„ჯებირი ამოთხარეს და გაჩერდნენ. აქ ყოფნა საშიშია“- საპროტესტო აქცია ბათუმში
ბათუმში, დადიანის ქუჩის მცხოვრებლებმა მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის გაჭიანურების გამო აქცია გამართეს. ადგილობრივების განცხადებით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, სახლებს საძირკველი გამოეცალა და წვიმების სეზონზე დატბორვის რეალური საფრთხე ემუქრებათ.
დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობა აპროტესტებს მდინარე ყოროლისწყალზე ჯებირის მშენებლობის პროცესის გაჭიანურებას. მოქალაქეების თქმით, ჯებირის მშენებლობა ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ჯებირის მშენებლობის პროცესში არ არის დაცული სამშენებლო უსაფრთხოება, რადგან ნაპირზე არანაირი გამაფრთხილებელი ნიშნულები არ დგას, კალაპოტი კი იმდენად ღრმად არის გამოთხრილი, რომ მდინარესთან ახლოს მდებარე სახლებს, საძირკველი ფაქტობრივად გამოცლილი აქვთ.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხეც, რაც, მათი თქმით, სახიფათოა მათი ოჯახებისთვის.
დადიანის ქუჩაზე არსებული მდგომარეობა ბათუმში
„ამ სანაპიროსთან ახლოს არის დასახლება, ყველა ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვია და რადგან სანაპირო შემოსაზღვრული არ არის, შეიძლება გამოვიდეს ბავშვი და ჩავარდეს თხრილში. ნებისმიერი ადამიანისთვის აქ გადაადგილება არის სახიფათო.
სანაპიროზე ახალი ჯებირის ჩამოსხმა ისე დაიწყეს, მოსახლეობამ არაფერი ვიცოდით, არც პროექტი გვინახავს და არც იმას გვეუბნებიან, რატომ არის შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები. კითხვებს როცა ვსვამთ, მარტო ის გვესმის, – „გვაცადეთ ერთი დღე“ და ამასობაში გავიდა 6 თვე“- ამბობს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ლია ჩხაიძე.
მის თქმით, მდინარე ყოროლისწყალი საშიში მდინარეა, რადგან უცებ იცის ადიდება და ნაპირებიდან გადმოსვლა.
„ახლა რომ დაიწყება შემოდგომის წვიმები და რომ ადიდდეს ეს მდინარე, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არ დავიტბორებით და საფრთხე არ შეექმნება ჩვენს სახლებს? მით უმეტეს, რომ შემოდგომა და გაზაფხული აქ არის კატასტროფა, რადგან არაერთხელ იყო ადიდებული და შედეგს კი ხედავთ. სახლებს აღარ აქვთ საძირკველი“- გვეუბნება ლია ჩხაიძე.
მოქალაქეების თქმით, სულ ცოტა ათი ოჯახი მაინც, საშიშროების ქვეშაა.
„გუშინ გვითხრეს, სამხარაულმა გაგვაჩერა, რადგან წყალს ვერ ვაშრობთ, რომ გავაგრძელოთ სარემონტო სამუშაოები, ჩვენ არ ვიცოდით მდინარე ასე თუ ადიდდებოდაო და მაშინ რას გვინგრევდნენ ამ ჯებირს“ – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ღამე ძილისაც ეშინიათ წვიმის დროს, რადგან მდინარის ადიდების საფრთხე რეალურია.
„კალაპოტი ამოთხარეს და ეს მიწა დაყრილია კალაპოტის შუაში, რის გამოც, წყალი გუბდება, ვეღარ მიედინება თავისუფლად, რაც, ბუნებრივია, საფრთხეა. წყალი რომ ადიდდეს და ვეღარ გავიდეს თავისუფლად, ეს შეგუბებული წყალი შემოგვეჭრება სახლებში. ვითხოვთ, რომ დროულად მიიღონ ზომები და ეს ეს კალაპოტი გაწმინდონ. დროულად დაასრულონ ჯებირის მშენებლობა დაზამთრებამდე“- აცხადებენ დადიანის ქუჩის მაცხოვრებლები.
დადიანის ქუჩა
ჯებირის სამუშაოების გამო სახლს საძირკველი გამოცლილი აქვს.
„ბათუმელებმა“ მოიკვლია ჯებირის ტენდერთან დაკავშირებული მონაცემები, რომლის მიხედვით, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში ტბეთის ქუჩა N60-დან თამარ მეფის გამზირამდე მონაკვეთში ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი 2026 წლის 20 მარტს გამოაცხადა 5 234 053 ლარით.
ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „ერკოს“ მიერ არის შედგენილი. პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს 840 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი რკინაბეტონის კედელი.
მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულ შპს „როსტვერკთან“ კი სამმართველომ ხელშეკრულება 2026 წლის 18 ივნისს გააფორმა 4 551 243 ლარზე.
ამ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს შესრულების ვადა, 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდია. შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის კომპანიაზე უკვე გადარიცხულია 217 ათას 384 ლარი.
„ჩვენ როგორც ვიცით, აქ დასაქმებულ პირებს არ უხდიან ხელფასს დროულად და ეს არის სამშენებლო პროცესების შეფერხების მიზეზიც. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა უწყებამ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად“ – ამბობს მოსახლეობა.
„ბათუმელები“ მერიას და კომპანიას დაუკავშირდება აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის. განახლებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი დადიანის ქუჩიდან:
ციტატები სტატიიდან
„ახლა რომ დაიწყება შემოდგომის წვიმები და რომ ადიდდეს ეს მდინარე, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არ დავიტბორებით და საფრთხე არ შეექმნება ჩვენს სახლებს? მით უმეტეს, რომ შემოდგომა და გაზაფხული აქ არის კატასტროფა, რადგან არაერთხელ იყო ადიდებული და შედეგს კი ხედავთ. სახლებს აღარ აქვთ საძირკველი“
„ამ სანაპიროსთან ახლოს არის დასახლება, ყველა ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვია და რადგან სანაპირო შემოსაზღვრული არ არის, შეიძლება გამოვიდეს ბავშვი და ჩავარდეს თხრილში. ნებისმიერი ადამიანისთვის აქ გადაადგილება არის სახიფათო. სანაპიროზე ახალი ჯებირის ჩამოსხმა ისე დაიწყეს, მოსახლეობამ არაფერი ვიცოდით, არც პროექტი გვინახავს და არც იმას გვეუბნებიან, რატომ არის შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები. კითხვებს როცა ვსვამთ, მარტო ის გვესმის, – „გვაცადეთ ერთი დღე“ და ამასობაში გავიდა 6 თვე“
„გუშინ გვითხრეს, სამხარაულმა გაგვაჩერა, რადგან წყალს ვერ ვაშრობთ, რომ გავაგრძელოთ სარემონტო სამუშაოები, ჩვენ არ ვიცოდით მდინარე ასე თუ ადიდდებოდაო და მაშინ რას გვინგრევდნენ ამ ჯებირს“
„კალაპოტი ამოთხარეს და ეს მიწა დაყრილია კალაპოტის შუაში, რის გამოც, წყალი გუბდება, ვეღარ მიედინება თავისუფლად, რაც, ბუნებრივია, საფრთხეა. წყალი რომ ადიდდეს და ვეღარ გავიდეს თავისუფლად, ეს შეგუბებული წყალი შემოგვეჭრება სახლებში. ვითხოვთ, რომ დროულად მიიღონ ზომები და ეს ეს კალაპოტი გაწმინდონ. დროულად დაასრულონ ჯებირის მშენებლობა დაზამთრებამდე“
„ჩვენ როგორც ვიცით, აქ დასაქმებულ პირებს არ უხდიან ხელფასს დროულად და ეს არის სამშენებლო პროცესების შეფერხების მიზეზიც. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა უწყებამ მოიკვლიოს ეს საკითხი და მიიღოს ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.