ლევან ცუცქირიძე: ასეთი “შეკითხვა” - სინამდვილეში კი კლასიკური, მაგრამ მარტივი “პროპაგანდისტული ხაფანგი” - გამომიგზავნა “ტვ იმედიდან” ...
ლევან ცუცქირიძე: უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით შეკითხვის ფორმულირებას: “იმედის” პროპაგანდისტი (სახელს და გვარს აღარ აქვს მნიშვნელობა, ყველა პატრონის ენით ლაპარაკობს) წინასწარ მიანიშნებს, რომ რაღაც “დავალება” არსებობდა. ცდილობს, რომ მეც და “იმედის” მაყურებელმაც ეს უკვე ფაქტად მივიჩნიოთ და "დავალების" შინაარსი მერე ვარკვიოთ.

"თავისუფალი მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
“გამარჯობა ბატონო ლევან.
ტელეკომპანია იმედიდან გწერთ კითხვები გვაქვს თქვენთან საერთაშორისო მედიების გამოძიებასთან დაკავშირებით. ევროკომისია და ჯორჯ სოროსის ფონდი როგორ აფინანსებს იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, და ალბანეთის აქციებს.ახლაც არ ფიქრობთ, რომ გამჭვირვალობის კანონი საჭირო იყო ? როცა გაირკვა რომ თქვენი დამფინანსებელი ევროკომისია და სოროსის ფონდი დგას ევროკავშირის ქვეყნებში გამართული ძალადობრივი აქციების უკან?
ჩვენ იდენტურ სურათს ვხედავდით თბილისსშიც და თქვენი დავალებაც იგივე იყო? რომ გრანტის სხით მიღებული თანხებით ძალადობრივი აქციები დაგეფინანსებიათ?
საფრანგეთის,იტალიის, ბელგიის და ასევე ალბანეთის (რომელიც კანდიდატი ქვეყანაა როგორც საქართველო) ხელისუფლებებს ახალგაზრდებისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ პროტესტის იმ ფორმით გამოხატვაში რომელიც მათ სურდათ?”
აი, ასეთი “შეკითხვა” - სინამდვილეში კი კლასიკური, მაგრამ მარტივი “პროპაგანდისტული ხაფანგი” - გამომიგზავნა “ტვ იმედიდან” ხატია იობიძემ რამდენიმე დღის წინ, ვოთსაფის მესინჯერში. იმ დროს გურიაში ვიყავი და, მათგან განსხვავებით, კონსპირაციებზე კი არ ვამზადებდი სიუჟეტებს, სახელმწიფოსგან მიტოვებული ადამიანების რეალურ სატკივარს ვეცნობოდი სოფლებში. ამიტომ, გზავნილიც გვიან ვნახე და მერე აღარც პასუხის გასაცემად მეცალა. ჰოდა, აქ და ახლა ვუპასუხებ საჯაროდ.
უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით შეკითხვის ფორმულირებას: “იმედის” პროპაგანდისტი (სახელს და გვარს აღარ აქვს მნიშვნელობა, ყველა პატრონის ენით ლაპარაკობს) წინასწარ მიანიშნებს, რომ რაღაც “დავალება” არსებობდა. ცდილობს, რომ მეც და “იმედის” მაყურებელმაც ეს უკვე ფაქტად მივიჩნიოთ და "დავალების" შინაარსი მერე ვარკვიოთ. ამგვარად, ისინი უკვე რეალობად გაასაღებენ იმას, რომ “ოცნების” პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანები დავალებებს გარედან იღებენ. ეს არის პროპაგანდის მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მეთოდი: ჯერ შეთხზული ან დაუდასტურებელი ბრალდება წარმოაჩინო ფაქტად, შემდეგ კი ადამიანს მისი უარყოფა ან განმარტება მოსთხოვო და თავი ამართლებინო.
ცხადია, ჟურნალისტიკა ასე არ მუშაობს, მაგრამ "იმედის" თანამშრომლები პროფესიულ სტანდარტებს დიდი ხნის წინ დასცილდნენ.
ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ტვ იმედმა და მისმა “ჟურნალისტებმა” უნდა ისწავლონ, რომ სანამ რაიმეს უტყუარ ფაქტად შემოგვასაღებენ, ჯერ უნდა დაასაბუთონ მისი არსებობა, მოიყვანონ დამადასტურებელი, კონკრეტული მაგალითები და თუ ამას შეძლებენ, შემდეგ ილაპარაკონ მასზე, როგორც ფაქტზე.
ამ შეკითხვით და იმ სიუჟეტით, რომელიც “იმედის კვირაში” გაუშვეს, ტელეარხი ცდილობს, გაამართლოს “ოცნების” იზოლაციონისტური, ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. თან ეს ისე გააკეთოს, რომ, ერთი მხრივ, ამის მოწინააღმდეგეებს თავი გვამართლებინოს, ხოლო, მეორე მხრივ, კონსპირაციის თეორიებით გაჯერებული სიუჟეტებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” აარიდოს და ეს ყველაფერი სხვას გადააბრალოს.
ამიტომ, ამჯერად დავეხმარები “იმედს” რეალურად მნიშვნელოვანი შეკითხვების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა უჩნდებოდეს, ვისაც გამჭვირვალობა აინტერესებს:
ვინ აფინანსებს თავად ივანიშვილის პროპაგანდას, რა წყაროებით ფინანსდება სანქცირებული ტვ იმედი და რა ფორმით იღებენ თვინიერებისთვის საფასურს მისი ერთგული თანამშრომლები?
ვინ არის ანგარიშვალდებული ისტორიული მასშტაბის ემიგრაციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების, საყოველთაო სიღარიბესა და უიმედობაზე, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული?
ვისი პასუხისმგებლობაა განადგურებული განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემები?
რატომ ვერაფერს და არაფერს აკეთებს “ოცნება”, რათა ხელი შეუწყოს ხალხს უსაშველოდ გაძვირებული საწვავისა თუ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასებთან გამკლავებაში?
რატომ არის გასაიდუმლოებული ის ხელშეკრულება, რომლითაც ქართველი გმირების სისხლით მორწყული კრწანისის მიწები გაიყიდა და რა წერია მასში ისეთი, რასაც “ოცნება” საგულდაგულოდ მალავს?
არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა ის, რომ მისი ხელდასმით ორჯერ დანიშნული პრემიერი, რომელსაც წლების განმავლობაში უნიკალურ და ერთგულ ერის კაცად გვასაღებდა, თავდაცვის მინ��სტრი, სუსის უფროსი და უამრავი სხვა სახელმწიფო მოხელე იმდენად კორუმპირებულები აღმოჩნდნენ, რომ თავადაც გაუჭირდათ ამის დამალვა? ვინ აგებს ამაზე პასუხს?
თუმცა, “ტვ იმედს,” რა თქმა უნდა, რეალური პრობლემები არ აინტერესებს.
საქართველოს პრობლემა სამოქალაქო ორგანიზაციები, ევროპა ან ახალგაზრდების პროტესტი კი არ არის, არამედ ის, რომ “ოცნების” ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას, ანგრევს დემოკრატიას, გვაშორებს მეგობრებს და მარტო გვტოვებს მტრის წინაშე;
ებრძვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მოქალაქეებს კი საკუთარი აზრის გამოხატვისთვის სჯის;
ჩვენი უდიდესი პრობლემა ისაა, რომ მთავრობა მოქალაქეების კი არა, ერთი ოლიგარქის სამსახურშია და მისი პოლიტიკური და კომერციული ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
ჩვენ გვჭირდება არა ნაკლები, არამედ განუზომლად მეტი გამჭვირვალობა, რომელიც ყველას შეეხება, მათ შორის ტვ იმედს, ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას";
პრობლემა ანგარიშვალდებულება კი არ არის, არამედ ის, რომ მთავრობა ივანიშვილთანაა ანგარიშვალდებული და არა ხალხთან;
პრობლემა თავისუფლება კი არ არის, რასაც ასე გულმოდგინედ ებრძვის ეს ტელევიზია, არამედ მისი ნაკლებობა, მათ შორის ტვ იმედის “ჟურნალისტებისთვისაც", რათა მსგავსი სამარცხვინო შეკითხვების მაგივრად, რეალურ პრობლემებზე დაფიქრების შესაძლებლობა მიეცეთ.
გამოგონილი “გარეშე პატრონების” თუ “ომის ლობისტების” უშედეგო ძიების ნაცვლად, დროა, “შიდა პატრონის” მავნებლური ინსტრუქციების მიღმა ჩვენი ქვეყნის უმძიმესი ყოფა დაინახონ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…