პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ნუროფენ ექსპრეს ფორტე

NUROFEN® EXPRESS FORTE

ურეცეპტოდ400მგინსტრუქცია ქართულადნიდერლანდი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას იბუპროფენს. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) კლასს. იბუპროფენს აქვს სწრაფი, მიზანმიმართული მოქმედება ტკივილის მიმართ (ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
400მგ რბილი კაფსულა №20 (2X10)
მწარმოებელი
Patheon Softgels B.V., ნიდერლანდი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040793
რეგისტრირებულია
18 აპრილი 2024, მოქმედებს 18 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Reckitt Benckiser Healthcare LLC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანუროფენ ექსპრეს ფორტე და სხვა წამალი ერთად

ნუროფენ ექსპრეს ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას იბუპროფენს. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) კლასს. იბუპროფენს აქვს სწრაფი, მიზანმიმართული მოქმედება ტკივილის მიმართ (ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მქონე მოზარდებში, რომელთა სხეულის მასა 40 კგ-ზე მეტია, შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის:

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილს სინდრომი, მათ შორის თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნევრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სახსრების ტკივილი;

ტკივილის სინდრომი ტრავმების შემდეგ (იოგებისა და მყესების დაზიანებები, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, სპორტული ტრავმები);

ცხელება და ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კუნთების ზოგადი ტკივილი, ყელის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება და შემცივნება) გრიპის და გაცივების დროს.

პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების დროს, არ მოქმედებს დაავადების პროგრესირებაზე.

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მოქმედების მექანიზმი

იბუპროფენი აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმიული რეაქციის მედიატორები არიან. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ტკივილის, შეშუპების და ცხელების სიმძიმეს ანთების დროს. ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს უზმოზე მიღების შემდეგ იბუპროფენი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და 15 წუთის შემდეგ ვლინდება სისხლის პლაზმაში. სისხლის პლაზმაში იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია 40 წუთის შემდეგ მიიღწევა, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ეკვივალენტური დოზით ნუროფენის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სამკურნალო ფორმის სახით მიღების შემდეგ. ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მიღების შემდეგ, იბუპროფენი სისხლის პლაზმაში 8 საათის ან მეტი ხნის შემდეგ ვლინდება.

თუ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები: საწყისი დოზა: 1 კაფსულა (400 მგ იბუპროფენი). საჭიროების შემთხვევაში, 6-8 საათის შემდეგ მიიღეთ კიდევ 1 კაფსულა (400 მგ იბუპროფენი). 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ სამ კაფსულაზე (1 200 მგ) მეტი.

ბავშვები: პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ან 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში.

მიღების გზა ან/და მეთოდი

პერორალურად. კაფსულა არ უნდა დაღეჭოთ. კაფსულას უნდა მიაყოლოთ წყალი. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი სულ მცირე 6 საათი უნდა იყოს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღებას კვების დროს. ჭამის შემდეგ მიღებისას პრეპარატის მოქმედება შეიძლება შენელდეს. ამ შემთხვევაში, არ უნდა მიიღოთ პრეპარატი რეკომენდებულზე მეტი დოზით. ორ დოზას შორის საჭირო ინტერვალი უნდა იყოს დაცული.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. მიიღეთ პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოფხვრისთვის.

მოზარდები

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ აუცილებელია 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება ან თუ მდგომარეობა უარესდება.

მოზრდილები

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ მოზრდილ პაციენტებში მიმდინარე ცხელების სამკურნალოდ აუცილებელია პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება, მიმდინარე ტკივილის სამკურნალოდ აუცილებელია პრეპარატის 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება ან თუ მდგომარეობა უარესდება.

თუ მიიღეთ პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე საჭიროზე მეტი დოზით.

თუ მიიღეთ პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე რეკომენდებულ დოზაზე მეტი ან თუ ბავშვმა შეცდომით მიიღო პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, და მიაწოდეთ ჯანდაცვის მუშაკებს პრეპარატის შეფუთვა და ეს ფურცელი-ჩანართი.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება (შესაძლოა სისხლით), სისხლი განავალში (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგად), ყურებსი შუილი, თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დიარეა და ნისტაგმი. მნიშვნელოვანი ჭარბი დოზირებისას აღინიშნებოდა სისუსტე და თავბრუსხვევა, ძილიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება, დეზორიენტაცია, ცნობიერების არევა, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გაძლიერების შეგრძნება, სინკოპე (კრუნჩხვები, განსაკუთრებით ბავშვებში), სისხლი შარდში და სუნთქვის დათრგუნვა.

მკურნალობა: სიმპტომური, სასუნთქი გზების გამტარობის სავალდებულო უზრუნველყოფით, ეკგ-ს და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით მდგომარეობის ნორმალიზებამდე. იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის პერორალური მიღება ან კუჭის ამორეცხვა. თუ უკვე მოხდა იბუპროფენის შეწოვა, თირკმლებით იბუპროფენის მჟავე წარმოებულის გამოსადევნად შეიძლება დაინიშნოს ტუტე სასმელი და ფორსირებული დიურეზი. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების კუპირება უნდა მოხდეს ინტრავენურად დიაზეპამის ან ლორაზეპამის შეყვანით. ბრონქული ასთმის სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში, რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია იბუპროფენის ან ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი (დახრჩობის შეგრძნება ბრონქების შევიწროების გამო), ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, რომლებიც უკავშირდებოდა აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) გამოყენებას;

თუ გქონიათ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლის პერფორაცია;

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ადრე გქონიათ იგი (პეპტიკური წყლულის ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);

თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე უკმარისობა;

თუ გაქვთ კორონარული არტერიის შუნტირების შემდგომი პერიოდი;

თუ გაქვთ სისხლდენა თავის ტვინის სისხლძარღვებიდან (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა;

თუ გაქვთ ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია);

თუ გაქვთ ჰემორაგიული დიათეზი;

თუ გაქვთ ძლიერი დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო);

თუ გაქვთ ფრუქტოზის აუტანლობა;

20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს (იხილეთ ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

არ გამოიყენება 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები ან მდგომარეობები:

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენება, წარსულში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ერთჯერადი ეპიზოდი ან წყლულოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან წარსულში - შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება; სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი); ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა, მათ შორის დეჰიდრატაციის დროს, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით, ჰიპერბილირუბინემია, არტერიული ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადება, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია), მძიმე სომატური დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიული დაავადება, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებიც ზრდიან წყლულის ან სისხლდენის რისკს, მათ შორის პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონის ჩათვლით), ანტიკოაგულანტები (ვარფარინის ჩათვლით), სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ციტალოპრამის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის, სერტრალინის ჩათვლით) ან ანტიაგრეგანტები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით, კლოპიდოგრელის ჩათვლით), ორსულობა 20 კვირამდე, ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.

ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

შემდეგი მდგომარეობების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენება: ანამნეზში სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GIT) კედლის პერფორაციის არსებობა, რომელიც უკავშირდებოდა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან წარსულში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).

ნუროფენი® ექსპრეს ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს: ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ერთჯერადი ეპიზოდი ან წყლულოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ ამ პრეპარატის ჭამის დროს მიღებას.

თუ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რაიმე სიმპტომს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის რეაქციები

არსებობს ცნობები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციების შესახებ. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების, ბუშტუკების ან ალერგიული რეაქციების სხვა ნიშნების განვითარებისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (იხილეთ მე-4 ნაწილი).

სიფრთხილის სხვა ზომები

თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ტკივილის სინდრომის გაძლიერება გამოიწვიოს. მოცემული სიმპტომის განვითარებისას, უნდა შეწყვიტოთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღება და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გამოიყენოთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტე ჩუტყვავილას დროს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის, თირკმლის ფუნქციის და სისხლის ანალიზების მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).

ზოგადად, თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან მაღალი დოზებით გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მძიმე ქრონიკული დარღვევა. ეს რისკი იზრდება მარილების დაკარგვისას და დეჰიდრატაციის დროს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შენიღბონ ინფექციური დაავადებების და ცხელების სიმპტომები. საავადმყოფოს გარეთ მკურნალობისას, თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მოზარდებში დეჰიდრატაციის დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი არსებობს.

ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

ბავშვები

ნუროფენი® ექსპრეს ფორტე არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა 40 კგ-ზე ნაკლებია, დოზირების რეჟიმის დაცვის შეუძლებლობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს და ზოგიერთი სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება:

აცეტილსალიცილის მჟავა: გამონაკლისია ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (არა უმეტეს 75 მგ დღეში), რადგან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი და შეამციროს ანტიკოაგულაციური (ანტიაგრეგანტული) ეფექტი.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი): თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ჯგუფის ანთების საწინააღმდეგო ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ:

დიგოქსინს (გულის უკმარისობის დროს), რადგან ნუროფენმა® ექსპრეს ფორტემ შეიძლება გააძლიეროს დიგოქსინის მოქმედება;

გლუკოკორტიკოიდებს (კორტიზონის ან კორტიზონის მსგავსი ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებები), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

ანტიაგრეგანტებს, რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

ფენიტოინს (ეპილეფსიის დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენმა® ექსპრეს ფორტემ შესაძლოა გააძლიეროს ფენიტოინის მოქმედება;

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებს (დეპრესიის დროს), რადგან ისინი ზრდიან სისხლდენის რისკს;

ლითიუმის პრეპარატებს (ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დროს), რადგან ნუროფენმა® ექსპრეს ფორტემ შეიძლება გააძლიეროს ლითიუმის პრეპარატების მოქმედება;

პრობენეციდს და სულფინპირაზონს (პოდაგრის დროს), რადგან ისინი ანელებენ ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფას;

აგფ-ის ინჰიბიტორებს, ბეტა-ბლოკერებს და ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების თერაპიული მოქმედება;

კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალემია);

მეთოტრექსატს (ონკოლოგიური და რევმატული დაავადებების დროს), რადგან პრეპარატ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს შეუძლია გააძლიეროს მეთოტრექსატის მოქმედება;

ტაკროლიმუსს და ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესორები), რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;

ზიდოვუდინს (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენებამ ჰემოფილიით დაავადებულ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ჰემართროზი ან შინაგანი სისხლდენა, რაც შეშუპებას იწვევს;

სულფონილშარდოვანას წარმოებულებს (შაქრიანი დიაბეტის დროს), რადგან შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება პრეპარატ ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან;

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების (კონვულსიური შეტევების) განვითარების რისკს;

მიფეპრისტონს (გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის), რადგან პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტიანობას;

აცეტილსალიცილის მჟავას (დაბალი დოზებით), რადგან მცირდება ანტიკოაგულაციური ეფექტი;

ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინი), რადგან იბუპროფენი აძლიერებს ამ პრეპარატების მოქმედებას;

ვორიკონაზოლს და ფლუკონაზოლს (CYP2C9 ინჰიბიტორები) (სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას), რადგან ისინი აძლიერებენ იბუპროფენის მოქმედებას. უნდა განიხილებოდეს იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან ერთად გამოიყენება იბუპროფენის მაღალი დოზები.

ნუროფენ® ექსპრეს ფორტე საკვებთან და სასმელთან ერთად

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღების დროს თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან პრეპარატისა და ალკოჰოლის კომბინაცია ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გარკვეული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

არ გამოიყენოთ პრეპარატი 20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს. თუ ორსულობა 20 კვირაზე ნაკლებია, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე.

ძუძუთი კვება

არსებობს მტკიცებულება, რომ იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება მცირე რაოდენობით გადავიდნენ დედის რძეში, ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. იბუპროფენის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს, იმ პირობით, რომ იგი გამოიყენება რეკომენდებული დოზებით და რაც შეიძლება მოკლე კურსით.

თუ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება აუცილებელია, მიმართეთ ექიმს, რათა გადაწყვიტოთ, შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება პრეპარატის გამოყენების პერიოდში.

