ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სარჩელის განხილვა გრძელდება - 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები წარდგენილია

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მოსარჩელე მხარემ ოპოზიცია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობებსა და საბოტაჟში დაადანაშაულა.

5 პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ 88 დეპუტატის ხელმოწერით დადასტურებულ სარჩელზე მოხსენება მომხსენებელმა მოსამართლემ წარადგინა. სწორედ ამ წუთიდან დაიწყო საქმის არსებითი განხილვა და კონსტიტუციური სამართალწარმოების ძირითადი ნაწილი. ვასილ როინიშვილის განმარტებით, პრეცედენტული მნიშვნელობის საქმის განხილვის ფარგლებში მოსარჩელე მხარე ოპოზიციური პარტიების მხრიდან კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის 1 წინადადების დარღვევაზე საუბრობს, რაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებს უკავშირდება. "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებით კი, დამატებით საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე.

მომხსენებელი მოსამართლის შემდეგ, სასამართლოს წინაშე ახსნა-განმარტებით მოსარჩელე მხარე წარდგა. არჩილ გორდულაძემ საკუთარი სიტყვა თავდაცვით დემოკრატიაზე საუბრით დაიწყო და განმარტა, რატომ მიმართა ამ პრინციპს ქვეყანამ, რომელიც უკვე მრავალი წელია მუდმივი საბოტაჟის ქვეშაა და დემოკრატიაზე თავდასხმის სხვადასხვა მცდელობას იგერიებს. მოსარჩელე მხარემ დეტალურად და კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებზე, სტრასბურგში განხილულ და გადაწყვეტილ იმ საქმეებზე, რომლითაც ევროსასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევები სამართლიანად მიიჩნია. ისაუბრა პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების პრეცედენტებზე ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოშიც, სადაც საქართველოსგან განსხვავებით, ევრობიუროკრატიის არცერთი წარმომადგენელი მართლმსაჯულებაში უხეშად არ ჩარეულა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს - მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების დანაშაულებრივ ქმედებებზე საგამოძიებო კომისიის 64 სხდომის ფარგლებში, 139-მა პირმა ისაუბრა, საბოლოო სურათი კი დეპუტატებმა 460 გვერდიან დასკვნაში ასახეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით დადგინდა, რომ მათ შექმნეს პატიმრების წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის სისტემა. ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას, რაც თავის მხრივ სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სარჩელის ავტორები ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2004 წლიდან თანმიმდევრული მოქმედებით ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ომიდან 2 თვეში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია ნომერი 1633.

სარჩელის ავტორების განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან სისტემატური, 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე მიიღო. 2019-25 წლებში მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის არაერთ მცდელობას, მათ შორისაა 2019 წელს პარლამენტის შტურმით აღება, 2020 წელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმა, 2024 წელს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრა თუ 2025 წლის 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი.

კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა სარჩელის ავტორმა ოპოზიციის სტრატეგიაზე საშინაო და საგარეო მიმართულებითაც. ჰქონდათ დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპი - სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. დახმარებას კი საგარეო ველიდან იღებდნენ - მუდმივად ცდილობდნენ უცხოეთიდან დასჯილიყო საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება. გამოეწვიათ მოქალაქეების უკმაყოფილება, რასაც შემდეგ ზეწოლისა და საბოტაჟისთვის გამოიყენებდნენ.

ახსნა-განმარტების უფლებით ოპოზიციიდან პირველად ზაზა ბიბილაშვილმა ისარგებლა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მოსამართლის მკაცრი გაფრთხილება სასამართლოს შეურაცხყოფის გამო, საკუთარი სიტყვის დასაწყისშივე მიიღო, მოგვიანებით გაფრთხილება მიიღო საპროცესო უფლების ბოროტად გამოყენების გამოც. ზაზა ბიბილაშვილს სხდომის თავმჯდომარემ არაერთხელ მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, პლენუმისთვის სამართლებრივი არგუმენტაცია წარედგინა.

არსებითი განხილვის დაწყებამდე, მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება გამოაცხადა გახარიას პარტიის შუამდგომლობაზე. სხდომის თავმჯდომარემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, რომ მოწმეთა დაკითხვისა და სარჩელზე მტკიცებულებების დართვის შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, ხვალ, ისევ ოპოზიციის ახსნა- განმარტებებით გაგრძელდება. ბიბილაშვილის გარდა სიტყვით ისარგებლებენ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები, მათ შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას სხვა ოპოზიციური ძალები დაიკავებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - რა ისტორიულ მოვლენებს და სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება ხელისუფლების სარჩელი ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ
  2. რუსთავი 2სამთავრობორას ეფუძნება საკონსტიტუციო სარჩელი - მომხსენებელმა სასამართლო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერთი საქმე, 7 მოსამართლე და 5 პოლიტიკური სუბიექტის ბედი - საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სარჩელის განხილვას იწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები