ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ნატა ფერაძეს გერმანიაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინმა უჩივლა

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ ბერლინში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო ფეისბუკ-პოსტთან დაკავშირებით. მოგვიანებით გიორგი ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ ფერაძის წინააღმდეგ გერმანიის შესაბამის უწყებას თავად მიმართა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. საქმეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, რასაც ფერაძის პასუხი მოჰყვა.

ნატა ფერაძეს გერმანიაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინმა უჩივლა
ნატა ფერაძეს გერმანიაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინმა უჩივლარადიო თავისუფლება

რას ამბობს ნატა ფერაძე

ფერაძის თქმით, მან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, ფეისბუკ-პოსტთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ბერლინში სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო.

თავდაპირველად ფერაძეს მომჩივნის ვინაობა არ დაუსახელებია. მან დაწერა, რომ, მისი ვარაუდით, „ბერლინში ჩანერგილია საკმაოდ დიდაუდიტორიიანი ქოცი გარეწარი“.

ფერაძემ ადვოკატის პოზიციაც გაავრცელა, რომელიც, მათ შორის გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე დაყრდნობით, საქმის შეწყვეტას ითხოვს.

სამოქალაქო აქტივისტმა, მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ საქართველო 2024 წლის მაისში დატოვა. ის აცხადებდა, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში მისთვის ბრალის წარდგენისა და პატიმრობის საფრთხე არსებობდა.

რას ამბობს გიორგი ჩუბინიძე

მოგვიანებით გიორგი ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ ფერაძის წინააღმდეგ გერმანიის შესაბამის უწყებას თავად მიმართა.

„რამდენიმე კვირის წინ ნატა ფერაძემ საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი სახელი, ფოტო და პროფილი და ჩემ მიმართ გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ამის შემდეგ მე მივმართე არა ქართულ ხელისუფლებას, მედიას ან პოლიტიკოსებს, არამედ იმ ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტს, სადაც ვცხოვრობ“, - დაწერა ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, თავდაპირველად საკითხის გასაჯაროება არ სურდა, რათა „პირადი სამართლებრივი საკითხი საქართველოში პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილად“ არ ქცეულიყო.

პაპუაშვილის გამოხმაურება

ფერაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი:

„რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა. რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა“.

პაპუაშვილს მოგვიანებით ნატა ფერაძემ უპასუხა:

„დიქტატურა კი არა, დემოკრატიის აკვანში ვარ და ერთი წამი არ ვღელავ. აქაც მურუსიძე და მილდენბერგერი კი არ გამასამართლებენ, თუ საერთოდ მიიღებს სასამართლო განხილვაში. დიახ, ასეა, ნებისმიერს შეუძლია იჩივლოს და მიიღოს სამართლიანი სასამართლო“.

საქართველოში 2026 წლის 1 ივნისიდან საჯაროდ გავრცელებულ შეურაცხმყოფელ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებზე მონიტორინგისა და სამართლებრივი რეაგირების ახალი მექანიზმი ამოქმედდა. ამის გამო არაერთი მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები, დააჯარიმეს, დააპატიმრეს ან მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში შეიქმნა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“. მოქალაქეთა ნაწილი მას „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ უწოდებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, თუ ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ან საქმიანობას უკავშირდება, 1500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდეა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 5-დან 60 დღემდე.

კოდექსის 166-ე მუხლით კი წვრილმან ხულიგნობად მიიჩნევა საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა მსგავსი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს ან მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს. სანქცია 500-დან 3000 ლარამდე ჯარიმა ან 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა. განმეორების შემთხვევაში სანქცია 3000-დან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 5-დან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა.

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, შეურაცხყოფა შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუ შეურაცხყოფა საჯაროდ, შეკრებაზე ან მასალის გავრცელებით არის ჩადენილი, სასჯელი შეიძლება ორ წლამდე პატიმრობაც იყოს. როგორც წესი, დევნა დაზარალებულის განცხადების საფუძველზე იწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.