ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციის სამი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში - შუამდგომლობები, გაფრთხილებები და უარყოფილი მოთხოვნები

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის სხდომების პირველი სამი დღე ხმაურის, გაფრთხილებებისა და შუამდგომლობების უარყოფის ფონზე წარიმართა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლეთა აცილების, მიხეილ სააკაშვილის ჩართვისა და პროცესის გადადების მოთხოვნები, რამდენიმე პირს კი დარბაზი დაატოვებინა.

ოქტომბრის ერთ ჩვეულებრივ დღეს არაჩვეულებრივად მისი შინაარსი აქცევს - გზა, რომელიც ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა აირჩია, ქვეყნის უმაღლეს სასამართლომდე მივიდა. ამ შენობაში ოპოზიციის შემოდგომის ბედი უნდა გადაწყდეს. მათი განვლილი პოლიტიკური გზა, გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები - სასამართლოს მსჯელობის საგანი პოლიტიკური პროცესის სამართლებრივი მხარეა.

21 ოქტომბერი - 5 პოლიტიკური ძალის გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი ბათუმი ხდება, თუმცა სტრატეგიული გადაკვეთის წერტილზე ოპოზიცია ვერც ამჯერად შეჯერდა. ნაწილი დარბაზში შევიდა, ნაწილი კი სასამართლოს შენობის გარეთ დარჩა. სანამ გამსახურდიას 8 ნომერთან მიმდინარე მცირე პროცესზე ვისაუბრებთ, დიდი პროცესი გამსახურდიას 8-ში იწყება.

12 საათი და 30 წუთი - 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი საქმე ნომერი 1979-ის განხილვას იწყებს. მოსარჩელე მხარეს 4 დეპუტატი წარადგენს. მოპასუხეს კი დარბაზში 20 წარმომადგენელი შეჰყავს, იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე გარეთ ტოვებს. მოსამართლეს დარბაზში ზოგიერთი მათგანის ძებნაც კი უწევს.

საქმის არსებითი განხილვა იწყება. იწყება ოპოზიციის მხრიდან დაძაბულობაც. მოპასუხე მხარეს სასამართლოს დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნაში არაერთხელ აერია და არაერთხელაც გამოიყენა. ყველაფერი კი ანა წითლიძემ დაიწყო. საერთაშორისო სანქციებით მუქარა, შეურაცხმყოფელი ეპითეტები პლენუმის წევრების მიმართ და "ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლეების აცილებაზე - წითლიძეს სიტყვა ბევრჯერ გაექცა. გაფრთხილებაც სამჯერ მიიღო და შეხსენებაც, რომ პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად შუამდგომლობის დასაბუთება სამართლებრივად უნდა მოხდეს. "ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გაიზიარეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, უარის მიზეზი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობა გახდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში ჩასული ძალის იმედად არ დარჩა და მაშველ რგოლად სააკაშვილი ითხოვა. შუამდგომლობა, რომელიც ისევ ანა წითლიძემ დააყენა, სასამართლო განხილვებში ყოფილი თავმჯდომარეების: სააკაშვილი-ხაბეიშვილის მონაწილეობას ეხებოდა, თუმცა არც ეს დაკმაყოფილდა. სააკაშვილის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვდა ზაზა ბიბილაშვილიც, რომელსაც მოსარჩელე მხარემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეახსენა. სისტემური და სისტემატიური დანაშაულები, წამება, ღირსების შელახვა, ქონების ჩამორთმევა, ფარული მიყურადება და სხვა არაერთი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც ჩაიწერა.

ანა წითლიძე ხატია დეკანოიძემ ჩაანაცვლა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, წესრიგი არაერთხელ დაარღვია, რის შემდეგაც მას დარბაზი, კანონიერად დაატოვებინეს. იქამდე სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს ლევან ცუცქირიძეს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც მოსარჩელე მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთ მტკიცებულებად წარადგინა, დაიწუნა პარტია "ახალმა". ნიკა გვარამიამ მტკიცებულებათა ნუსხიდან 460 გვერდიანი დოკუმენტის ამოღება მოითხოვა. შუამდგომლობა სხვა ოპოზიციონერებმაც გაიზიარეს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღების საფუძველი სასამართლომ ვერ დაინახა - ოპოზიციის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პირველი დღე თითქმის რვა საათს გაგრძელდა. სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი შენობაში შუამდგომლობებს აყენებდა, მეორე ნაწილი შენობასთან აქციას მართავდა, მცირერიცხოვანს და ისიც დღის პირველ ნახევარში. არადა რამდენიმე დღით ადრე მასშტაბურ საზოგადოებრივ პროტესტს აანონსებდნენ, თუმცა რეალობამ სულ სხვა სურათი აჩვენა. კიდევ ერთხელ აჩვენა ისიც, რომ ოპოზიციის წარმოდგენები მხარდამჭერებთან დაკავშირებით რეალობას აცდენილია.

22 ოქტომბერი - დღე მეორე. ისრები 12 საათს აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა გრძელდება. მოპასუხე მხარე ისევ შუამდგომლობებს აყენებს. ავანგარდში ამჯერად ნიკა გვარამიაა, რომელიც პირველ მკაცრ გაფრთხილებას პლენუმის შეურაცხყოფისთვის, პირველივე შუამდგომლობის დაყენებისას იღებს. გვარამია იმ მოწმეების გამოკითხვას ითხოვს, რომელთა სახელები და გვარები არ იცის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შუამდგომლობებს რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ, რაც მოსარჩელე მხარემ პროცესის გაჭიანურების მცდელობად შეაფასა. პოლიტიკური განცხადებები სამართლებრივი გარემოებების ნაცვლად - ასე შეაფასა მოსამართლემ "ლელოს" შუამდგომლობა, რომელიც ადამიანის ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მიღების მიზნით მიმართვას ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციას კონვენციის მე-16 მუხლი განემარტა და ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, "ლელომ" მაშველ რგოლად ამჯერად ვენეციის კომისია მოიშველია და პროცესში სამი ექსპერტის ჩართვა მოითხოვა, თუმცა სასამართლოსთვის დასაბუთება საკმარისი არ აღმოჩნდა - თუ რაში დაეხმარებოდათ მხარეებს უცხოელი ექსპერტები. "ლელომ" შუამდგომლობა სამართლებრივად ვერ დაასაბუთა, არადა ოპოზიცია პროცესის დაწყებამდე კონსულტაციებს იმ უცხოელ დიპლომატებთან მართავდა, რომლებმაც პოლიტიკოსებს მხარდაჭერაც არაერთხელ დაუდასტურეს.

მეორე დღე ისე დასრულდა, როგორც პირველი. ოპოზიციის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, შეხვედრის თარიღად კი 23 ოქტომბერი მოინიშნა.

მესამე დღე ოპოზიციამ ისევ შუამდგომლობებისთვის გამოიყენა. ახალი ინიციატივით ამჯერად გახარიას პარტია გამოვიდა და პროცესის ერთი თვით გადადება მოითხოვა. დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და პროცესის გაჭიანურების მორიგი მცდელობა - 40 წუთიანი თათბირის შემდეგ, გახარიას პარტიამ პლენუმისგან უარი მიიღო.

გახარიას პარტიამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილებაც ითხოვა, ეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ ოპოზიციას არაეთიკურ ქმედებებზე მიუთითა. ირონიული ტონის გამო, ბერდია სიჭინავამ შენიშვნაც მიიღო.

მესამე დღე სამ საათიანი განხილვის შემდეგ იმ დათქმით დასრულდა, რომ პლენუმი, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები, ორშაბათს 2 საათზე ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიკრიბებიან. თუმცა იქამდე, მოსარჩელე მხარემ განვლილი დღე შეაჯამა.

საქმის არსებითი განხილვა მომავალი კვირიდან და მომავალი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო განხილვა პარტიების აკრძალვაზე - როგორ მიმდინარეობდა თითქმის 7 საათიანი სასამართლო პროცესი და ვინ რა შუამდგომლობა დააყენაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები