საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება - რა სამართლებრივი არგუმენტებით პასუხობს "ქართული ოცნება" ოპოზიციას
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას სასამართლომ ეთიკური სტანდარტების დაცვა და წესრიგი არაერთხელ შეახსენა მაია კოპალეიშვილსა და ნიკა გვარამიას, ხოლო მოსარჩელე მხარემ ოპოზიციის გამოსვლები საგამოძიებო კომისიაზე თავდასხმად შეაფასა.
ეთიკური სტანდარტების დაცვის ვალდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს იმ ყოფილ მოსამართლეს შეახსენა, რომელიც კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას თავადაც 10 წლის განმავლობაში ახორციელებდა, ქცევის წესებსაც კარგად იცნობს, თუმცა დღეს, გვარამიას პარტიის პოზიციების დასაცავად, ახსნა-განმარტების ეტაპი მაინც მოსარჩელეების პერსონალური კრიტიკით დაიწყო.
10 თეზისი და სასამართლო მიმართვის საათ-ნახევარი მაია კოპალეიშვილმა, ძირითადად, საგამოძიებო კომისიასა და მის დასკვნაზე საუბარს დაუთმო. რამდენიმე დღის წინ დაყენებული შუამდგომლობის მსგავსად, პლენუმისგან დღესაც მოითხოვა დოკუმენტი უდავო მტკიცებულებად არ მიეჩნიათ, პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის საკითხი კი ინდივიდუალურად განეხილათ.
გვარამიას პარტიის მოთხოვნა - საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოტანილი მძიმე ფაქტები სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნიოს - მოსარჩელე მხარისთვის სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. უმრავლესობის დეპუტატებმა მაია კოპალეიშვილს დღეს დარბაზს გარეთაც შეახსენეს, რომ 460-გვერდიანი დოკუმენტი კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და იმ დაზარალებული მოწმეების ჩვენებებს ეფუძნება, რომლებიც, კომისიის ფარგლებში, თავად ჰყვებოდნენ მძიმე დანაშაულების შესახებ.
მაია კოპალეიშვილის კომენტარები კონსტიტუციური სამართალწარმოებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს პლენუმის სხვა წევრებმაც. ყოფილმა მოსამართლემ სასამართლოს შენიშვნა მას შემდეგ მიიღო, რაც ევა გოცირიძის კითხვაზე - იყო თუ არა პარლამენტში შეჭრის მცდელობა სამართლებრივი ტერმინი - თქვა, რომ, მისი აღქმით, სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს სათანადოდ არ იცნობს.
შენიშვნა მიიღეს "ახლების" სხვა წევრებმაც. სხდომის თავმჯდომარემ თენგო თევზაძეს არაერთხელ მიუთითა, რომ გამოსვლა საქმის სამართლებრივ ჩარჩოში მოექცია. გვარამიას თანაგუნდელი ახსნა-განმარტების დროს ირწმუნებოდა, რომ სარჩელი მათი აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს ვერ ასაბუთებს, რის გამოც პლენუმმა ახლების საქმიანობის კონსტიტუციურობა პარტიის მიზნებისა და ქმედებების საფუძველზე უნდა შეაფასოს.
სხდომაზე კამათი მოჰყვა გიგა ლემონჯავას გამოსვლასაც, რომელიც, ძირითადად, საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ რეზოლუციებს დაეთმო - მათ შორის ევროპარლამენტში 8 ოქტომბერს დამტკიცებულ დოკუმენტს, რომელიც, პლენუმის განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელთან კავშირში არ არის. სხდომის თავმჯდომარემ მოპასუხე მხარეს არაერთხელ მიუთითა, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, სასამართლოს ტრიბუნა სამართლებრივი არგუმენტების წარსადგენად გამოეყენებინათ. წესრიგის დარღვევაზე გაფრთხილება მიიღო ნიკა გვარამიამ.
რეზოლუციებზე კამათს მალევე მოჰყვა დავა - სხვადასხვა ქვეყანაში პარტიების აკრძალვის კონკრეტულ მაგალითებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გიგა ლემონჯავამ უკრაინისა და მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დეტალური განხილვა სცადა, სასამართლოსგან მიიღო მითითება, რომ მხოლოდ სადაო საკითხზე ემსჯელა, გვარამიამ კი ისევ - გაფრთხილება წესრიგის დარღვევაზე.
დღის ბოლოს, ახსნა-განმარტებისთვის ტრიბუნა ნიკა გვარამიამ დაიკავა. მასაც, სხვების მსგავსად, არაერთხელ მიუთითეს, რომ სამართლებრივ საკითხზე პოლიტიკურ განცხადებებს სასამართლო არ განიხილავს და არ მიიღებს.
მიზანმიმართული თავდასხმა საგამოძიებო კომისიაზე, დისკრიმინაციული განცხადებები და საზოგადოების შეურაცხყოფის მორიგი მცდელობა - ასე აფასებს მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური განხილვების მე-6 დღეს.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება. სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებით ნიკა გვარამია წარდგება, შემდეგ კი ტრიბუნას "ლელოს" წარმომადგენლები დაიკავებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…