ცხინვალი პატრიარქ შიო III-ს “ტერიტორიული პრეტენზიების შეფარვაში” ადანაშაულებს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებამ პატრიარქ შიო III-ის განცხადება გააკრიტიკა და ის რელიგიური ლოზუნგებით ტერიტორიული პრეტენზიების შეფარვის მცდელობად შეაფასა. მანამდე სასულიერო პირმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ძმური ერთობა აღდგება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ის განცხადება გააკრიტიკა, რომელშიც პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ძმური ერთობა და სიყვარული აღდგება.
შიო III-მ ეს განცხადება 12 ოქტომბერს, საქართველოს მიერ ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე გააკეთა.
„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძონ არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული“, – განაცხადა პატრიარქმა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შიო III-ის სიტყვები რელიგიური ლოზუნგებით ტერიტორიული პრეტენზიების შეფარვის მცდელობად შეაფასა.
„განცხადებები „უძველეს ისტორიულ მიწებზე“ და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „გაერთიანდეს“, რწმენასა და ძმობაზე ჩვეული მსჯელობის ფონზე, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. ცნებების აღრევა და რელიგიური ლოზუნგებით ტერიტორიული პრეტენზიების შეფარვის მცდელობები რეალობას არ ცვლის“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დე ფაქტო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს სასულიერო და პოლიტიკური წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთის მიმართ „არასწორ ტერმინოლოგიას“ იყენებენ და მას „ცხინვალის რეგიონს“ უწოდებენ. ამასთან, უწყების მტკიცებით, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტებში სამხრეთ ოსეთი თავისი ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული, რასაც ქართველი პოლიტიკოსების წარმომადგენლებიც აწერენ ხელს.
განცხადებაში დე ფაქტო საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „უძველეს ისტორიულ მიწებად“ მოხსენიება ისტორიულ ფაქტებს არ შეესაბამება.
უწყებამ შიო III ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი შეფასებით, პატრიარქს არ უხსენებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ტანჯვა და არ გამოუხატავს სინანული ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო.
„სამხრეთ ოსეთში კარგად ახსოვთ, რამდენი უბედურება მოუტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი „კეთილი განზრახვები“, როდესაც აშკარა ფაქტები იგნორირებულია, სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძონ არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული“
„განცხადებები „უძველეს ისტორიულ მიწებზე“ და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „გაერთიანდეს“, რწმენასა და ძმობაზე ჩვეული მსჯელობის ფონზე, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. ცნებების აღრევა და რელიგიური ლოზუნგებით ტერიტორიული პრეტენზიების შეფარვის მცდელობები რეალობას არ ცვლის“
„სამხრეთ ოსეთში კარგად ახსოვთ, რამდენი უბედურება მოუტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. მსგავსი „კეთილი განზრახვები“, როდესაც აშკარა ფაქტები იგნორირებულია, სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.