"გუნდში კორუფციული გამოწვევები სრულად არის გადალახული" - რა განიხილეს დღევანდელ სხდომაზე?
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდში წარსულში არსებული კორუფციული გამოწვევები მთავრობისა და ძალოვნების მუშაობით სრულად გადალახულია. ამასთან, პოლიტიკური საბჭოს წევრები გახდნენ ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დღეს, გორგასლის ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო.
სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა - პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.
"პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.
ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.