ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
სტატია მძიმედ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას ეძღვნება და იხსენებს მის გამორჩეულ მატჩს „ჩელსისთან“, სადაც შეცვლაზე შესულმა ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვაგრძელებთ მძიმედ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას და ამჯერად განმეორებით შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა სათაურით - "ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით". ეს იყო დაპირისპირება, სადაც შეცვლაზე შესულმა "კვარამ" სიდიადე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, დუბლი და საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული მატჩი გადამწყვეტი გამოდგა როგორც ხვიჩასთვის, ისევე პსჟ-სთვის, გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ქართველი ფეხბურთელი კი ტურნირის საუკეთსო გახდა!.. სწორედ ასეთი მენტალური მუშოაბა და რწმენა სჭირდება ახლა "შვიდიანის" სრულფასოვნად დაბრუნებას.
ცოტა ხნის წინ გამოცემულ წიგნს, "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი", ლაიტმოტივად ის გასდევს, რომ დიდი წარმატება, რაც "კვარას" თავსაა, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი ხასიათის თვისების დამსახურებაა. "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ყველაფერს ამას თითქოს ხელით შევეხეთ, იმდენად ახლოს იყო.
შეცვლაზე შესულმა ქართველმა ვარსკვლავმა საკუთარ თავში გაიაზრა, რომ ახლა იქნებ ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მისი ღირებულება დაემტკიცებინა. მანამდე ხვიჩა კადრებში რამდენჯერმე გამოჩნდა და თითქოს ჩაფიქრებული, ცოტა სევდიანი იყო. არადა, მინდორზე სრული კონცენტრაციით, მენტალურად სრულყოფილი შევიდა და ნამდვილი გმირი გახდა.
ხსენებულ წიგნში საუბარი იმაზეცაა, კვარაცხელიამ როგორ ისწავლა რთული სიტუაციებისა და ემოციების სათავისოდ გამოყენება. ახლა ზუსტად ეს ვიგრძენით - მოულოდნელობისგან, წყენისგან, უსიამოვნებისგან თუ კიდევ რისგან, რაც მის სასტარტოში არყოფნას (ლუის ენრიკეს აშკარად რაღაცის დამტკიცება სურდა) შეიძლება უკავშირდებოდა, "შვიდიანმა" რბილი, ბზინვარე და ლამაზი ქმნილება "გამოადნო".
შეუძლებელია(წმინდა ქართულ ანალიზში), "ვეფხისტყაოსანი" და "რასაცა გასცემ შენია" არ გაგახსენდეს. ამ ვითარებაში, როცა თითქოს "კვარას" საკუთარ თავზე ცოტა მეტი უნდა აეღო, დასარტყმელ პოზიციაში პასი გააკეთა და ეს ძალიან მალე დაუფასდა, იმაზე მეტადაც, ვიდრე წარმოიდგენდა.
"არაქართულადაც" ვთქვათ (არ ვიცით, ამას ფრანგები თუ გამოიყენებენ) - იაპონური ანიმე "ნარუტოს" თანახმად, მთავარია, საკუთარ ოცნებებს არ უღალატო, ამ გზაზე რა პრობლემებსაც არ გადააწყდები. ხვიჩა სწორედ ასეთია.
ჩვენი "შვიდიანი" მართლაც ის გმირია, ფილმები და წიგნები მხოლოდ ამ ერთი თამაშის ირგვლივაც რომ შეიძლება შეიქმნას. სასაუბროს და დასაწერს რა ამოწურავს, უბრალოდ წინ კიდევ ბევრია სანახავი!..
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.