ფერტილობა ქალებში

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლასს, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ფერტილობა ქალებში. ეს მოვლენა შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას, პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ იბუპროფენის მიღების დროს აღნიშნავთ თავბრუსხვევას, ძილიანობას, შენელებულ მოქმედებებს ან მხედველობის დარღვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე შეიცავს სორბიტოლს და ჟოლოსფერ საღებავს [პონსო 4R] (E124).

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს თითოეული კაფსულა შეიცავს 36.6 მგ სორბიტოლს. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ჟოლოსფერ საღებავს [პონსო 4R] (E124). ამ ნივთიერებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

პრეპარატის ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მიღება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნუროფენ® ექსპრეს ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

არასასურველი რეაქციების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის სიმპტომების შესამსუბუქებლად საკმარისი მინიმალური ეფექტური დოზით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მიღებით.

იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას დოზით, რომელიც არ აღემატება 1200 მგ/დღეში (3 კაფსულა), აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნევთ რომელიმე არასაურველი რეაციის განვითარებას ან თუ რამე გაწუხებთ, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და რაც შეიძლება მალე გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ამ პრეპარატის მიღებისას ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შემდეგი განვითარდება ემდეგი მდგომარეობები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის მწვავე ტკივილი, კუპრისფერი შავი განავალი, სისხლიანი ღებინება და დაფქული ყავის მსგავსი მუქი ჩანართები;

ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება, სტვენითი სუნთქვა, სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი; ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის (კოუნისის სინდრომი) ნიშანი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველივე გამოყენების დროსაც კი;

კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მთელ სხეულზე, აქერცვლა, ბუშტუკების წარმოქმნა ან ეპიდერმისის აშრევება, სხეულის ტემპერატურის მომატება (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი - ლაიელის სინდრომი, DRESS-სინდრომი), კანის სიწითლით მიმდინარე გამონაყარი, ტუბერკულებისა და ბუშტუკების წარმოქმნა, რომლებშიც გროვდება ჩირქი (ჩვეულებრივ კანის ნაკეცებში, ტანსა და ზედა კიდურებზე), რომლებსაც თან ახლავს ცხელება პრეპარატის მიღების დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ ექიმს, თუ თქვე აღნიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი რეაქციის განვიტარებას.

ხშირად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მსუბუქმა სისხლდენამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიძლება ანემია გამოიწვიოს.

არც ისე ხშირად (1 პაციენტში 100 პაციენტიდან არა უმეტეს):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ზოგჯერ სისხლდენით და კედლების პერფორაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და დაწყლულება (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება;

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნება, გაღიზიანება და დაღლილობა;

მხედველობის დარღვევა;

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი და ბრონქული ასთმის შეტევები. შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს;

სხვადასხვა სახის გამონაყარი კანზე.

იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 1 000 პაციენტიდან):

ტინიტუსი (ყურებში შუილი);

თირკმლის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება;

სმენის დაქვეითება;

სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება;

ჰემოგლობინის დონის შემცირება.

ძალიან იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 000 პაციენტიდან):

შეშუპება, არტერიული წნევის მომატება (არტერიული ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების დროს;

შარდის გამოყოფის შემცირება (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში); შეშუპება და მღვრიე შარდი (ნეფროზული სინდრომი), ანთებითი პროცესი თირკმლებში (ინტერსტიციული ნეფრიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. თუ თქვენ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ან ზოგად სისუსტეს, შეწყვიტეთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე ან თირკმლის უკმარისობაზე;

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მძიმე ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ჩუტყვავილას გართულებებით;

სისხლის შედედების დარღვევები. პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს სიცხე, ყელის ტკივილი, ზედაპირულ წყლულები პირის ღრუში, გრიპის მსგავს სიმპტომები, დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მკურნალობა და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ უნდა მიიღოთ სხვა ტკივილგამაყუჩებლები ან სიცხის დამწევი საშუალებები;

ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია;

