ზელენსკი ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგებზე: ამერიკის წინადადებებს უკრაინის სრული მხარდაჭერა აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა სრულ მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ, ხოლო მოსკოვმა სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე თანხმობა გამოთქვა.

21 ოქტომბერს საღამოს, კიევისკენ მგზავრობისას, ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიას ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია ონლაინ ფორმატში გაუზიარა:
"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიელ პარტნიორებსა და ჩვენს ფინელ მეგობრებს: იონასსაც და ალექსსაც, შეხვედრის ორგანიზებისთვის. მადლობა. ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ შეხვედრა ყოფილიყო სამმხრივ ფორმატში: უკრაინა, ევროპა, აშშ. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. დეტალებზე ალბათ მოგვიანებით. თუმცა, დღის წესრიგი ყველასთვის გასაგებია - როგორ მოვაახლოოთ მშვიდობა და როგორ დავაორგანიზოთ ლიდერების სამმხრივი შეხვედრა:
უკრაინა, აშშ, რუსეთი - ამა თუ იმ ფორმატში ევროპელი პარტნიორების დამატებით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი შეთანხმების დღის წესრიგი შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს და „კეთილდღეობის გეგმას“ - ომის დასრულების შემდეგ ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობას, აგრეთვე აშშ-თან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებასთან, ევროპის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ანუ, ყველა ეს საკითხი განვიხილეთ პარტნიორებთან".
უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ 21 ოქტომბერს სტივ უიტკოფის რუსეთს მხარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და ამერიკელებისგან შეიტყო, "რუსეთი ემხრობა სამმხრივ შეხვედრას ჩვენი გუნდების დონეზე. ამერიკული მხარის შემოთავაზებაა, ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, როგორი იქნება საბოლოო თარიღები ამ შეხვედრის. დღის წესრიგი იქნება - ომის დასრულება, მშვიდობის მოახლოება და როგორც მესმის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება".
ვოლოდიმირ ზელენსკი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ნოემბრის დასაწყისს არ გადასცდება - "ამერიკელ პარტნიორებს ვესაუბრეთ, გააკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ადრე იყოს, ნოემბერში. ვფიქრობ, ნოემბრის დასაწყისზე გვიან არ უნდა იყოს. ვნახოთ. ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული".
მედიისთვის გაზიარებულ ონლაინ აუდიობრიფში პრეზიდენტი ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მხრიდან "ამერიკის წინადადებებს სრული მხარდაჭერა აქვს" და კიევი მხარს დაუჭერს: "ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და ომის დასრულებას. ენერგო-ზავს, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარულ ინიციატივებს, ტყვეების დაბრუნებას და დიპლომატიას. ყველა ამ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანია ინიციატივა და მნიშვნელოვანია დადებითი სიგნალი, ჯერჯერობით დადებითია, რადგან ჩვენი მხრიდან არის ამერიკული შემოთავაზებებისადმი სრული მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი… მას ბევრჯერ უთქვამს , რომ მზად არის ამა თუ იმ ფორმატში შეხვედრისთვის. შემდეგ რაღაც იცვლებოდა, გადაიდებოდა. ვნახოთ, ამ ჯერზე როგორ იქნება".
ოთხშაბათს მედიისთვის გაზიარებულ აუდიოგზავნილში ვოლოდიმირ ზელენსკი ლაპარაკობს ნორვეგიის პრემიერმინისტრთან და სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის გამოყოფს კომპანია Konsberg-ს, რომელთანაც უკრაინის ცის დაცვის გასაძლიერებლად რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ერთ-ერთზე "ძლიერი რეზულტატი" 1,5-2 თვეში იქნება და ეს უკავშირდება "შაჰედის" დრონებისგან თავდაცვას. კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასა და თანამგზავრულ კავშირს ეხება.
"როგორც იტყვიან, ვხედავთ სინათლეს", - ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვითი მრეწველობის დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობის მოსალოდნელ შედეგებს.
20-21 ოქტომბერს ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი სტივ უიტკოფი. ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მასპინძელი ქვეყნის - ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტორი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი; სანქტ-პეტერბურგში კი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პირველი ინფორმაცია კრემლმა - პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა გაავრცელა. ამას მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის წარგზავნილის პოსტი X-ზე. მხარეები შეხვედრას პოზიტიურად აფასებდნენ. უშაკოვმა დაწერა, რომ მოსკოვი "პრინციპულად" თანახმაა სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებაზე. უიტკოფი უფრო მტკიცებით ფორმაში წერს სამმხრივი ფორმატის განახლებაზე.
ციტატები სტატიიდან
„ამერიკელ პარტნიორებს ვესაუბრეთ, გააკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება ადრე იყოს, ნოემბერში. ვფიქრობ, ნოემბრის დასაწყისზე გვიან არ უნდა იყოს. ვნახოთ. ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული“
„რუსეთი ემხრობა სამმხრივ შეხვედრას ჩვენი გუნდების დონეზე. ამერიკული მხარის შემოთავაზებაა, ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, როგორი იქნება საბოლოო თარიღები ამ შეხვედრის. დღის წესრიგი იქნება - ომის დასრულება, მშვიდობის მოახლოება და როგორც მესმის, ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“
„ამერიკის წინადადებებს სრული მხარდაჭერა აქვს“
„ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და ომის დასრულებას. ენერგო-ზავს, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარულ ინიციატივებს, ტყვეების დაბრუნებას და დიპლომატიას. ყველა ამ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანია ინიციატივა და მნიშვნელოვანია დადებითი სიგნალი, ჯერჯერობით დადებითია, რადგან ჩვენი მხრიდან არის ამერიკული შემოთავაზებებისადმი სრული მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ რუსეთი… მას ბევრჯერ უთქვამს , რომ მზად არის ამა თუ იმ ფორმატში შეხვედრისთვის. შემდეგ რაღაც იცვლებოდა, გადაიდებოდა. ვნახოთ, ამ ჯერზე როგორ იქნება“
„როგორც იტყვიან, ვხედავთ სინათლეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.