ზურა ვარდიაშვილი: ამის ფონზე ვისმენთ ამბებს, როგორ თქვლეფს მილიონებს მაღალჩინოსანი ნაძირლების მცირე ხროვა, რომელიც ყველა დასახელებული საშინელების პრევენციას უნდა ხმარდებოდეს
ზურა ვარდიაშვილი: საქართველოში მომდევნო გლოვის დღე გამოცხადდა, თუმცა უკვე კარგა ხანია ჩვენი ცხოვრება ერთ განუწყვეტელ გლოვის პროცესად არის ქცეული. პროცესად, რომელშიც ერთადერთი რამ ვიცით ზუსტად - ეს ჯოჯოხეთი არ დასრულდება, თუ არაფერი შეიცვალა.

„პუბლიკის“ რედაქტორი, დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი:
საქართველოში მომდევნო გლოვის დღე გამოცხადდა, თუმცა უკვე კარგა ხანია ჩვენი ცხოვრება ერთ განუწყვეტელ გლოვის პროცესად არის ქცეული. პროცესად, რომელშიც ერთადერთი რამ ვიცით ზუსტად - ეს ჯოჯოხეთი არ დასრულდება, თუ არაფერი შეიცვალა.
ჩემი წყეული პროფესია არ მაძლევს საშუალებას, რაღაცები დავივიწყო ან თვალი ავარიდო. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის ამბებს რომ გადავხედოთ: ფონიჭალაში აფეთქებამ ექვსი სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების, წაგვართვა; ხაშურში შვიდ დღეში მომხდარ სამ ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა; თბილისში, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს; მანამდე მოხუცი ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს. გავრცელდა ინფორმაცია საბავშვო ბაღში დენის გადასვლის შესახებ; უფრო ადრე კი ბავშვები მასობრივად მოიწამლნენ... კიდევ უფრო შორს აღარ წავალ, რადგან სია უსასრულოა.
ამის ფონზე ვისმენთ ამბებს, როგორ თქვლეფს მილიონებს მაღალჩინოსანი ნაძირლების მცირე ხროვა, რომელიც ყველა დასახელებული საშინელების პრევენციას უნდა ხმარდებოდეს.
და ამ დროს პროპაგანდა გაშმაგებით ცდილობს, ჩვენი ლექსიკონიდან ამოაგდოს ყველაზე რელევანტური სიტყვა, რომელიც ახლა ყველა ქართველს უნდა ეკეროს პირზე. ეს სიტყვაა - პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა.
თუ ვინმე ამ სიტყვას ახსენებს, ტრაგედიით მმანიპულირებელის იარლიყი გარანტირებული აქვს, მაგრამ მიმიფურთხებია პროპაგანდისთვის და იარლიყებისთვის როცა ყოველი გათენება მომდევნო სიკვდილს, კიდევ მეტი ოჯახის განადგურებას, იმედების დაფერფლვას, საზარელი ტრაგედიების ჯაჭვს გვიქადის.
მოდი, გავყვეთ:
ფონიჭალის აფეთქება - ვის მიაჩნია სამართლიანად, რომ ექვსი სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა მხოლოდ იმ ადამიანზე გადავიტანოთ, რომელმაც გამათბობელი ჩართო? უნდა გაირკვეს არა მხოლოდ ის, ვინ ჩართო გამათბობელი, არამედ ისიც, რატომ ვერ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ ისე, რომ ეს ჯოჯოხეთი აგვეცილებინა?
გაზის კომპანია ამბობს, რომ ბინა დაკეტილი იყო და გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. თუმცა ეს პასუხები კითხვებს ვერ ხურავს. რა ხდება, როცა ბინაში შესვლა ვერ ხერხდება? არსებობს თუ არა რისკის მართვის სხვა მექანიზმი? რამდენად ეფექტიანად აკონტროლებს სემეკი გაზგამანაწილებელი კომპანიების საქმიანობას? ვინ ამოწმებს თავად მაკონტროლებელს?
ცხადია, გაზის კომპანიის ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი მერიის უშუალო ფუნქცია არ არის, მაგრამ ეს არ აუქმებს მუნიციპალური ხელისუფლების პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა ს უსაფრთხო გარემოსა და საგანგებო რეაგირებაზე. კახა კალაძის პოლიტიკური პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს საკითხის დასმაც ლეგიტიმურია. ისევე როგორც - სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროსი - თითოეულმა უნდა განმარტოს, როგორ მუშაობს უსაფრთხოების სისტემა და რა კეთდება მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ხაშურის გზებზე მომხდარი ავარიებიც მხოლოდ მძღოლების
პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს განხილვით არ უნდა დასრულდეს. საჭიროა გზების მდგომარეობის, განათების, სახიფათო მონაკვეთების, ნიშნებისა და სიჩქარის კონტროლის შემოწმება. ექვსი დაღუპული ერთ მუნიციპალიტეტში ერთ კვირაში საკმარისი საფუძველია უსაფრთხოების აუდიტისთვის, სულ მცირე საჯარო განმარტებისთვის. რაიმე მსგავსი გსმენიათ?
თბილისის მეტროს შესყიდვებში 41 მილიონ ლარზე მეტის შესაძლო მითვისების საქმეც მხოლოდ დაკავებული პირების
პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი თ არ უნდა შემოიფარგლოს. როგორ ვერ გამოავლინა შიდა კონტროლმა შესაძლო სქემა წლების განმავლობაში? ვინ ამოწმებდა ფასებს, დოკუმენტებსა და შესრულებულ სამუშაოებს? აქაც ლეგიტიმურია მერიისა და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკური პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს საკითხის დასმა.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გამოძიება, საჯარო განმარტებები და პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ი ს რეალური განსაზღვრა. თუ დადასტურდა, რომ უწყებებმა იცოდნენ სისტემური ხარვეზების შესახებ და ზომები არ მიიღეს,
პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა მ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდეც უნდა მიაღწიოს.
ტრაგედიის შემდეგ სამძიმარი, პრესკონფერენცია და ნანგრევების გაწმენდა საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მოვალეობა მხოლოდ მომხდარზე რეაგირება კი არა, ადამიანის სიცოცხლის დაცვაა. და თუ ამას ვერ ახერხებს, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს - რატომ, ვინ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და ვინ აგებს პასუხს.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ ჯოჯოხეთის ამ ერთ თავს, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება სურათხატით - 8 საათის განმვალობაში, დედის ცხედარს ჩაფრენილს, მტვერში, ნანგრევებში, სიცივეში, სიბნელეში, შიშში, როგორ უჭირავს დაჭრილ, დაჟეჟილ 3 წლის თაიას პაწაწინა მუჭაში თმისსამაგრი... და ველოდებით მომდევნოს.
ნათელი და სანთელი მათ სულებს, ვინც ვერ გადარჩა.
გთხოვთ არ დავივიწყოთ ისინიც, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…