ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?

ქართული ოცნება

ბათუმში, ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის გაჭიანურებისა და უსაფრთხოების დარღვევების გამო მოსახლეობამ აქცია გამართა. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროცესი სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მოთხოვნილი 90-დღიანი ლაბორატორიული შემოწმების გამო შეჩერდა.

რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?
რატომ ვერ ასრულებს თამარის დასახლებაში ჯებირის მშენებლობას „ოცნების“ დეპუტატის კომპანია?ბათუმელები

21 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა აპროტესტებს მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას.

მოქალაქეების თქმით, ჯებირის მშენებლობა ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

მოქალაქეები საუბრობენ სამშენებლო უსაფრთხოების დარღვევებზეც. მათი თქმით, ნაპირზე არ არის არცერთი გამაფრთხილებელი ნიშნული და არ არის შემოსაზღვრული. კალაპოტი კი იმდენად ღრმად არის გამოთხრილი, რომ მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებს საძირკველი გამოცლილი აქვს.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ყოროლისწყლის ჯებირის მშენებლობაზე ტენდერი მოგებული აქვს წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი წევრის [„ქართული ოცნება“], ჯეირან ომანაძის კომპანიას, შპს „როსტვერკს“. კომპანიის მეპატრონე „ოცნების“ შემწირველიცაა. მაგალითად 2017-2020-2021 წლებში ჯეირან ომანაძეს 120 000 ლარი აქვს შეწირული „ოცნებისთვის“.

ტენდერი და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც აღნიშნულ კომპანიასთან ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2026 წლის 18 ივნისს გააფორმა 4 551 243 ლარზე.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდია მითითებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის კომპანიაზე უკვე გადარიცხულია 217 ათას 384 ლარი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯეირან ომანაძეს და ჰკითხა, რატომ გაჭიანურდა ჯებირის მშენებლობა მდინარე ყოროლისწყალზე და რამდენად არ არის სამშენებლო უსაფრთხოება დაცული დასახლებულ ტერიტორიებთან?

ჯეირან ომანაძის თქმით, „ისინი“, ანუ დამკვეთი „ითხოვს ისეთ რამეს, რომელსაც კონტრაქტორები ვერ შეასრულებენ“.

დეტალების დასაზუსტებლად კი ომანაძემ მისი კომპანიის ქვეკონტრაქტორთან – შპს „ურბან გარდენთან“ გადაგვამისამართა.

კომპანიის წარმომადგენელი, თემურ სახამბერიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამუშაოების შეჩერების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა, რადგან ის არის მათი ზედამხედველი და ყოველ ჩამოსხმულ 200 მეტრზე მდგრადობის ლაბორატორიულ დასკვნას ითხოვენ.

„ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია“ – ამბობს სახამბერიძე.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ჩავდივართ მიწის ქვემოთ სამ მეტროზე, ქვაბულიდან ამოედინება გრუნტის წყალი, რომელსაც ვერ ვაჩერებთ, რომ ჩავასხათ ბეტონი. სამხარაულის ექსპერტიზა კი არ გვაძლევს წყალში ჩასხმის უფლებას.

მართალია, სამშენებლო პროცესებით არ შეიძლება წყალში ჩასხმა. გადაწყვიტოს საპროექტო ინსტიტუტმა და ახალი მონახაზი გააკეთოს, მოგვწეროს წერილობითაც და მერე მოგვცემთ გაგრძელების უფლებასო.

ვიყავით წინა ხუთშაბათს საპროექტოში, დაგვიხაზეს ახალი ნახაზი, ახალი დამატებითი რაღაცები, დღეს ვიყავით მერიაშიც, ჰყავდათ სამხარაულიც მოყვანილი და შევთანხმდით, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდეს და ეს გამოსწორდეს როგორმე. თუმცა ერთი საკითხი გვრჩება ღიად, რომელიც თუ არ მოგვარდა, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“, – ამბობს თემურ სახამბერიძე.

მისი თქმით, პრობლემად დარჩა ბეტონის მარკიანობა.

„იქ მიმითითეს, რომ ბეტონის მარკიანობა უნდა იყოს 200 [ახლა არის 30 მარკა], უნდა იყოს წყალშეუღწევადი, ყინვაგამძლე, რომლის ტესტირებასაც სჭირდება 90 დღე.

მე რომ დღეს ბეტონს ჩავასხამ და აქედან 90 დღე ამის ტესტირებას დაველოდები, ამის საშუალება მე არ მაქვს და არა მგონია სხვა ვინმემაც რომ იმუშაოს.

არ გვიწერენ ხელს მიღება-ჩაბარებაზე და არც თანხას გვირიცხავენ ბოლო ეტაპის, სანამ არ მივიტანთ სამხარაულის დასკვნას მერიაში ბეტონის ყინვაგამძლეობაზე, თან ყოველ ჩასხმაზე, რაც ითხოვს სამ თვეს“, – ამბობს სახამბერიძე.