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობისას დაფიქსირდა ინფექციური დაავადებების გამწვავება (მაგ., ნეკროზული ფასციიტი). ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენებისას ინფექციური დაავადების სიმპტომების გამოვლენისას ან გაძლიერებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ინფექციის ანტიბიოტიკებით თუ სხვა ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობის შესახებ;

გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი;

ღვიძლის დისფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, ღვიძლის უკმარისობა;

იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნებოდა ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები: კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ცნობიერების დაბინდვა. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება) იზრდება ზემოთ აღნიშნული არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

თმის ცვენა (ალოპეცია);

ბრონქული ასთმის გამწვავება და ბრონქოსპაზმის განვითარება;

სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი);

კოუნისის სინდრომი და კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

კანის ღია ადგილებში გამონაყარისა და სიწითლის გაჩენა მზის სხივების საპასუხოდ (ფოტომგრძნობელობა);

DRESS სინდრომი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი.

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს კლასის სამკურნალო პრეპარატების გამოყენებამ შეიზლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო გაზრდა.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი) ტელეფონი: +7 800 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected] https://roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

UP „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

ტელეფონი: +375 17 242-00-29

ელ. ფოსტა: [email protected]

www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ერევანი, კომიტასას გამზ. 49/5

დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

ტელეფონი: +374 10 20-05-05; +374 96 22-05-05

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვას ქ, 13 (ბც „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235-135

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე, აღნიშნულია თვე და წელი. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ პრეპარატი არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში მომატებული ტენიანობისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან წყალმომარაგების სისტემაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

მოზარდებსა და მოზრდილებში დოზა-დამოკიდებულების ეფექტი მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 1.5-3 საათი.

სიმპტომები

პაციენტების უმეტესობას, რომლებმაც მიიღეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლინიკურად მნიშვნელოვანი დოზები, აღენიშნებოდა მხოლოდ გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში და, უფრო იშვიათად, დიარეა. ასევე შესაძლებელია ტინიტუსი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანება, რაც გამოიხატება თავბრუსხვევით, ძილიანობით, ზოგჯერ აგზნებითა და დეზორიენტაციით, ასევე კომით. ზოგიერთ შემთხვევებში, პაციენტებს უვითარდებათ კრუნჩხვები. რეკომენდებულ დოზებზე მეტი დოზით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკოვანი აციდოზი და ჰიპოკალემია. მძიმე მოწამვლის დროს შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი, შეიძლება გახანგრძლივდეს პროთრომბინის დრო/INR, სავარაუდოდ, სისხლის შედედების ფაქტორებზე ზემოქმედების გამო. რეკომენდებულ დოზებზე მეტი დოზით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკოვანი აციდოზი და ჰიპოკალემია. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასთმით დაავადებულებში შეიძლება გაუარესდეს ასთმა.

მკურნალობა

მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი, რაც მოიცავს სასუნთქი გზების გამტარობის შენარჩუნებას და გულის მოქმედების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორინგს მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში მიზანშეწონილია პერორალურად გააქტივებული ნახშირის მიღება. ხშირი ან ხანგრძლივი კრუნჩხვების დროს ინტრავენურად უნდა შეიყვანოთ დიაზეპამი ან ლორაზეპამი. ასთმის დროს უნდა დაინიშნოს ბრონქოდილატატორები.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

პრეპარატი ნუროფენ® ექსპრეს ფორტე შეიცავს:

მოქმდედი ნივთიერებაა იბუპროფენი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 400 მგ იბუპროფენს თხევადი მოქმედი ნივთიერების სახით. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 600, კალიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი, ჟელატინი, სორბიტოლი (ნაწილობრივ დეჰიდრირებული) (E420), ჟოლოსფერი საღებავი [პონსო 4R] (E124), თეთრი მელანი (გასუფთავებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ჰიპრომელოზა-3cP).

პრეპარატ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულები.

ოვალური კაფსულები წითელი ფერის ნახევრად გამჭვირვალე ჟელატინის გარსით, თეთრი მაიდენტიფიცირებელი წარწერით NUROFEN, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე სითხეს უფეროდან ღია ვარდისფერამდე.

