საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე - უმრავლესობის არგუმენტები და პოლიტიკური გამოხმაურებები
საპარლამენტო უმრავლესობის 88 დეპუტატის სარჩელით მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოსგან 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვას ითხოვს. 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი საქმის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს.

"კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის" - სწორედ ამ მოტივით მიმართა სახელისუფლებო პარტიამ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს და გამოიყენა კონსტიტუციური უფლება - 88 დეპუტატის ხელმოწერით დადასტურებული სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს შეაფასებინოს, შეესაბამება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" საქმიანობა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოსამართლეთა პლენუმს წარუდგენენ არაერთ მტკიცებულებას, რაც ოპოზიციურ ძალებს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების, ანტიდემოკრატიული გზებით დამხობის არაერთ მცდელობაში, მტრულ საქმიანობასა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში ამხელს.
ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყება, უმრავლესობის თქმით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ახლა სისრულეში მოჰყავთ. მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა. თავად მოსარჩელეები კი დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 5 პოლიტიკური ძალის ანტიკონსტიტუციურობაში სამართლებრივი არგუმენტებით დაარწმუნებენ. წარუდგენენ საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნასაც, რომელიც სისტემურ დანაშაულებზე მიუთითებს.
რჩევაც ძალაშია და მთავარი შეკითხვაც - ვინ დაიცავს საკუთარ პოზიციებს საკონსტიტუციო სასამართლოში? - მსჯელობენ, თუმცა საბოლოო პასუხი არ აქვთ სააკაშვილ-გახარიას პარტიებში.
"ლელო" იურისტების ჯგუფთან ერთად მიდის, მხილებით იმუქრება, მაგრამ მტკიცებულებებზე ისევ არ საუბრობს.
იმუქრებიან დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებმაც დღეს ალიანსის სახელით ერთობის დემონსტრირება კიდევ ერთხელ სცადეს, თუმცა მათი გზები დღესვე ერთ ბრიფინგზე, ისევ ორად გაიყო. გვარამიას "ახლები" დარბაზში, ჩერგოლეიშვილის "ფედერალისტები" კი დარბაზს გარეთ, სასამართლოს შენობასთან იქნებიან.
უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ საკუთარი პოზიციების გამყარებას, ვერც გარეთ და ვერც დარბაზში დარჩენილი ოპოზიცია შეძლებს. მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ 5 პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ოპოზიციური ველი დესტრუქციული ძალებისგან გათავისუფლდება, მათ ადგილს კი ჯანსაღი ოპოზიციური სუბიექტები დაიკავებენ.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბრიდან დაიწყება. სხდომები სამი დღის განმავლობაში გაიმართება, საქმეს კი მოსამართლეთა პლენუმი 7 კაციანი შემადგენლობით განიხილავს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს, სარჩელი კი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ პარტიების აკრძალვის მოთხოვნას 7 მოსამართლიდან 5 ხელს მოაწერს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.