პატრიარქი: სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს, დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი
სვეტიცხოვლის ტაძარში სვეტიცხოვლობისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი წირვა ჩატარდა. ქადაგებისას აღინიშნა, რომ ქართველი ერის გადარჩენა მრავალი განსაცდელის მიუხედავად ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა ჩაატარა.
პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და მადლზე ისაუბრა. უწმინდესის თქმით, ქართველი ერის გადარჩენა ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა:
"დიდია დღეს ჩვენი სიხარულის და მადლიერების მიზეზი. წელს საქართველომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის დიდებულ ტაძარში შეკრებილნი ერთობით ვადიდებთ უფალს და ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს.
დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე - რა იყო და რა არის ის ძალა, რომელმაც განაპირობა ქართველი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა. უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" - საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მრავალი განსაცდელისა და დაცემის, თუ შეცოდების მიუხედავად, ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლითა და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა და გვწინამძღვრობდა ამ გზაზე.
ღვთის განგებულებით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდის, მაცხოვრის წმინდა კვართის მობრძანებით დაიწყო ჩვენი ეკლესიისა და ერის ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოები ისტორია. მას მოჰყვა წილხვდომილობა ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერისა და ქადაგება ქრისტეს მოციქულთა: სიმონ კანანელისა, მატათასი, ბართლომესი და თადეოზისა. ამ სამოციქულო გზისა და ღვაწლის გაგრძელება იტვირთა წმინდა მოციქულთა სწორმა ქალწულმა ნინომ, როცა მეოთხე საუკუნეში ღვთის განგებულებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით ჩვენი ქვეყნისკენ გამოემართა და თავისი ქადაგებით ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას თვით უფალ იესო ქრისტეს აზიარა ქართველი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დაადასტურა. რასაც მოჰყვა მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება და სიმბოლურია, რომ ეს დიდი კეთილმსახური მეფე სწორედ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს,"- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს სადღესასწაულო წირვას და ასევე თანამსახურნი იქნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები - დეკანოზი იაკობ მახნიშვილი
სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი და ჩვენი გული და საუნჯე ნამდვილად არის სვეტიცხოველი და უფლის ცხოველმყოფელი კვართი - ვარკეთილის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური
ციტატები სტატიიდან
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…