სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - რა ისტორიულ მოვლენებს და სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება ხელისუფლების სარჩელი ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.
წამება ციხეებში, ძალადობა ქუჩაში, პარლამენტის შტურმი, არჩევნების შედეგების უარყოფა, მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნაზე, უცხოელი პოლიტიკოსებისგან საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნები - საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, ეს ყველაფერი ერთიანი მოქმედებების ჯაჭვია, რომლის უკანაც საერთო პოლიტიკური მიზანი იკვეთება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო", პარტია "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" - სწორედ ამ 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას ითხოვს პარლამენტის 88 წევრი.
საკონსტიტუციო სარჩელით №1979 დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.
ისტორიული სარჩელი ყველაზე მძიმე ბრალდებით იწყება - ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები 2004–2012 წლებში.
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პენიტენციურ სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა. ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არ არის - სარჩელი ეფუძნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
მოსარჩელეებმა სარჩელში ცალკე შეიტანეს "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" - საქმე, რომელიც ევროპულმა სასამართლომ განიხილა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედებებსა და სახელმწიფოს რეაგირებაზე იმსჯელა. მკვლელობები და ძალადობა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გარდა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას უკავშირდება ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და არაერთი ახალგაზრდის მკვლელობის საქმე.
ეს ყველაფერი მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ის აჩვენებს, რატომ შეიძლება დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხი, თუ პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ სისტემას ქმნიდა - ეს ქმედებები, მოსარჩელეების პოზიციით, დღესაც უნდა შეფასდეს.
ჟურნალისტებზე ზეწოლა, მედიასაშუალებებზე თავდასხმები, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და მათი საქმიანობის ხელშეშლა - სარჩელის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს ფაქტები ცალკეული გადაცდომები კი არა, სისტემური პოლიტიკის ნაწილი იყო და ამიტომ, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს. მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბრუნდა "რუსთავი 2" რეალურ მფლობელს.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა - სარჩელი "ნაციონალურ მოძრაობას" 2004–2012 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საზიანო პოლიტიკის გატარებასაც ედავება.
საკონსტიტუციო სარჩელში ნათქვამია, რომ: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას; რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალად ედება საომარი რიტორიკისა და კონფრონტაციული პოლიტიკის წარმოება;
ასევე, 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული არჩევნების ჩატარება, რასაც სეპარატისტული სტრუქტურების ირიბი ლეგიტიმაცია მოყვა; 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა.
სად მთავრდება პოლიტიკური პროტესტი და სად იწყება ძალადობა - ეს კითხვა ქვეყნის უახლეს ისტორიაში არაერთხელ დაისვა.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენები კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების კიდევ ერთი მაგალითია. ძალადობრივი ქმედებები, დაპირისპირება, დაშავებული მოქალაქეები და სამართალდამცველები - სარჩელი გამყარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნითაც. თავად მოვლენები და მათზე დაწყებული სამართლებრივი პროცესები იმ წარსულის ნაწილია, რომელიც სარჩელის ავტორებს პოზიციის დასასაბუთებლად მოჰყავთ.
2016 წლიდან არჩევნების შედეგების სისტემატური არაღიარება და 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ბოიკოტი, თანდათან იქცა პოლიტიკურ სტრატეგიად, რომელიც არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის არცნობას ემსახურება.
2022 წლის 24 თებერვალი - რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. საქართველოში ოპოზიცია ხელისუფლებასთან ახალ, განსაკუთრებით სახიფათო თემით დაპირისპირებას იწყებს. ოპონენტები მთავრობისგან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ეს მოთხოვნები საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო ესკალაციის რისკს ზრდიდა.
უარის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულად აცხადებს და დასავლეთს მათ დასანქცირებას სთხოვს. იწყება შეხვედრები უცხოელ პოლიტიკოსებთან.
ოპოზიციური პარტიები ქმნიან ხან ე.წ. ქართულ ქარტიას, ხან ალიანსებს, რომლებიც მალევე იშლება. მუშაობენ ევროსტრუქტურებში საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციებზე. იქმნება კოორდინირებული პოლიტიკური სტრატეგია საქართველოს ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის მიზნით. სარჩელში დეტალურადაა აღწერილია, როგორ მოქმედებდა ოპოზიცია გარე ძალების მითითებით.
ოპოზიცია პარლამენტში შესვლას ისევ ქუჩას ამჯობინებს და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას უბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის არაერთი მცდელობისა და სამართალდამცველებთან დაპირისპირების შემდეგ, ტარდება კიდევ ერთი არჩევნები - 2025 წლის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს იწყებს. პროცესი ლიდერებისა და ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ნაწილის დაკავებით სრულდება.
2025 წლის 29 ნოემბრის ღამე - თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის მინას ნიღბიანი მამაკაცი ჩაქუჩით ამტვრევს და ხანძარს აჩენს. თუმცა, ჩანაფიქრს ვერ ახორციელებს - ხელს სასამართლოს მანდატურები უშლიან. ირკვევა, რომ ის ალეკო ელისაშვილია, "ძლიერი საქართველოს" წევრი. ტერორიზმის ეს საქმე სარჩელში ცალკეა გამოყოფილი.
სარჩელი №1979 აღწერს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდებს, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას და ქმნის ერთიან სურათს სურათს, რომელიც მოსარჩელის, "ქართული ოცნების" შეფასებით, პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს აყალიბებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…