„რუსეთი ღვინოს იარაღად იყენებს - ეს ვითარება ნაკლებად მაინტერესებს “ | გია პირადაშვილი „ვინივერიას“ აკრძალვაზე
„ვინივერიას“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი რუსეთის მიერ ქართული ღვინის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი ღვინოს იარაღად იყენებს, თუმცა კომპანიისთვის ეს ბაზარი უინტერესოა და მათი პროდუქცია დასავლეთში გადის.

ღვინის კომპანია „ვინივერიასა“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი რუსეთის მიერ პროდუქციის შეტანის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარი მისთვის საინტერესო არ არის, კომპანიას იქ ექსპორტი წლებია აღარ აქვს და პროდუქცია ძირითადად აშშ-სა და ევროპაში გასდის.
გია პირადაშვილმა განმარტა, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ ჰქონდათ, თუმცა ფასების გამო თანამშრომლობა არ შედგა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი კიდევ სამი ქართული კომპანიის ღვინის იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია ავრცელებს. მისი თქმით, GWS-ის, "შატო მუხრანის" და "ვინივერიას" ექსპორტის აკრძალვა ოფიციალურად უახლოეს მომავალში დადასტურდება.
BMG-ის ინფორმაციით, GWS-ის და „შატო მუხრანის“ ღვინის ექსპორტი ამ დროისთვის შეზღუდვის გარეშე ხორციელდება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ორი კომპანია ერთი ჯგუფის შემადგენლობაშია და მათ "მარუსია ბევერიჯის ჯორჯია" ფლობს.
„დაახლოებით 3-4 წლის წინ ვიმუშავეთ ამ პროექტზე. დიდი, სტაბილური კომპანია იყო და გვინდოდა თანამშრომლობა, თუმცა მერე გვითხრეს, თქვენი ღვინოები ძვირიაო. ჩვენც ვუთხარით - 'კარგად ბრძანდებოდეთ' და მაგით მოვრჩით ურთიერთობას", - აცხადებს გია პირადაშვილი და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რუსეთის მიმართულებით ღვინო მცირე პარტიით, შუამავლების დახმარებით, მხოლოდ ორჯერ გაიგზავნა: „შარშანწინ გაყიდეს "შატო მერეს" ღვინო ორჯერ. ეგეც "ვინივერიაა" იქაური საბუთით გაუშვეს ორჯერ - 1 200 ბოთლი ერთხელ და 600 ბოთლი მეორეჯერ. რუსეთი ყოველთვის იყო ისეთი ბაზარი, რომელიც ღვინოს იარაღად იყენებდა. ნაკლებად მაინტერესებს საერთოდ ეგ ვითარება, ყურადღებასაც არ ვაქცევ“.
მეღვინემ აღნიშნა, რომ კომპანია წლიურად დაახლოებით 700 000 – 800 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრები დასავლეთის ქვეყნებია.
„ახლახან ჩამოვედით საფრანგეთიდან. ექსპორტი გვაქვს შეერთებულ შტატებში და ძალიან კარგად ვმუშაობთ. შტატებში დაახლოებით 10-ჯერ მეტს ვყიდით, ვიდრე სხვაგან. ასევე ვყიდით ჰოლანდიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და ავსტრალიაში. ომის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ პროდუქცია უკრაინაშიც გავაგზავნეთ.“
მისი თქმით, რუსეთი ქართულ ღვინოს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, თუმცა ხარისხიან ქართულ პროდუქტს მსოფლიო ბაზარზე თავისი ადგილი უკვე დამკვიდრებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.
რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ქსელებში შეზღუდული პროდუქციის თაროებიდან მოხსნაც დაიწყო.
განახლება: ფიფიამ დღის ბოლოს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც პირვანდელისგან განსხვავებით ამბობს, რომ სანქციები 2 კომპანიას, ვინივერიას და შატო მუხრანს დაუწესდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ GWS-Wine-Company-ის ისევე როგორც შატო მუხრანს ერთი მფლობელი კომპანია ჰყავთ, მარუსია ბევერიჯის ჯორჯია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…