ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმის შესწავლის ეტაპზეა
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს სწავლობენ, თუმცა წარადგენენ თუ არა საკუთარ მოსაზრებას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„საკითხს ვსწავლობთ - რა პოზიცია გვექნება, ჯერ უცნობია“, - ამბობენ სახალხო დამცველის აპარატში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახალხო დამცველის მოადგილეს, თამარ გვარამაძეს და ჰკითხა, კიდევ რა დრო სჭირდება აპარატს საკითხის შესასწავლად მაშინ, როცა სარჩელის ძირითადი ნაწილი რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი.
სამი ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო - ძლიერი საქართველო“; „კოალიცია ცვლილებისთვის“) გაუქმების მოთხოვნით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე კვირაში მიმართა;
2026 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სარჩელს ემატებოდა ოპოზიციური პარტია „ფედერალისტები“;
2026 წლის 14 სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ჩამონათვალში ამატებდნენ პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“;
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაირკვა, რომ საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყებოდა.
„ჩვენთვის ცნობილია ეს საკითხი, მიმდინარეობს ამ საკითხის დამუშავება და თუ მიიღებს სახალხო დამცველი გადაწყვეტილებას, რომ წარადგინოს მოსაზრება, აუცილებლად წარვადგენთ... ნამდვილად არ მაქვს იმაზე პასუხი, ვიდრე გითხარით. ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული“, - თქვა თამარ გვარამაძემ.
რადიო თავისუფლება: „ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ წარადგენთ?“
თამარ გვარამაძე: „ეს არ ნიშნავს, რომ არ წარვადგენთ. ამ ეტაპზე ვერც კის გეუბნებით და ვერც არას“.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ციტატები სტატიიდან
„საკითხს ვსწავლობთ - რა პოზიცია გვექნება, ჯერ უცნობია“
„ჩვენთვის ცნობილია ეს საკითხი, მიმდინარეობს ამ საკითხის დამუშავება და თუ მიიღებს სახალხო დამცველი გადაწყვეტილებას, რომ წარადგინოს მოსაზრება, აუცილებლად წარვადგენთ... ნამდვილად არ მაქვს იმაზე პასუხი, ვიდრე გითხარით. ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული“
„ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ წარადგენთ?“
„ეს არ ნიშნავს, რომ არ წარვადგენთ. ამ ეტაპზე ვერც კის გეუბნებით და ვერც არას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…