საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის მთავრობის ევროპულ საქმეთა სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ევროპულ საქმეთა სექციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ჩეხეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპულ საქმეთა სექციის გენერალური დირექტორის მოადგილე და ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი ონდრეი მატოუშეკი და დირექტორის მოადგილე ივა კოპეჩნა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის მხარეს საქართველოს პოზიცია გააცნეს ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენისა და თანამშრომლობის ფორმატების სრულფასოვანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სხვა აქტუალური საკითხები.
გარდა ამისა, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების მხრივ გამოწვევებს. ქართულმა მხარემ ჩეხეთის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…