ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ-ის“ მომდევნო მატჩებს გამოტოვებს, რის ფონზეც გამოცემა ქართველი ფეხბურთელის გუნდურ როლსა და მის მიერ მოპოვებულ ტიტულებს მიმოიხილავს.

კვირას, 23:45 საათზე, პსჟ "ლიონს" უმასპინძლებს... ჩვენი დღევანდელი წინათქმა (პრევიუ) ასე უნდა იწყებოდეს და შემდეგ გრძელდებოდეს... გვაპატიოს მკითხველმა, დღეს ასე ვერ იქნება. ძალიან გვიჭირს შეგუება, რომ ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ ბევრს გამოტოვებს. სხვა დროს პარიზელების მომავალ მატჩზეც დავწერთ და ქართველ ლეგიონერებსაც დეტალურად შევეხებით, ვიცით, ამას ყოველთვის ელით, მაგრამ ახლა ასე ვერ იქნება.
კიდევ ერთხელ თანადგომა "კვარას" და გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ წლის დასაწყისში, ლუის ენრიკეს გუნდის მიერ საფრანგეთის სუპერთასის მოპოვების შემდეგ დაიწერა - "მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია". მისი არყოფნა მართლაც სიცარიელის განცდას აჩენს და არა მხოლოდ ქართველებისთვის!..
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წელიც (8 იანვარს) ტიტულით დაიწყო და საფრანგეთის სუპერთასი "მარსელის" დამარცხებით (პენალტების სერიაში) აღმართა. ქართველმა ფეხბურთელმა პირველივე წელს ლუის ენრიკეს გუნდთან ერთად მოპოვებულ 5 ტიტულს მეექვსე შემატა.
საფრანგეთს სუპერთასზე ძალიან მებრძოლი კვარაცხელია ვნახეთ, თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე ჩართული, გუნდი გაშვებულ გოლს რომ გადაარჩინა; კვლავ კარგად გამოჩნდა, რა რთულია, ხვიჩა წესების დარღვევის გარეშე შეაჩერო...
გვესმის თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირების მნიშვნელობა, მაგრამ "კვარას" მთავარი სიმდიდრე შეტევაში არაორდინალური გადაწყვეტილებებია, რის გამოც მასთან მხოლოდ ერთ მეურვეს ვერასოდეს ტოვებენ. ქართველ ფეხბურთელს ისეთი ლამაზი ეპიზოდების შექმნა შეუძლია, დაძაბულ მატჩებში ბევრს რომ ვერ ნახავ. მაგალითად, პარალელურად, "არსენალისა" და "ლივერპულის" შეხვედრა სატურნირო მნიშვნელობამ ძალიან ჩაკეტილი და უინტერესო გახადა.
"მარსელთან" ამ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ ისიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს ყოველთვის რომ იმჩნევს და ეს მიუხედავად იმისა, მსგავსი მასთან მიმართებაში ხდება თუ არა. არ გვინდა, ვაზიადებდეთ ან ზედმეტი გვეჩვენებოდეს, მაგრამ ხანდახან მართლა ასეთი განცხდა რჩება, ჩვენებურს უკეთეს შემთხვევაში გვიან თუ იმჩნევენ.
"კვარა" - ყველაფერი იტალიური ტრიუმფით დაიწყო, საფრანგეთში კი გაგრძელდა და გაგრძელდა. წარმატებების სურვილი კვლავ უდიდესია, ხვიჩა ხომ, როგორც ლუის ენრიკემ უწოდა, მენტალური მონსტრია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…