15-ქალას ელიტური მეტოქე
საქართველოს ქალთა მორაგბეთა ნაკრები 30 ნოემბერს პორტუგალიაში ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდი 2027 წლიდან რაგბი ევროპის ალაფაზე იასპარეზებს, სადაც პირველ შეხვედრას 6 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს 15-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბინადარ პორტუგალიასთან ამხანაგურ თამაშს გამართავს. ტესტ-მატჩი 30 ნოემბერს პორტუგალიაში გაიმართება.
პორტუგალიის 15-ქალა ნაკრებმა თავისი პირველი საერთაშორისო მატჩი 1995 წელს გამართა და გერმანიაში მასპინძლებთან 0:50 დამარცხდა. მას შემდეგ გუნდი მთელი 26 წლის განმავლობაში აღარ შეკრებილა და პორტუგალიის 15-ქალა ნაკრები 2021 წელსღა აღდგა. 2022-23 წლებში პორტუგალიელებმა რაგბი ევროპის ალაფის ყველა თამაში მოიგეს და ჩემპიონატში აღზევდნენ და 2025 წელს შვედეთთან გამარჯვებაც იზეიმეს - 38:3.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიელებმა გოგონებმა სამივე თამაში დათმეს - ნიდერლანდებთან 0:59, ესპანეთთან 5:45 და ბელგიასთან 5:15.
საქართველოს 15-ქალა ნაკრები პირველად 2025 წლის გაზაფხულზე შეიკრიბა და ყაზახეთთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა, იმავე წლის შემოდგომიდან კი რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ითამაშა. პირველ ოფიციალურ მატჩში გიორგი მაისურაძის შეგირდებმა რუმინეთი 43:0 დაამარცხეს, წელს თებერვალში კი ხორვატიას 55:5 მოუგეს.
შიდა ჩემპიონატის (7 და 10-ქალა ტურნირები) ორგანიზების შემდეგ, რაგბი ევროპამ საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2027 წლიდან ჩვენი 15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე ითამაშებს, სადაც 6 თებერვალს გერმანიას სტუმრად შეერკინება, 13 და 27 მარტს კი თბილისში შვედეთსა და ფინეთს უმასპინძლებს.
Rugby.ge
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…