„რუსეთს ღვინოს იარაღად იყენებს - ეს ვითარება ნაკლებად მაინტერესებს “ | გია პირადაშვილი „ვინივერიას“ აკრძალვაზე
რუსეთის მიერ პროდუქციის შესაძლო აკრძალვაზე „ვინივერიას“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი ღვინოს იარაღად იყენებს, ეს ბაზარი მისთვის საინტერესო არაა და კომპანიას ექსპორტი წლებია ძირითადად აშშ-სა და ევროპაში აქვს.

ღვინის კომპანია „ვინივერიასა“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი რუსეთის მიერ პროდუქციის შეტანის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარი მისთვის საინტერესო არ არის, კომპანიას იქ ექსპორტი წლებია აღარ აქვს და პროდუქცია ძირითადად აშშ-სა და ევროპაში გასდის.
გია პირადაშვილმა განმარტა, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ ჰქონდათ, თუმცა ფასების გამო თანამშრომლობა არ შედგა.
დღეს გახდა ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა. ესენია: GWS, „შატო მუხრანი“ და „ვინივერია“
„დაახლოებით 3-4 წლის წინ ვიმუშავეთ ამ პროექტზე. დიდი, სტაბილური კომპანია იყო და გვინდოდა თანამშრომლობა, თუმცა მერე გვითხრეს, თქვენი ღვინოები ძვირიაო. ჩვენც ვუთხარით - 'კარგად ბრძანდებოდეთ' და მაგით მოვრჩით ურთიერთობას", - აცხადებს გია პირადაშვილი და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რუსეთის მიმართულებით ღვინო მცირე პარტიით, შუამავლების დახმარებით, მხოლოდ ორჯერ გაიგზავნა: „შარშანწინ გაყიდეს "შატო მერეს" ღვინო ორჯერ. ეგეც "ვინივერიაა" იქაური საბუთით გაუშვეს ორჯერ - 1 200 ბოთლი ერთხელ და 600 ბოთლი მეორეჯერ. რუსეთი ყოველთვის იყო ისეთი ბაზარი, რომელიც ღვინოს იარაღად იყენებდა. ნაკლებად მაინტერესებს საერთოდ ეგ ვითარება, ყურადღებასაც არ ვაქცევ“.
მეღვინემ აღნიშნა, რომ კომპანია წლიურად დაახლოებით 700 000 – 800 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრები დასავლეთის ქვეყნებია.
„ახლახან ჩამოვედით საფრანგეთიდან. ექსპორტი გვაქვს შეერთებულ შტატებში და ძალიან კარგად ვმუშაობთ. შტატებში დაახლოებით 10-ჯერ მეტს ვყიდით, ვიდრე სხვაგან. ასევე ვყიდით ჰოლანდიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და ავსტრალიაში. ომის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ პროდუქცია უკრაინაშიც გავაგზავნეთ.“
მისი თქმით, რუსეთი ქართულ ღვინოს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, თუმცა ხარისხიან ქართულ პროდუქტს მსოფლიო ბაზარზე თავისი ადგილი უკვე დამკვიდრებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.
რუსული მედიის ცნობით, სავაჭრო ქსელებში შეზღუდული პროდუქციის თაროებიდან მოხსნაც დაიწყო.
ციტატები სტატიიდან
„დაახლოებით 3-4 წლის წინ ვიმუშავეთ ამ პროექტზე. დიდი, სტაბილური კომპანია იყო და გვინდოდა თანამშრომლობა, თუმცა მერე გვითხრეს, თქვენი ღვინოები ძვირიაო. ჩვენც ვუთხარით - 'კარგად ბრძანდებოდეთ' და მაგით მოვრჩით ურთიერთობას“
„შარშანწინ გაყიდეს "შატო მერეს" ღვინო ორჯერ. ეგეც "ვინივერიაა" იქაური საბუთით გაუშვეს ორჯერ - 1 200 ბოთლი ერთხელ და 600 ბოთლი მეორეჯერ. რუსეთი ყოველთვის იყო ისეთი ბაზარი, რომელიც ღვინოს იარაღად იყენებდა. ნაკლებად მაინტერესებს საერთოდ ეგ ვითარება, ყურადღებასაც არ ვაქცევ“
„ახლახან ჩამოვედით საფრანგეთიდან. ექსპორტი გვაქვს შეერთებულ შტატებში და ძალიან კარგად ვმუშაობთ. შტატებში დაახლოებით 10-ჯერ მეტს ვყიდით, ვიდრე სხვაგან. ასევე ვყიდით ჰოლანდიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და ავსტრალიაში. ომის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ პროდუქცია უკრაინაშიც გავაგზავნეთ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…