საკონსტიტუციო განხილვა პარტიების აკრძალვაზე - როგორ მიმდინარეობდა თითქმის 7 საათიანი სასამართლო პროცესი და ვინ რა შუამდგომლობა დააყენა
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმის თითქმის 7-საათიან განხილვაზე მოსამართლეთა პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის მტკიცებულებების გამოკვლევასა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე, არ დააკმაყოფილა.
სხდომის თავმჯდომარის პირველი მკაცრი გაფრთხილება, პირველ შუამდგომლობას მოჰყვა, რომელიც პროცესის დაწყებისთანავე ნიკა გვარამიამ დააყენა, რა დროსაც მან სასამართლოს შეფასებით, პლენუმს შეურაცხყოფაც მიაყენა. პარტია ახალი, პლენუმისგან ითხოვდა საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოეკვლიათ მტკიცებულებები და გამოეკითხათ ის მოწმეები, რომელთა სახელები და გვარები, მოსამართლეების არაერთი დამაზუსტებელი შეკითხვისა და მითითების მიუხედავად, შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასახელა. უფრო მეტიც, თქვა, რომ მათი ვინაობა არ იცოდა. გვარამიას შუამდგომლობა დაუსაბუთებლად ადგილზევე მიიჩნია 7-ვე მოსამართლემ, მოსარჩელე მხარემ კი მას ურჩია საგამოძიებო კომისიის დასკვნას გასცნობოდა.
"ახლების" შუამდგომლობა გაიზიარეს სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმაც და თქვეს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
ოპოზიციის შუამდგომლობა, პროცესის გაჭიანურების მორიგ მცდელობად შეაფასა მოსარჩელე მხარემ. უმრავლესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ მოპასუხეები ცდილობენ სასამართლოს დისკრედიტაციას და საგამოძიებო კომისიის დასკვნის იგნორირებას, რომელშიც მძიმე ფაქტებზე - წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ბიზნესის რეკეტსა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობებზეა საუბარი.
მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში მოპასუხეებმა ვერც სასამართლო დაარწმუნეს. 1 საათიანი თათბირის შემდეგ, პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომის თავმჯდომარემ დასაბუთებაში განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ინკვიზიციის პრინციპის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, თავად შეუძლია მხარეებისგან კონკრეტული მტკიცებულებები გამოითხოვოს.
შუამდგომლობები ჰქონდა ლელოსაც, რომელიც მოსამართლეთა პლენუმისგან ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტიების აკრძალვის საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მიღების მიზნით მიემართა. მოპასუხე მხარის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია სხდომის თავმჯდომარემ და მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, შუამდგომლობა კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებით გაემყარებინათ.
სამართლებრივი ნონსენსი უწოდა მოსარჩელე მხარემ, შუამდგომლობის ავტორების დასაბუთებას. უმრავლესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ სასამართლოს კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენება და მისთვის უნდობლობის გამოცხადება ოპოზიციის პოლიტიკურ მიკერძოებაზე მეტყველებს, შეახსენეს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლებიც და მანიპულაციაში დაადანაშაულეს.
შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის შემდეგ, ოპოზიციას კონვენციის მე-16 მუხლი შეახსენა და განუმარტა ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში- მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზეც ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალში ცხადი პასუხი არ არის.
არ დაკმაყოფილდა "ლელოს" კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვებში ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვას გულისხმობდა. მოპასუხე მხარის ეს მოთხოვნა საეჭვოდ თავად მოსამართლეებმაც მიიჩნიეს. პლენუმმა გიორგი სიორიძეს დამაზუსტებელი შეკითხვა არაერთხელ დაუსვა - იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული უცხოელ ექსპერტებთან, ქართულ სამართალწარმოებაში მონაწილეობის საკითხი.
პასუხი ორაზროვანი და საეჭვო იყო მოსარჩელე მხარისთვისაც. სავარაუდოდ იმის გამო, რომ საკონსტიტუციო განხილვების დაწყებამდე ოპოზიცია კონსულტაციებს თბილისში სწორედ იმ უცხოელ დიპლომატებთან მართავდა, რომლებმაც პოლიტიკურ სუბიექტებს მხარდაჭერა არაერთხელ დაუდასტურეს. სასამართლომ თქვა, რომ შუამდგომლობის ავტორმა, ვერ დაასაბუთა რაში დაეხმარებოდა სასამართლოს ან თავად მოპასუხეს, უცხოელი ექსპერტების ჩართვა.
სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთელი პროცესი ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კონსტიტუციურ სარჩელის განხილვა ხვალიდან ისევ განახლდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…