დააწყნაროს, ხალხი დაამშვიდოს და ასე განვითარდეს.

დაპირისპირების შემთხვევაში ქვეყანაში ყველაფერი მიდის უარესობისკენ.

მაგრამ როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის. მიუხედავად დრაკონული ცვლილებებისა, რომლებიც მათ კანონმდებლობაში შეიტანეს, მთელ რიგ სფეროებში, განსაკუთრებით მოქალაქეებთან მიმართებით… გინდა გრანტების კანონი ავიღოთ, გინდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი ავიღოთ, გინდა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ავიღოთ და კიდევ არაერთი კანონის დასახელება შემიძლია… მიუხედავად ამისა, იმდენად ეშინიათ, რომ ახლა საარჩევნო კოდექსში შეაქვთ ცვლილებები, რომლითაც საოლქო კომისიებს წაერთმევათ საუბნო კომისიების მიერ დადგენილი შედეგების შეჯამების უფლება და პირდაპირ ექნება ეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პრაქტიკულად უქმდება გასაჩივრების უფლება. ეს პირდაპირ არაკონსტიტუციურია. ეს არის ამ შიშის შედეგი.

ამ შიშისავე შედეგია, რაც ახლა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში.

აი, დაუკვირდით, რა მოხდა: საკანონმდებლო ცვლილებებით თანდათანობით განტკიცდა ავტორიტარული თუ ლამის დიქტატურამდე მისული ხელისუფლება. მაგრამ ფიქრობენ: მაინც რომ მოიგოს ოპოზიციამ, ოპოზიციურმა პარტიებმა?! აი, იმდენად დიდი რომ აღმოჩნდეს უკმაყოფილება (რაც სავსებით ბუნებრივი იქნება ამ პირობებში), ადრე ვინც ჩვენც გვიჭერდა მხარს, იმათაც რომ არ მოგვცენ ხმა? იმდენად დიდი რომ აღმოსჩნდეს სხვაობა, გაყალბებებითაც კი ვერ შევძლოთ უმრავლესობის მოპოვება? ამისგანაც თავი უნდა დავიზღვიოთ, ამიტომ მოდით გავაუქმოთ ყველა ის პარტია, რომელსაც დღეს აქვს მეტ-ნაკლები მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან! და დაიწყო აი ეს პროცესი.

პარტიების აკრძალვის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში

ეს არ გახლავთ სამართლებრივი პროცესი. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი.

მე ყურადღებით წავიკითხე სარჩელი [ოპოზიციის აკრძალვაზე], რომელიც რამდენჯერ შეიტანეს. შეიტანეს, გამოიტანეს, შეიტანეს, გამოიტანეს. ახლა საბოლოოდ უკვე დაიწყო განხილვა. მე ამ სარჩელში ვერ ვნახე ვერცერთი იმ საფუძვლის დასაბუთება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია აიკრძალოს პოლიტიკური პარტია.

ეს საფუძვლები კონსტიტუციაშია პირდაპირ ჩამოთვლილი. ამისთვის რაიმეს დამატება უბრალოდ იქნება პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციისა. რაც კონსტიტუციაშია ჩამოთვლილი, ვერცერთი ასეთი შემთხვევის დასაბუთება მე სარჩელში ვერ ვნახე.

ჟონგლიორობა რაღაც მოვლენებით, მოქმედებებით… ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნიდან ამოგლეჯილია ერთი ფრაზა, რომლითაც კომისია ამბობს, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. მაგრამ არც მანამდე ნათქვამი, არც მის მერე დაწერილი არაფერი უხსენებია „ქართულ ოცნებას“. არადა საბოლოო დასკვნა იქ ისეთია, რომ რუსეთია დამნაშავე იმ აგრესიაში, რომელიც საბოლოოდ გადაიზარდა ოკუპაციაში და ამ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაში. „ოცნებისთვის“ ეს თურმე ყოფილა საქართველოს ბრალი. მერე აქედან გადადიან იმაზე, რომ ეს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი. ეს არის არასამართლებრივი მოქმედება.

ხელისუფლების ქმედებაზე პასუხს აგებს თავად ეს ხელისუფლება. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს პოლიტიკური, როდესაც ამომრჩეველი ხელისუფლებაში მყოფ, უმრავლესობაში მყოფ ძალას აღარ ირჩევს და ართმევს მას ამ ხელისუფლებას და შეიძლება იყოს სამართლებრივი, როდესაც ამ ხელისუფლების ზოგიერთ თანამდებობის პირს, თუ მათ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსი და ჩაიდინეს დანაშაული, ასამართლებენ. ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება ავტომატურად არ ნიშნავს იმ პარტიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომელსაც ამ ხელისუფლებაში უკავია წამყვანი პოზიცია.

კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ ისეთი პარტია, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. დაუკვირდით: პარტია უნდა აცხადებდეს, რომ ეს მისი მიზანია. და მეორე საკითხი — საუბარია წყობილების დამხობა და არა მთავრობის დამხობა. ეს ორი სხვადასხვა რამეა.

რა ელის ქვეყანას ცვლილებების გარეშე?

არჩევნებში ყოველთვის ვიღაც იმარჯვებს და ვიღაც მარცხდება. გამარჯვებულმა არ უნდა დაიწყოს დამარცხებულის… როგორ უყვართ ზოგიერთ მაღალი რანგის წარმომადგენელს თქმა? — მიჯირყვნა. პირიქით, უნდა შეეცადოს, რომ ითანამშრომლოს მასთან.

ოპოზიციის გარეშე ვერცერთ ქვეყანაში დემოკრატია ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მიდრეკილება თავისი ძალაუფლების გაფართოებისკენ და თუ არ იქნა „მოდარაჯე ძაღლი“, რომელიც ამის მცდელობისთანავე ატეხავს ყეფას, რომ „ფრთხილად იყავით, ხალხო! მიაქციეთ ყურადღება, რისი გაკეთება უნდათ ამათ!“ ეგრე ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება.

ვგულისხმობ კლასიკურ ოპოზიციას და არა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ ფსევდოოპოზიციას, როგორიც არის მაგალითად, ეს „ხალხის ძალა“.

აი ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, მიუხედავად ამ სარჩელის სისუსტისა, ნაკლოვანებისა და დაუმტკიცებლობისა, აკრძალა ეს პოლიტიკური პარტიები. რა მოხდება?

ჰგონია ქართულ ოცნებას, რომ ამ პარტიების აკრძალვით თავის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს? არა, ბატონებო. რა, არ არსებობდნენ არალეგალურად არსებული პარტიები, თუნდაც კომუნისტების დროს? ვერსად ვერავინ ვერ მოახერხა, ამ პარტიული მრავალფეროვნების აკრძალვა.

კი, არის ერთი ქვეყანა — ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა. მაგრამ საბოლოოდ, იქაც შეიცვლება. საქმე ის არის, როდის მოხდება ეს?

მეტ-ნაკლებად ხომ ვიცნობთ ქართველებს, ვიცით ხასიათი. ფორმალური აკრძალვა ვერ უზრუნველყოფს ფაქტობრივ აკრძალვას.

სამაგიეროდ, გაიზრდება გაღიზიანება. კიდევ უფრო გამწვავდება ურთიერთობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მის მოწინაღმდეგეებს შორის. ამას მოჰყვება საზოგადოებაში განხეთქილება.

უფსკრულამდე მივა.

როდესაც შეიცვლება ვითარება, ნორმალურ მდგომარეობამდე მისვლას დასჭირდება წლები და წლები.

უკვე დაწყებულია ეს პროცესი — ქვეყანა თანდათანობით გადავა იზოლაციის მდგომარეობაში. ვისთანაც მას ექნება მეგობრობის და ურთიერთობის საშუალება, რჩება რუსეთი, ბელარუსი და მსგავსი ქვეყნები. თუმცა ჯერჯერობით ისე ვითარდება მოვლენები, რომ ბელარუსიც განუდგება მგონი რუსეთს, აი საქართველო კი დარჩება რუსეთთან ერთად. ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. რადგან რუსეთის ხელისუფლებამ თვითონ რუსეთს არ მოუტანა კარგი არაფერი და ჩვენ რატომ მოგვიტანს რაიმე კარგს?

