ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ოქტომბერ-ნოემბრის სანაკრებო ტურნეზე ოთხ შეხვედრას მოემსახურება, მათ შორის მთავარი მსაჯი იქნება იაპონია-ფიჯისა და იტალია-არგენტინის მატჩებზე.

ოქტომბერ-ნოემბერში ნიკა ამაშუკელი ტრადიციულად სანაკრებო ტურნეზე გაემგზავრება და ოთხ შეხვედრას განსჯის.
მისი საშემოდგომო ვოიაჟი 24 ოქტომბერს ტოკიოდან იწყება, სადაც ის იაპონიის რაგბის კავშირის დაარსების 100 წლისადმი მიძღვნილ მატჩში მოედნის მსაჯი იქნება. ამ დღეს, ჩვენი დროით 09:50 საათზე იაპონია ფიჯის შეერკინება.
6 ნოემბრიდან მსოფლიო რაგბის ერთა ჩემპიონატის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სერია იწყება და 32 წლის რეფერი სამ თამაშზეა დანიშნული. 8 ნოემბერს ის ლონდონის „ალიანს სთედიუმზე“, ინგლისისა და ავსტრალიის შეხვედრაში პირველი ასისტენტი იქნება.
ამის შემდეგ ამაშუკელი იტალიაში გადაინაცვლებს და 14 ნოემბერს გენუაში, „სტადიო ლუიჯი ფერარიზე“ იტალიისა და არგენტინის მატჩს განსჯის.
მესამე ტურში ნიკა ინგლისში, „ალიანს არენაზე“ დაბრუნდება და ინგლისი - ახალი ზელანდიის რკენას კვლავ პირველი ასისტენტის სტატუსით მოემსახურება.
27-29 ნოემბერს, ლონდონის „ალიანს სთედიუმზე“, მსოფლიო რაგბის ერთა ჩემპიონატის ფინალური რაუნდი გაიმართება. სამი დღის განმავლობაში (დღეში ორი თამაში), ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდები 2026 წლის საბოლოო პოზიციებს გაარკვევენ. დასკვნითი რაუნდისთვის მსოფლიო რაგბი მსაჯებს 23 ნოემბერს დაამტკიცებს.
ჯამში ერთა ჩემპიონატის ნოემბრის მატჩებს 12 ქვეყნის 41 მსაჯი მოემსახურება.
Rugby.ge
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…