ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
მსოფლიო რაგბმა ნოემბრის მატჩების მსაჯები დაასახელა: ნიკა ამაშუკელის გარდა, საერთაშორისო შეხვედრებზე ქართველი რეფერები საბა აბულაშვილი და საბა მახარაძეც იმუშავებენ, ხოლო საქართველოს ნაკრების თამაშებს უცხოელი მსაჯები გაუძღვებიან.

მსოფლიო რაგბმა ნოემბერში გასამართი ერთა ჩემპიონატების პარალელურად, ერთა თასისა და გასახურებელი მატჩების მსაჯებიც დაასახელა.
უკვე ვწერდით, საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ერთა ჩემპიონატზე, 14 ნოემბერს იტალია - არგენტინის შეხვედრას განსჯის, 8 ნოემბერს ინგლისი - ავსტრალიისა და 21 ნოემბერს ინგლისი - ახალი ზელანდიის მატჩებზე კი, მთავარი მსაჯის პირველი ასისტენტი იქნება.
ის ასევე მთავარი მსაჯი იქნება ხვალ, 24 ოქტომბერს ტოკიოში, სადაც იაპონია ფიჯის ეთამაშება და 6 ნოემბერს ბათში, სადაც ინგლისი ა არგენტინა XV-ს მასპინძლობს.
კიდევ ორი ქართველი მსაჯი - საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე ერთა თასზე იქნებიან წარმოდგენილი. ისინი 6 ნოემბერს ბუქარესტში, „არკულზე“ რუმინეთი - ტონგას მატჩში მთავარი მსაჯის ასისტენტები არიან. ქართველები რუმინეთში დარჩებიან და 14 ნოემბერს რუმინეთი - აშშ-ს შეხვედრაშიც მოედნის მსაჯს დაეხმარებიან.
ნოემბერში ერთა თასის სამ თამაშს გამართავენ ბორჯღალოსნები. 7 ნოემბერს საქართველო „ავჭალაზე” კანადას უმასპინძლებს და მას იტალიელი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება, მოედნის რეფერი კი ჯანლუკა გნეჩი იქნება.
შოტლანდიელი სემ გროვე-ვაითი განსჯის საქართველოსა და ტონგას შეხვედრას, რომელიც 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” შედგება.
21 ნოემბერს საქართველო აშშ-ს უკვე “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ პირველი სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი გუნდების ჯახმა, სწორედ ამ დღეს ერთა თასის საუკეთესო გუნდი გამოავლინოს და აქ რეფერი სამხრეთ აფრიკელი მორნი ფერეირა იქნება.
Rugby.ge
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…