ალბანეთში შეტაკებები მოხდა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის
ტირანაში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 500 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები კორუფციას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ, თუმცა რამა თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ახალგაზრდამ მოიყარა თავი განათლების სამინისტროს შენობასთან, საპროტესტო დემონსტრაციების მეხუთე დღეს, 17 ოქტომბერს.
პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე, მზარდ საპროტესტო აქციებს სათავეში სტუდენტები უდგანან.
პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა მას მერე, რაც ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას ქვები დაუშინა, ხოლო პოლიციამ ამას უპასუხა ხმოვანი ჭურვების, ცრემლმდენი გაზის და წყლის ჭავლის გაშვებით.
ალბანეთში ფართოვდება დემონსტრაციები, რომლებზეც აპროტესტებენ კორუფციას და სამუშაო ადგილების ნაკლებობას. მიმდინარე კვირაში ტირანაში დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს ფანჯრები, ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს და შეტაკებები ჰქონდათ პოლიციელებთან.
პოლიციის მონაცემებით, დააკავეს 500 დემონსტრანტი, მათგან 330 გაათავისუფლეს.
დემონსტრაციები დიდი გამოწვევაა რამასთვის - რომელიც ალბანეთს 2013 წლიდან მართავს და რომელიც მიმდინარე წელს ჩატარებულ არჩევნებით მეოთხე ვადით დარჩა თანამდებობაზე.
მანამდე ალბანეთში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომლებსაც ბიძგი მისცა ალბანეთის სამხრეთის სანაპიროზე ფეშენებელური კურორტის გაშენების გეგმამ. ამ გეგმის მხარდამჭერ ინვესტორებს შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.
სააგენტო Reuters-ს სოფლის მცხოვრებნი ივლისში ეუბნებოდნენ, რომ მათი მიწა არამართებულად გაიყიდა. სააგენტო შემდგომში იუწყებოდა, რომ კაცს, რომელმაც ეს მიწა გაყიდა, პროკურატურა ეძებდა ნარკოტიკების ტრეფიკინგის ეჭვის საფუძველზე - თუმცა ეს ბრალდებები მისმა ადვოკატმა უარყო.
რამას ადმინისტრაციას თან სდევს კორუფციული სკანდალები, ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ალბანეთი ერთგვარი თავშესაფარია ნარკოტიკების და იარაღის ტრეფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრების მოსურნე დაჯგუფებებისთვის - რაც ართულებს ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
რამა უარყოფს არამართებული ნაბიჯების გადადგმას, მან მიმდინარე კვირაში Reuters-ი უთხრა, რომ გადადგომას არ აპირებს. 17 ოქტომბერს რამამ განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება სტუდენტებს პატივს სცემს და დაიცავს მათ უფლებას გამოხატონ პროტესტი.
მონტენეგროსთან ერთად, ბალკანეთის ქვეყნებს შორის ალბანეთი ლიდერია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ემთხვევა ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ მღელვარებას.
საფრანგეთში სტუდენტების მიერ კვირების განმავლობაში მოწყობილ აქციებს მოჰყვა მასშტაბური დემონსტრაციები ცხოვრების დონის ვარდნის წინააღმდეგ.
მიმდინარე თვეში ფართომასშტაბიანი აქციები იყო ესპანეთშიც - მოქალაქეები აპროტესტებდნენ ქირის მაღალ ფასს და საცხოვრებელი სახლების ნაკლებობას, რამაც ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ უბიძგა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.