როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს - ლევან მახაშვილი
ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევ ან ძალადობრივ პროცესებში ილექება. დეპუტატის თქმით, ევროკომისიის ირგვლივ აგორებული სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აუცილებლობას.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღიაობა და გამჭვირვალობა. ნაცვლად სახელმწიფოებზე თავდასხმებისა, ყველა მხარე უნდა ითანამშრომლოს, რათა დაფარული სქემები გაიხსნას და გამოჩნდეს, სად და რა მიზნებით იხარჯება ფინანსები.
"ასეთი ტიპის ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, რატომ არის მნიშვნელოვანი ღიაობა და ანგარიშვალდებულება. ეს კი არ უნდა იყოს ვინმეზე, მით უმეტეს რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის და ბრალდებების გაჟღერების საფუძველი, არამედ პირიქით, მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ყველამ იმისთვის, რომ გახსნან ასეთი დაფარული სქემები, მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა გამოჩნდეს, რეალურად სად მიდის ფული, რაში იხარჯება ფული და თუ რაღაც ისეთში იხარჯება, რაც არ არის კანონის შესაბამისი, ამასაც უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ეს იყო ქართული გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება და, როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, ან ემსახურება სხვადასხვა ტიპის ძალადობრივ პროცესებს," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.
საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.
გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…