შემოსავლები 42 მილიონით გაიზარდა, თუმცა ბიუჯეტი არა – ვის შეხვდა ფული აჭარაში, „ოცნების“ მთავრობაში
აჭარის მთავრობამ ბიუჯეტში შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 42 მილიონი ლარით გაზარდა, თუმცა საერთო შემოსულობები უცვლელი დარჩა, რადგან ქონების გაყიდვის გეგმა იმავე 42 მილიონით შეამცირეს.

აჭარაში „ოცნების“ მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 42 მილიონი ლარით გაზარდა და 858 მილიონ 795 700 ლარია.
აჭარაში „ოცნების“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ედნარ ნატარიძის განმარტებით, სამინისტრო 9 თვის ფაქტობრივ შესრულებას დაეყრდნო, როცა შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 42 მილიონი ლარით გაზარდა, თუმცა აქ სხვა ამბავიც არის, არანაკლებ მნიშვნელოვანი.
საქმე ისაა, რომ შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის 42 მილიონით გაზრდის მიუხედავად, საერთო ჯამში, შემოსულობები 2026 წლის ბიუჯეტში არ იზრდება. რატომ ხდება ეს? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იგივე თანხით – 42 მილიონი ლარით შეამცირა არაფინანსური აქტივებიდან თანხის ამოღების გეგმა. ანუ ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ ქონებას ვერ ყიდის.
ჩავთვალოთ, რომ გაითვალისწინეს სახელმწიფო აუდიტის ბოლო წლების დაჟინებული რეკომენდაცია, „ნუ ბერავ ხელოვნურად პროგნოზს ბიუჯეტის იმ ნაწილში, რომელსაც ყოველ წელს ვერ ასრულებო“.
უფრო მეტად სავარაუდოა ალბათ ის, რომ თავი აარიდეს წლის ბოლოს 42-მილიონიან გარღვევას შემოსულობების ნაწილში.
კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაგეგმილი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მხოლოდ კი არ შეამცირა არაფინანსური აქტივების 42-მილიონიანი პროგნოზის ამოღებით [ნათელი იყო უკვე რომ ვერ შესრულდებოდა], არამედ ზუსტად იგივე თანხა დაამატა შემოსავლების პროგნოზს და როგორც მინისტრმა თქვა „დააკომპენსირა ამით“.
შეასრულებენ თუ ვერა 42 მილიონით გაზრდილ შემოსავლების ნაწილს, ეს წლის ბოლოს გამოჩნდება.
კიდევ ერთი დეტალი, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ 42 მილიონში, რომელიც საშემოსავლო ნაწილს დაამატეს, 40 მილიონი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელს ემატება, ხოლო 2 მილიონი ლარი „სხვა შემოსავლების“ ნაწილს.
„სხვა შემოსავლებს“ ძირითადად შეადგენს სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით ამოღებული თანხა. მინისტრი ამბობს, რომ ეს პროგნოზი ორი მილიონით 9 თვის ფაქტობრივი შემოსულობების საფუძველზე დაამატეს [შემოსულობებზე „ბათუმელები“ სტატიას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს].
უცვლელი დარჩა გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი და ის 1 მილიარდ 2 მილიონ ლარს შეადგენს. ცალკეული გადასახდელების მოცულობა ეკონომიების ხარჯზე სხვადასხვა პროექტიდან კი 19 მილიონ 296 900 ლარით მცირდება.
იგივე თანხით იზრდება გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა. აქედან ყველაზე მეტი 10 მილიონ 588 100 ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუმატეს, ხოლო 3 მილიონ 969 000 ლარით გაზარდეს სოფლის მეურნეობის პროგრამების ბიუჯეტი.
1 მილიონ 528 800 ლარი შეხვდა აჭარის განათლების სამინისტროს, 300 000 ლარი აჭარის მთავრობის აპარატს, 214 000 თავად ბიუჯეტის ავტორს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 1 მილიონ 019 000 ლარი კულტურის სამინისტროს შეხვდა.
ეკონომიებით გამოთავისუფლებული თანხების გადანაწილებასთან დაკავშირებით აჭარაში „ოცნების“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ედნარ ნატარიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ეს თანხა ზურაბ პატარაძემ „მოქალაქეების მომართვიანობის გათვალისწინებით გადაანაწილა“.
თუ ეს მართლა ასეა, გამოდის, რომ მოქალაქეები თანხების გაზრდას უმეტესად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ითხოვდნენ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული 10 მილიონიდან 8 მილიონი სწორედ ამ პროგრამაში ჩადეს.
1 მილიონ 220 000 ლარი დაამატეს გულის ქირურგიის სამედიცინო მომსახურების პროგრამას და 1 მილიონ 200 000 ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამისთვის გაითვალისწინეს.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსების ზრდა კი ძირითადად ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს – ამ ნაწილში 3 მილიონ 037 300 ლარი ჩადეს. დარჩენილი თანხა საჩითილე მეურნეობას, მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლებას და სატყეო სააგენტოს ორგანიზაციულ მართვას უნდა მოხმარდეს.
აჭარის განათლების სამინისტროს ნამატი თანხიდან თითქმის ნახევარი – 783 9090 ლარი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს, კულტურის სამინისტროს კი მილიონი ლარი სასცენო და სამუსიკო ხელოვნების განვითარებისთვის მისცეს.
ციტატები სტატიიდან
„მოქალაქეების მომართვიანობის გათვალისწინებით გადაანაწილა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…