უბანი ბათუმში, სადაც მერია 21 და 26-სართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავს
ბათუმის საკრებულომ მერიის ინიციატივით დაამტკიცა გეგმები, რომლებითაც ჯავახიშვილის, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩებზე 21 და 26-სართულიანი შენობების აგება იგეგმება, რასაც პარკირების დეფიციტისა და სიმჭიდროვის გამო ადგილობრივთა უკმაყოფილება მოჰყვა.

ბათუმში ჯავახიშვილის, გრიბოედოვისა და ლერმონტოვის ქუჩების ბოლოს, ბათუმის საკრებულომ, მერიის ინიციირებით, დაამტკიცა განაშენიანების დეტალური გეგმები, რომლებიც ქალაქის ამ ნაწილის იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის. აქ 26 და 21-სართულიანი შენობების აგება იგეგმება.
ამ ქუჩებზე ავარიული კორპუსებიც მდებარეობს. მოსახლეობა არაერთ მისამართზე ე.წ. ხრუშოვკების ავარიული სახელების პროგრამაში ჩართვას და ჩანაცვლებას ითხოვს.
ამ უბნებში უკვე გამოწვევაა ავტოპარკინგისთვის არასაკმარისი ადგილები და მოსახლეობას არ სურს ისეთ სიმჭიდროვე და პრობლემები იყოს, როგორიც ბათუმის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე შექმნა უკონტროლო და ქაოსური მშენებლობებით.
მოქალაქეებს აინტერესებთ, გაითვალისწინებს თუ არა მერია ამ „მწარე გამოცდილებას“, როცა ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ნებართვებს გასცემს.
„აგერ უნივერსიტეტს რომ აშენებენ, გვერდით საბავშვო ბაღში დამყავს ბავშვი. დილით რომ მოვდივარ, მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ ვპოულობ, რომ ბავშვი შევიყვანო ბაღში. თქვენ წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტი ჯერ არ არის გახსნილი და რომ გაიხსნება, მაშინ რა იქნება“ – გვითხრა მოქალაქემ, რომელმაც ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მშენებარე უნივერსიტეტზე მიგვითითა. აქ კავკასიის უნივერსიტეტი აშენებს ფილიალს.
კომპანიამ მშენებარე პროექტში ცვლილება და კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კომპლექსის კამპუსის შენობა 26-სართულიანი იქნება. სწორედ ამ ცვლილების დასამტკიცებლად მშენებარე პროექტს ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭა.
კავკასიის უნივერსიტეტის თავდაპირველი პროექტი ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას და 6-სართულიან კამპუსს ითვალისწინებდა, რომლის ქვედა სართულზეც პარკინგის მოწყობას გეგმავდნენ.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
ამ უბანში მერია კიდევ რამდენიმე პროექტს განიხილავს. ამ პროექტების ნაწილის განაშენიანების დეტალური გეგმა საკრებულოს უკვე დამტკიცებული აქვს, ნაწილს კი ახლა განიხილავენ.
მათ შორისაა შპს „ორიგამი თაუნის“ პროექტიც.
ეს კომპანია მშენებლობას ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაზე გეგმავს. აქ არსებულ დაბალსართულიან განაშენიანებას ანგრევენ და ადგილს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასაწყებად ამზადებენ.
ამ დრომდე სამშენებლო ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური, სასაწყობე და სამშენებლო მასალების სარეალიზაციო შენობები და რესტორანი ფუნქციონირებდა. კომპანია მერიაში წარდგენილ დოკუმენტებში წერს, რომ რესტორანს შეინარჩუნებენ და კომპლექსის კონცეფციაში მოაქცევენ, სხვა შენობებს კი დაანგრევენ.
განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა, ამ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები არ გამოირჩევა მაღალი ღირებულებით, მიმდებარე ტერიტორია კი განაშენიანებულია საშუალო ინტენსივობის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით [5-11 სართული] და სასაწყობე/სამეწარმეო ტიპის შენობებით.
გეგმის მიხედვით, საცხოვრებელი შენობები უშუალოდ სამშენებლო ტერიტორიაზე არ არის განთავსებული, ხოლო კვლევის არეალის დიდ ნაწილზე მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებია. არის ასევე მაღაზიები, სწრაფი კვების, სასაწყობე და ავტომომსახურების ობიექტები, რომლებიც ქაოსურადაა განთავსებული.
სამშენებლო მიწის ნაკვეთთან ახლოს მდებარეობს საზღვაო ჰოსპიტალი, ბათუმის N17 საბავშვო ბაღი და N20 საჯარო სკოლა.
განაშენიანების დეტალური გეგმა კომპანიამ ბათუმის მერის 2026 წლის 16 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე მოამზადა.
პროექტის მიხედვით, ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაზე დაგეგმილია ორი ბლოკის მშენებლობა, რომელსაც საერთო პოდიუმი გააერთიანებს, კომპანია განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერს, რომ საორიენტაციო სიმაღლე 22 სართულია, რაც პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება.
რაც შეეხება პარკირების ადგილებს, აქ 2 ბლოკისთვის ორსართულიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას გეგმავენ. კომპანია წერს, რომ ასევე გეგმავს 4-დონიანი მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობასაც.
საპარკინგე ადგილების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

წითლად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია – მარჯვნივ იხილეთ პროექტის რენდერი
შპს „ორიგამი თაუნი“, რომელიც აქ მშენებლობას გეგმავს, 2026 წლის ივნისშია დაფუძნებული და მის წილებს ორი კომპანია თანაბრად ინაწილებს. ერთი მფლობელი შპს „მექანიზაცია 96“-ია და მეორე – „ორიგამი ჰოლდინგი“. შპს „მექანიზაცია 96“ ზაურ ასაძბას საკუთრებაა, ხოლო „ორიგამი ჰოლდინგის“ მფლობელები არიამ რეფიყ კაიტამბა და ასთამურ ჩაზმავა.
ამ სამშენებლო ტერიტორიასთან ახლოს, 46 631 კვ.მეტრი ფართობის მქონე ტერიტორია შემოღობა შპს „ისთ თაუნ რეზიდენშელმა“. კომპანია აქ სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს.

სამშენებლო ტერიტორია
კომპანიის ინფორმაციით პროექტი მუშავდება, მშენებლობის დაწყებას კი 2027 წლისთვის ვარაუდობენ.
ეს ნაკვეთი [46 631 კვადრატული მეტრი, ლერმონტოვის ჩიხი N5-ში] 2008 წელს ბათუმის მერიის საკუთრებაში იყო. 2009 წელს ბათუმის მერიამ მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადასცა. იმავე წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ტერიტორია საკუთრებაში გადასცა შპს „ჰესტოკ ბათუმს“ [HESTOK BATUMI, შემდგომში – შპს „არგო ანურიას“].
კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთი თავის დროზე მათ ვალდებულებით გადაეცათ საკუთრებაში. ვალდებულება კი ბათუმში საბაგირო გზის აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება იყო.
„არგო ანურიამ“ 2021 წელს აღნიშნული ტერიტორია გაასხვისა. მყიდველი იყო შპს „უძრავი ქონების მართვის კომპანია“. ამჟამინდელმა მესაკუთრემ, შპს „ისთ თაუნ რეზიდენშელმა“ კი ეს ნაკვეთი სწორედ „უძრავი ქონების მართვის კომპანიისგან“ შეიძინა 2024 წლის ბოლოს.
აქედან 250 მეტრში 11 კორპუსის მშენებლობას გეგმავს შპს „ბათუმი ლენდმარკი“.
ამ კომპანიამ 3 მიწის ნაკვეთი გაგარინისა და ხახულის ქუჩებს შორის ელექტრონულ აუქციონზე 2026 წლის თებერვალში იყიდა. საერთო ჯამში კომპანიას 10 ჰექტარი ფართობი, 107 586 კვ.მეტრი აქვს შესყიდული, თუმცა, როგორც ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, ამ ეტაპზე მშენებლობას 6 ჰექტარზე გეგმავს.
ბათუმის საკრებულომ განაშენიანების დეტალური გეგმა 30 ოქტომბერს, სხდომაზე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც კომპანია აქ მინიმუმ 21-სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს.

ესკიზი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…