და ერთ რამეს უნდა მიხვდნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები — მშვიდი ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გაქვს უნარი შენს ოპონენტთან ურთიერთობისა და მასთან თანაცხოვრებისა. რაღაცა უნდა დათმო, რაღაცას შენი ოპონენტი დათმობს. უნდა იფიქრო ქვეყანაზე და არა მარტო საკუთარ თავზე. რადგან, როცა მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, საბოლოო ჯამში ყოველთვის წააგებ.

ზოგი ადამიანი მძაფრად გამოხატავს პროტესტს. მაგალითად, მზია ამაღლობელი — მძაფრად, თუმცა მე ვიტყოდი, სამართლიანად. ეკუთვნოდა იმ კაცს ის სილა. ზვიად რატიანი, მაგალითად — იმ კონკრეტული პოლიციელს მიმართ, ალბათ, არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა. მან გაარტყა ზოგადად პოლიციელს და გაიმეორა მზიას მოქმედება. ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა და ამის გამო წავიდა ციხეში. ვერ ხვდებიან ხელისუფლებაში მყოფები, რომ ამ ადამიანების დაპატიმრებით ვერაფერს მიაღწიეს. ვერ „გამოასწორებენ“ მათ, დარჩებიან პრინციპულ და შეურიგებელ ადამიანებად. მაგალითად, ელენე ხოშტარიაა. რა, ციხეში ჩასმის მერე შეიცვალა?! გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგრამ შეხედულებების თვალსაზრისით, “გამოსწორდა?” არა და ვერც გამოასწორებენ. გამოასწორებენ – ბრჭყალებში! ელენეს რისიც სჯეროდა, იმისთვის იბრძოდა. გავიხსენოთ, რატომ გააკეთა მან წარწერა პლაკატზე — გამოუხატა სოლიდარობა გოგონას, რომელიც ასეთი რამის გამო გირაოთია გარეთ. ელენე დააპატიმრეს. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ნებისმიერ პლაკატზე, რაც გინდა წარწერა, ამისთვის შეიძლება ციხეში ჩასვა ადამიანი?! ასეთი რამ ხდებოდა ბოლშევიკების პერიოდში, როდესაც ბელადის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა შეიძლება დამთავრებულიყო ციმბირის „ლაგერებით“.

ერთი-ორი წიგნი მაინც არ წაუკითხავთ? არაფერი მოუსმენიათ? კინოფილმები არ უნახავთ? ზოგჯერ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ან ნანახი აქვთ ეს ყველაფერი, წაკითხული აქვთ, მაგრამ სიხარბე იმდენად დიდია მათში, რომ ყველაფერი გადასძლია. ან კი კითხულობენ, კი უყურებენ, მაგრამ იქიდან აზრს ვერ გამოაქვთ. არ ვიცი.

ხელისუფლების მაღალი რანგის პირები ხშირად ქმნიან თავის გარშემო იმ პირთა წრეს, რომლებსაც მართავენ ძალიან მარტივად, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ მათ ბრძანებას. ისინი ამ პირებს ყიდულობენ ან მატერიალურად, ან მათ ჩაადენინებენ ისეთ რამეს, რომლის გამომზევებაც მათ მიაყენებს ზიანს. შესაბამისად, კავზე ყავთ წამოკიდებული. გააჩნია, ვიზე რა მოქმედებს. ვიღაცის ყიდვა საკმარისია ფულით. მისცემ ფულს და სანამ აძლევ, შენია. მეორე კატეგორია არის დაშანტაჟებული და აკეთებს იმას, რასაც მას ავალებენ, იმიტომ, რომ ეშინია რაღაცის.

გავიხსენოთ ეს დაჭერები „ქართული ოცნების“ წრეში რითი იწყებოდა? ჯერ თანამდებობიდან გადაყენებით, შემდეგ დაპატიმრებით. ჯერჯერობით ერთი კაცია გადარჩენილი დაპატიმრებას. ძალიან მოხერხებულია, ეტყობა. მაგრამ სრულებით არ გამიკვირდება თუ დაიჭერენ. და თუ არ დაიჭერენ, მაშინ ბუნებრივია მიჩნდება აზრი, რაღაც ისეთი იცის, იმან რომ ამით აჩერებს თავის დაპატიმრებას.

თუ არ გვინდა, რომ ბოლომდე ჩავიძიროთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და გულსაც უნდა დავეკითხოთ. რადგან დიდხანს თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება უბრალოდ აუტანელი გახდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს 5 პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები