რომან გოცირიძე: მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია! ბიზნესმა საკუთარი უფლებები თავად უნდა დაიცვას
რომან გოცირიძე: მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან მთავრობამ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის შემოტანაზე ახალი გადასახადი შემოიღო ისე, რომ მას გადასახადი არ უწოდა-საბაჟო გაფორმებისას იმპორტიორებს თითოეულ კილოგრამ საქონელზე 3 ლარის გადახდა მოუწევთ.

რომან გოცირიძე:
მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია!
მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან მთავრობამ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის შემოტანაზე ახალი გადასახადი შემოიღო ისე, რომ მას გადასახადი არ უწოდა-საბაჟო გაფორმებისას იმპორტიორებს თითოეულ კილოგრამ საქონელზე 3 ლარის გადახდა მოუწევთ.
ეს ნიშნავს, რომ 1 ტონა საქონლის იმპორტზე 3 000 ლარი უნდა გადაიხადონ, 5 ტონაზე 15 000 ლარი და ა. შ.
მანამდე მოქმედებდა შემოტანილი პარტიის გაფორმების ფიქსირებული 500-ლარიანი საფასური.
საქართველოს კონსტიტუცია და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებაზე რეფერენდუმის მოთხოვნას ადგენს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
მთავრობამ კი ახალი ფინანსური ტვირთი საკუთარი დადგენილებით დააწესა და მას მომსახურების საფასური უწოდა. სინამდვილეში ეს იმპორტის ახალი გადასახადია თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან თანხა მიბმულია იმპორტირებული საქონლის წონაზე და არა გაწეული მომსახურების მოცულობასა თუ თვითღირებულებაზე.
მისი ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მანამდე არსებულ საბაჟო გაფორმების საფასურს.
სახელწოდების შეცვლა გადასახადის ბუნებას ვერ ცვლის!
სინამდვილეში ეს დამატებითი გადასახადია და არა კონკრეტული საბაჟო მომსახურების რეალური ღირებულების ანაზღაურება.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ყურმოჭრილი მონა რომ არ იყოს ხელისუფლების, ამ ფაქტს გააპროტესტებდა და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელსაც შეიტანდა. ამას არ იზამენ რა თქმა უნდა.
აუცილებელია, რომ ეს თავად ამ სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებმა გააკეთონ. ქვეყანაში ბევრი კვალიფიცირებული იურისტია, რომლებსაც ამ საკითხის გაძღოლა შეუძლიათ.
ბიზნესმა საკუთარი უფლებები თავად უნდა დაიცვას.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…