ეკატერინე მიქაბაძემ "თბილისის ფინანსურ სამიტზე" საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ფინანსურ სამიტზე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვას უნდა დაეთმოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ "თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "საბანკო დიალოგი: საქართველოს საბანკო სექტორი - ლიდერობა, სტრატეგია და გზა 2027 წლისკენ" მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიის მთავარი თემები საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა იყო.
ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს საბანკო სექტორის წარმატების ძირითად ფაქტორებად ძლიერი საზედამხედველო ჩარჩო, ჯანსაღი ფინანსური მაჩვენებლები და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი დაასახელა. მისი შეფასებით, მომდევნო ათწლეულში სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ინოვაციების დანერგვა და რისკების ეფექტიანი მართვა.
პანელზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საბანკო სექტორის რეგიონული გაფართოების შესაძლებლობებსა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული საქმიანობა მოითხოვს ჯგუფის დონეზე რისკების მართვის გაძლიერებას, სხვადასხვა იურისდიქციის მარეგულირებელ მოთხოვნებთან ადაპტაციასა და მდგრადი ბიზნესმოდელების განვითარებას.
დისკუსიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მისი გავლენა საბანკო სექტორზე იყო. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიები ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტიანობა, რისკების მართვა და მომხმარებელთა მომსახურება. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას.
"ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სექტორს ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების, რისკების მართვის გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობიან ინოვაციებს და შევქმნათ ისეთი მარეგულირებელი გარემო, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და მომხმარებელთა ნდობა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკატერინე მიქაბაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა პასუხისმგებლობიანი ინოვაციების ხელშეწყობას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, ფინანსურმა ინსტიტუტებმა ახალი ტექნოლოგიები შესაბამისი მმართველობითი ჩარჩოსა და რისკების მართვის მექანიზმების გათვალისწინებით დანერგონ. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბანკო სექტორთან თანამშრომლობას, ხარისხიანი მონაცემების გამოყენებასა და მარეგულირებელთან დროულ დიალოგს.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი თხელიძე, "სილქ ბანკის" გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი და „ლიბერთის“ ფინანსური დირექტორი, „ბაზისბანკის ჯგუფის“ წარმომადგენელი ვახტანგ ბაბუნაშვილი. დისკუსიის მოდერატორი იყო Global Finance & Technology Network-ის (GFTN) შვილობილი ორგანიზაციის, GFTN Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი მაჰა ელ დიმაჩკი.
"თბილისის ფინანსური სამიტი“ 27-28 ოქტომბერს იმართება და ფინანსური სექტორის, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სამიტის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების, რეგიონული თანამშრომლობისა და ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური საკითხების განხილვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სექტორს ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების, რისკების მართვის გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს. თუმცა, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა დაცვასა და ოპერაციულ მდგრადობას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობიან ინოვაციებს და შევქმნათ ისეთი მარეგულირებელი გარემო, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და მომხმარებელთა ნდობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…