მოპირდაპირე მხარეს ხომ არის ჯებირი ჩამოსხმული, ამ კომპანიამ როგორ იმუშავა? – ვკითხეთ სახამბერიძეს.

მისი თქმით, ამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სამხარაულის ექსპერტიზა არ გაუვლია. მაშინ როგორ ჩამოასხა ჯებირი, თუ არ აკმაყოფილებდა სტანდარტს? – ისევ ვკითხეთ თემურ სამხარაძეს.

„მათ სხვა ზედამხედველობა ჰყავდათ. ჩვენ არცერთ ზედამხედველობასთან არ გვაქვს პრობლემა. აქვე ჩხუტუნეთში 3 მლნ-ის ტენდერებს ვაკეთებთ და დავასრულეთ. მოვიტანთ ბოლოს ამ დასკვნას-მეთქი და ესენი ითხოვენ თავში და როგორ გავაკეთო? ვერ ვაკეთებ.

ეს უნდა გაკეთდეს ბოლოში. ანუ, მაგალითად კედელი არის 840 მეტრი, მე გაკეთებული მაქვს 780 და თუ ვარ ბოლო სტადიაში, ვამთავრებ და დარჩენილი მაქვს 80 ან 100 მეტრი, მერე დაიდება მიღება-ჩაბარება, რომელიც მიდის ლაბორატორიაში და იქ კეთდება 90-დღიანი დასკვნა, რომ ბეტონი არის ყინვაგამძლე და მერე მაძლევენ ამ ბოლო ეტაპის თანხას. ეს თავშიც არ მაძლევს ფულს და როგორ უნდა ვიმუშაო აბა?“ – ამბობს თემურ სახამბერიძე.

მისი თქმით, კომპანიას ჩატარებული აქვს 400 000 ლარის სამუშაო. „სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა მომიწეროს ხელი, რომ შესაბამისობაშია პროექტთან, მაგრამ არ გვიწერს და როგორც ვთქვი, ითხოვს 90 დღიან გამძლეობის ტესტზე დასკვნას“, – გვეუბნება ის.

მას ასევე ვკითხეთ, იყო თუ არა ეს მოთხოვნები ჩადებული სატენდერო პირობებში და თუ არ იყო, რატომ ითხოვენ ახლა. ან თუ იყო, მაშინ როგორ მოიგო ტენდერი თუკი ამ პირობის შესრულება არ შეეძლოთ? რაზეც კომპანიის წარმომადგენელი გვპასუხობს:

„ძალიან ბევრი ტენდერები გვაქვს მოგებული, ძალიან ბევრი კედლები და გზა გვაქვს ნაკეთები და ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა „როსტვერკი“ საქართველოში და არსად ასეთი მოთხოვნა არ გვქონია.

რომ გვცოდნოდა სამხარაული იყო ზედამხედველობა, საერთოდ არ გამოვიხედავდით აჭარისკენ.

დღეს მერიაში, სამსახურის უფროსმაც გვითხრა, რომ იქნებ შევათანხმოთ როგორმე და ხვალ გეტყვით პასუხსო. თუ არ მოხდა ეს შეთანხმება, ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. საწვავი 5 ლარი გახდა, ათასი პრობლემაა, ეს 400 000 ლარიც არ აგვიღია, ბეტონის და არმატურის ვალი გვაქვს, გაჩერებული ვართ და ასე ვერ გავაგრძელებთ“, – ამბობს თემურ სახამბერიძე.

კომპანიის წარმომადგენელს ვკითხეთ, მდინარეში წყლის შეგუბებაზეც, რაზეც საუბრობდა მოსახლეობა, რომ თუ იქნება ძლიერი წვიმა, შესაძლოა მდინარე იმდენად ადიდდეს, რომ მათი სახლები დაიტბოროს, თუკი არ გაიწმინდება კალაპოტი.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს გამორიცხულია. თუმცა სასურველია, რომ როგორმე გავცდეთ დასახლებულ ადგილს“, – გვეუბნება თემურ სახამბერიძე.

სახამბერიძეს კალაპოტის ასე ღრმად ამოთხრის და სახლებისთვის საძირკვლების გამოცლის მიზეზებზეც ვკითხეთ.

„საპროექტო ორგანიზაცია გვეუბნება ასეთ რამეს, რომ 2024 წელს დავაპროექტეთ ეს ჯებირი და მაშინ იქ, არცერთი სახლი არ არსებობდა. როგორც ჩანს, თვითნებურად აშენებული სახლებია, რადგან მდინარის კალაპოტში, ქვის გაბიონზე სახლის დაშენების უფლებას მათ არავინ არ მისცემდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიასაც და ჰკითხა, რას აპირებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა კომპანიასთან კომუნიკაცია და რატომ არ უხდის მერია კომპანიას თანხებს შესრულებულ სამუშაოსთვის?

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს მოთხოვნით, კომპანია, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს, ამჟამად ატარებს ლაბორატორიულ და ყინვამედეგობაზე კვლევებს.

ასევე, რთული რელიეფიდან გამომდინარე, საინჟინრო გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგებიც უნდა წარუდგინოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სამუშაოების განახლება“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ყინვამედეგობაზე კვლევას ვერ აკეთებს და სამუშაოების დასრულებამდე ვერც გააკეთებს.

რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას, მერიიდან ასეთ კომენტარს გვწერენ, – „როცა ზედამხედველი ჩაიბარებს სამუშაოებს, მერია ჩაურიცხავს თანხას“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს გამორიცხულია. თუმცა სასურველია, რომ როგორმე გავცდეთ დასახლებულ ადგილს“
თემურ სახამბერიძე
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ როცა ჩავდივართ მიწის ქვემოთ სამ მეტროზე, ქვაბულიდან ამოედინება გრუნტის წყალი, რომელსაც ვერ ვაჩერებთ, რომ ჩავასხათ ბეტონი. სამხარაულის ექსპერტიზა კი არ გვაძლევს წყალში ჩასხმის უფლებას. მართალია, სამშენებლო პროცესებით არ შეიძლება წყალში ჩასხმა. გადაწყვიტოს საპროექტო ინსტიტუტმა და ახალი მონახაზი გააკეთოს, მოგვწეროს წერილობითაც და მერე მოგვცემთ გაგრძელების უფლებასო. ვიყავით წინა ხუთშაბათს საპროექტოში, დაგვიხაზეს ახალი ნახაზი, ახალი დამატებითი რაღაცები, დღეს ვიყავით მერიაშიც, ჰყავდათ სამხარაულიც მოყვანილი და შევთანხმდით, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდეს და ეს გამოსწორდეს როგორმე. თუმცა ერთი საკითხი გვრჩება ღიად, რომელიც თუ არ მოგვარდა, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“
თემურ სახამბერიძე
„იქ მიმითითეს, რომ ბეტონის მარკიანობა უნდა იყოს 200 [ახლა არის 30 მარკა], უნდა იყოს წყალშეუღწევადი, ყინვაგამძლე, რომლის ტესტირებასაც სჭირდება 90 დღე. მე რომ დღეს ბეტონს ჩავასხამ და აქედან 90 დღე ამის ტესტირებას დაველოდები, ამის საშუალება მე არ მაქვს და არა მგონია სხვა ვინმემაც რომ იმუშაოს. არ გვიწერენ ხელს მიღება-ჩაბარებაზე და არც თანხას გვირიცხავენ ბოლო ეტაპის, სანამ არ მივიტანთ სამხარაულის დასკვნას მერიაში ბეტონის ყინვაგამძლეობაზე, თან ყოველ ჩასხმაზე, რაც ითხოვს სამ თვეს“
თემურ სახამბერიძე
„მათ სხვა ზედამხედველობა ჰყავდათ. ჩვენ არცერთ ზედამხედველობასთან არ გვაქვს პრობლემა. აქვე ჩხუტუნეთში 3 მლნ-ის ტენდერებს ვაკეთებთ და დავასრულეთ. მოვიტანთ ბოლოს ამ დასკვნას-მეთქი და ესენი ითხოვენ თავში და როგორ გავაკეთო? ვერ ვაკეთებ. ეს უნდა გაკეთდეს ბოლოში. ანუ, მაგალითად კედელი არის 840 მეტრი, მე გაკეთებული მაქვს 780 და თუ ვარ ბოლო სტადიაში, ვამთავრებ და დარჩენილი მაქვს 80 ან 100 მეტრი, მერე დაიდება მიღება-ჩაბარება, რომელიც მიდის ლაბორატორიაში და იქ კეთდება 90-დღიანი დასკვნა, რომ ბეტონი არის ყინვაგამძლე და მერე მაძლევენ ამ ბოლო ეტაპის თანხას. ეს თავშიც არ მაძლევს ფულს და როგორ უნდა ვიმუშაო აბა?“
თემურ სახამბერიძე
„ძალიან ბევრი ტენდერები გვაქვს მოგებული, ძალიან ბევრი კედლები და გზა გვაქვს ნაკეთები და ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა „როსტვერკი“ საქართველოში და არსად ასეთი მოთხოვნა არ გვქონია. რომ გვცოდნოდა სამხარაული იყო ზედამხედველობა, საერთოდ არ გამოვიხედავდით აჭარისკენ. დღეს მერიაში, სამსახურის უფროსმაც გვითხრა, რომ იქნებ შევათანხმოთ როგორმე და ხვალ გეტყვით პასუხსო. თუ არ მოხდა ეს შეთანხმება, ასე ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. საწვავი 5 ლარი გახდა, ათასი პრობლემაა, ეს 400 000 ლარიც არ აგვიღია, ბეტონის და არმატურის ვალი გვაქვს, გაჩერებული ვართ და ასე ვერ გავაგრძელებთ“
თემურ სახამბერიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„ჯებირი ამოთხარეს და გაჩერდნენ. აქ ყოფნა საშიშია“- საპროტესტო აქცია ბათუმშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები