ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დარჩება თუ არა კანონის მიღმა 5 პოლიტიკური სუბიექტი - საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო: მოსამართლეთა პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კი დარბაზიდან გააძევეს.

5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის საკითხზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა 12:30 საათზე დაიწყო. პირველი შუამდგომლობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა. ანა წითლიძემ პლენუმის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც არაერთხელ გამოიყენა, იყო საერთაშორისო სანქციებით მუქარაც. წითლიძის ქმედებები სხდომის თავმჯდომარემ სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი 3-ჯერ გააფრთხილა, პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, შუამდგომლობა სამართლებრივად დაესაბუთებინა.

მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობა გაიზიარეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, შედარებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა "ლელოს," რომელმაც 3 მოსამართლის - ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის აცილება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ითათბირა და გადაწყვიტა, რომ არცერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

არ დაკმაყოფილდა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელიც ანა წითლიძემ დააყენა, სასამართლო განხილვებში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით. წითლიძე მოსარჩელე მხარემ ტყუილში დარბაზშივე დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი განცხადებები სამართლებრივ საფუძველს ცდება.

მოსარჩელე მხარემ "ნაციონალურ მოძრაობას" სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებიც შეახსენა, რომელშიც ევროსასამართლო ყოფილი ხელისუფლების სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს ადგენს - საუბარია წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ქონების ჩამორთმევაზე, მოქალაქეების ფარულ მიყურადებასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიან დასკვნაშიც არის ჩაწერილი. სწორედ ეს დასკვნა წარუდგინა სარჩელის ავტორმა ზაზა ბიბილაშვილს, რომელიც სააკაშვილის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვდა.

"ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობები, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, სხდომათა დარბაზიდან ხატია დეკანოიძის გაძევებით დასრულდა.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სასამართლოს შეფასებით, წესრიგი არაერთხელ დაარღვია - სხვადასხვა საკითხზე მანიპულირებითა და შუამდგომლობის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით, რის გამოც მას სასამართლო დარბაზი ორგანული კანონის შესაბამისი მუხლის შეხსენების შემდეგ, მანდატურებმა დაატოვებინეს. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, დეკანოიძე საკონსტიტუციო განხილვებს ვეღარ დაესწრება.

სააკაშვილის პარტიის წევრების მხრიდან მოწმეთა გამოკითხვის შესახებ დაყენებული შუამდგომლობების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" მოსარჩელე მხარემ შეახსენა, რომ სარჩელი მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს ეხებათ, რომელთა საქმიანობის ბოლო 22 წელს, საკონსტიტუციო სასამართლო ახლა სამართლებრივ ჭრილში აფასებს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებულებათა ნუსხიდან საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნის ამოღებას ითხოვდა პარტია "ახალი". ნიკა გვარამიას შუამდგომლობა გაიზიარეს სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმაც, რომლებმაც მათი წინამორბედების მსგავსად, მოსამართლის შენიშვნა სამართლებრივი არგუმენტაციის წარმოდგენის შესახებ არაერთხელ მიიღეს. განსხვავებული პრეტენზიები ჰქონდა გახარიას პარტიას, რომელსაც სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მათი კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფასთან და განხილვასთან დაკავშირებით გაგზავნილი შუამდგომლობა.

მოპასუხე მხარის ამ შუამდგომლობას რომ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მოსარჩელეებმა დღეს დეტალურად ახსნეს. უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციას შეახსენეს, რომ კომისიის შექმნა და მისი მტკიცებულებათა ნუსხაში შეტანა არც კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში.

მტკიცებულებათა ნუსხიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღების საფუძველი სასამართლომ ვერ დაინახა, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა. მოსამართლემ ისიც განმარტა, რომ ორივე მხარეს აქვს უფლება წარადგინოს ის მტკიცებულება, რაც მის პოზიციას გაამყარებს.

სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთელი პროცესი ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხვალიდან ისევ განახლდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები