Reuters: რუმინეთის სანაპიროსთან გემს დრონი თავს დაესხა - ბუქარესტი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს
რუმინეთის სანაპიროსთან დრონის დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა, რის გამოც ერთი მეზღვაური დაიღუპა და სამი დაიკარგა. რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმების ესკალაციაში დაადანაშაულა.

რუმინეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში, დრონის დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი მეზღვაური კი დაკარგულად ითვლებაб იუწყება Reuters-ი.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმების ესკალაციაში დაადანაშაულა.
რუმინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ გადაბრუნებული გემის კორპუსის მხოლოდ მცირე ნაწილია წყლის ზედაპირზე დარჩენილი. ძლიერი ქარისა და ღელვის მიუხედავად, სამაშველო გემები მიმდებარე აკვატორიაში გადარჩენილებს ეძებდნენ.
რუმინეთის საზღვაო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომორის კუნძულების დროშით მცურავმა გემმა Khoryv-მა დახმარების სიგნალი კონსტანცის პორტიდან დაახლოებით 13 საზღვაო მილის დაშორებით, რუმინეთის ტერიტორიული წყლების მიღმა გადასცა.
გემზე უკრაინისა და აზერბაიჯანის 13 მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა წყლიდან ცხრა მეზღვაური ამოიყვანეს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, სამი კი დაკარგულად ითვლება.
„ეს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის ფარგლებში ესკალაციის პროცესის ნაწილია“, - განუცხადა პრეზიდენტმა დანმა ჟურნალისტებს. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ გემს დრონი დაესხა თავს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნატოს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან სავაჭრო გემებზე თავდასხმები მკვეთრად გახშირდა. Reuters-ის ცნობით, სულ მცირე შვიდი სატვირთო გემი დაზიანდა, დაღუპულ ან დაკარგულ მეზღვაურთა რაოდენობა კი დაახლოებით 30-ს აღწევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის ფარგლებში ესკალაციის პროცესის ნაწილია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…