კალაძე ვირეშმაკობას რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძე
ირაკლი აბესაძე კახა კალაძეს რიყის განვითარებაზე „ვირეშმაკობასა“ და ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერიაში 67 761 კვ.მ-ის მშენებლობის დავალება იხილება. კალაძემ გავრცელებულ ცნობებს ტყუილი და ერთდღიანი პიარკამპანია უწოდა.

მინდა გამოვეხმაურო კალაძის ძალიან მოკლევადიან და უჭკუოდ დაგეგმილ ვირეშმაკობას რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ეს ტყუილი და ვირეშმაკობა დასჭირდათ საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, მოსინჯეს რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას რიყის შემდგომ განვითარებაზე. ახლა ჯერჯერობით ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ საჯარო და შინაარსიანი განხილვა იმ სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის, რომლის განხილვაც თბილისის მერიაში დაწყებულია.
პირველ რიგში რას იტყუება და რაში ვირეშმაკობა კალაძე – აცხადებენ, რომ ისინი ჯერ არ იხილავენ სასტუმროს საპროექტო დოკუმენტაციას. დიახ, ამ ეტაპზე შენობა-ნაგებობის პროექტი თბილისის მერიაში არც არის შესული, არც შეიძლება და არც არის საჭირო. ახლა იხილება განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხი. ოფიციალური მოთხოვნა და განცხადება ოფიციალურად არის ატვირთული მერიის ურბანული და ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სწორედ აქედან ჩანს, რომ მესაკუთრე მოითხოვს ტერიტორია ნაცვლად სარეკრეაციო ზონისა, განვითარდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსით და აქვე მითითებულია, რომ სამშენებლო მოცულობად მოთხოვნილია 67 761 კვადრატული მეტრის მშენებლობა. რაც საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში რომ აშენდეს, ნიშნავს, დაახლოებით, 10-სართულიანი შენობა-ნაგებობის განთავსების აუცილებლობას. სწორედ ეს არის ის რეალობა და ფაქტები, რომელსაც თავად თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტაცია ადასტურებს. რაც შეეხება კალაძის მოკლევადიან ტყუილს, მას, როგორც ჩანს, ეს დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ეტაპზე საზოგადოების ჩართულობა და ყურადღება რიყის შემდგომი მავნებლური განვითარებასთან მიმართებით, მოდუნდეს და აღარ იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ირაკლი აბესაძემ 27 ოქტომბერს გაავრცელა.
დოკუმენტაციაში დამკვეთად მითითებულია ომერ ქირაჩი, რომელიც თურქი ბიზნესმენი, „შპს რიყე დომ-ის“ დირექტორია. რიყის დოქები სწორედ ამ შპს-ს საკუთრებაში იყო.
მიწის ფართობი, ჯამში, 14,591 კვ.მ-ია, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად კი მითითებულია – 67,761 კვ.მ. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა არ შეიძლება უფრო დიდი ფართობის იყოს – ეს დეტალი შემდეგ ეტაპზე გაირკვევა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით.
ერთი ფაილის გარდა, სხვა დოკუმენტები ან კვლევა ამ ეტაპზე წარდგენილი არაა.
„ამ ეტაპზე „ინვესტორი“ შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 1-0 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს“, – წერს ირაკლი აბესაძე.
აბესაძის აზრით, „რიყის დოქების“ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან მისი გაერთიანება შეიძლება იყოს.
„მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს „ინვესტორის“ წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა“, – წერს ირაკლი აბესაძე.
მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტომონტაჟიც.
29 ოქტომბერს კალაძე გამოეხმაურა ირაკლი აბესაძის გავრცელებულ ინფორმაციას და ის ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„თქვენ მხარდამჭერებს ატყუებთ. დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. ეგ თქვენ გაზარალებთ. ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს აგიჟებენ და მერე თვითონვე იფუშებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„თქვენ მხარდამჭერებს ატყუებთ. დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. ეგ თქვენ გაზარალებთ. ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს აგიჟებენ და მერე თვითონვე იფუშებიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…