4, 8 ან 10 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.

1 ბლისტერი (4, 8 ან 10 კაფსულა) ან 2 ბლისტერი (4, 8 ან 10 კაფსულა) ან 3 ბლისტერი (10 კაფსულა) ან 4 ბლისტერი (10 კაფსულა) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

2 წელი

სპეციალური სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

კონტეინერის შიგთავსი და შემადგენლობა

ბლისტერი, თეთრი, გაუმჭვირვალე PVC/PVDC ალუმინი. თითოეული ბლისტერი შეიცავს 2, 4, 6, 8, 10, 12, 16, 20, 24, 30, 40 ან 50 რბილ კაფსულას. ბლისტერები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ყველა შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პროდუქტები, არასტეროიდული; პროპიონის მჟავას წარმოებული

ათქ: M01A E01.

ნუროფენი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (NSAID), რომლის ეფექტურობა დადასტურებულია ანთების ტრადიციულ ცხოველურ მოდელებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ანთებასთან დაკავშირებულ ტკივილს, შეშუპებას და ცხელებას.

გარდა ამისა, იბუპროფენი შექცევადად აინჰიბირებს ადფ-ით და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.

ექსპერიმენტული მონაცემებით დადასტურებულია, რომ იბუპროფენმა შეიძლება კონკურენტულად დათრგუნოს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის ეფექტი თრომბოციტების აგრეგაციაზე, მათი ერთდროული გამოყენებისას. ზოგიერთმა ფარმაკოდინამიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების აცეტილსალიცილის მჟავას (81 მგ) მიღებამდე 8 საათის განმავლობაში ან მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში 400 მგ იბუპროფენის ერთჯერადი მიღება ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას გავლენას თრომბოქსანის წარმოქმნაზე ან თრომბოციტების აგრეგაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ამ მონაცემების კლინიკურ სიტუაციაზე ექსტრაპოლაცია, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ იბუპროფენის რეგულარული ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება ასპირინის დაბალი დოზების კარდიოპროტექტორული ეფექტი. იბუპროფენის ეპიზოდური გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ნაკლებად სავარაუდოა (იხ. ნაწილი 4.5).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პერორალური მიღებისას იბუპროფენი ნაწილობრივ შეიწოვება კუჭში, შემდეგ კი მთლიანად წვრილ ნაწლავში.

ღვიძლში მეტაბოლიზმის (ჰიდროქსილირება, კარბოქსილირება, კონიუგაცია) შემდეგ, ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტები მთლიანად გამოიყოფა, ძირითადად თირკმელებით (90%), ასევე ნაღველთან ერთად. ჯანმრთელ პირებში და ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების მქონე პირებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 1.8-3.5 საათი. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 99%-ია.

ნორმალური გამოთავისუფლების სამკურნალო ფორმის (ტაბლეტი) პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში პიკური დონეები მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. პერორალური მიღების შემდეგ, იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში (R07-1009) უზმოზე ნორმალური გამოთავისუფლების სამკურნალო ფორმის იბუპროფენის მჟავას ტაბლეტების (ნუროფენის ტაბლეტები) მიღებისას პლაზმაში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო (საშუალო Tmax) არის 90 წუთი, ნუროფენის რბილი კაფსულებისთვის - 40 წუთი. იბუპროფენი პლაზმაში ნუროფენის მიღებიდან 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აღინიშნება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

ნუროფენი® ექსპრეს ფორტე, 400 მგ, კაფსულები

მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ აფთიაქის მუშაკს.

რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

რა არის პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი?

რა უნდა იცოდეთ ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მიღებამდე.

ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე და რისთვის გამოიყენება იგი?

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერებას იბუპროფენს. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) კლასს. იბუპროფენს აქვს სწრაფი, მიზანმიმართული მოქმედება ტკივილის მიმართ (ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება), სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლის და მეტი ასაკის მქონე მოზარდებში, რომელთა სხეულის მასა 40 კგ-ზე მეტია, შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის:

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილს სინდრომი, მათ შორის თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნევრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სახსრების ტკივილი;

ტკივილის სინდრომი ტრავმების შემდეგ (იოგებისა და მყესების დაზიანებები, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, სპორტული ტრავმები);

ცხელება და ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კუნთების ზოგადი ტკივილი, ყელის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება და შემცივნება) გრიპის და გაცივების დროს.

პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების დროს, არ მოქმედებს დაავადების პროგრესირებაზე.

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მოქმედების მექანიზმი

იბუპროფენი აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც ტკივილის, ანთების და ჰიპერთერმიული რეაქციის მედიატორები არიან. ადამიანებში იბუპროფენი ამცირებს ტკივილის, შეშუპების და ცხელების სიმძიმეს ანთების დროს. ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს უზმოზე მიღების შემდეგ იბუპროფენი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და 15 წუთის შემდეგ ვლინდება სისხლის პლაზმაში. სისხლის პლაზმაში იბუპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია 40 წუთის შემდეგ მიიღწევა, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ეკვივალენტური დოზით ნუროფენის® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სამკურნალო ფორმის სახით მიღების შემდეგ. ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მიღების შემდეგ, იბუპროფენი სისხლის პლაზმაში 8 საათის ან მეტი ხნის შემდეგ ვლინდება.

თუ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღებამდე

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ნუროფენი® ექსპრეს ფორტე:

თუ გაქვთ ალერგია იბუპროფენის ან ფურცელი-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი (დახრჩობის შეგრძნება ბრონქების შევიწროების გამო), ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, რომლებიც უკავშირდებოდა აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) გამოყენებას;

თუ გქონიათ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლის პერფორაცია;

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან ადრე გქონიათ იგი (პეპტიკური წყლულის ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი);

თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან გულის მძიმე უკმარისობა;

თუ გაქვთ კორონარული არტერიის შუნტირების შემდგომი პერიოდი;

თუ გაქვთ სისხლდენა თავის ტვინის სისხლძარღვებიდან (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენა;

თუ გაქვთ ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები (მათ შორის ჰიპოკოაგულაცია);

თუ გაქვთ ჰემორაგიული დიათეზი;

თუ გაქვთ ძლიერი დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო);

თუ გაქვთ ფრუქტოზის აუტანლობა;

20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს (იხილეთ ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

არ გამოიყენება 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები ან მდგომარეობები:

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენება, წარსულში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ერთჯერადი ეპიზოდი ან წყლულოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი; ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები გამწვავების სტადიაში ან წარსულში - შესაძლებელია ბრონქოსპაზმის განვითარება; სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (შარპის სინდრომი); ჩუტყვავილა; თირკმლის უკმარისობა, მათ შორის დეჰიდრატაციის დროს, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით, ჰიპერბილირუბინემია, არტერიული ჰიპერტენზია ან/და გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადება, უცნობი ეტიოლოგიის სისხლის დაავადებები (ლეიკოპენია და ანემია), მძიმე სომატური დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიული დაავადება, მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებიც ზრდიან წყლულის ან სისხლდენის რისკს, მათ შორის პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონის ჩათვლით), ანტიკოაგულანტები (ვარფარინის ჩათვლით), სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ციტალოპრამის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის, სერტრალინის ჩათვლით) ან ანტიაგრეგანტები (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით, კლოპიდოგრელის ჩათვლით), ორსულობა 20 კვირამდე, ძუძუთი კვების პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.

ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

შემდეგი მდგომარეობების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენება: ანამნეზში სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (GIT) კედლის პერფორაციის არსებობა, რომელიც უკავშირდებოდა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებას; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ან წყლულოვანი სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან წარსულში (წყლულოვანი დაავადების ან წყლულოვანი სისხლდენის ორი ან მეტი დადასტურებული ეპიზოდი).

ნუროფენი® ექსპრეს ფორტე სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს: ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ერთჯერადი ეპიზოდი ან წყლულოვანი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, წყლულოვანი კოლიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ ამ პრეპარატის ჭამის დროს მიღებას.

თუ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რაიმე სიმპტომს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის რეაქციები

არსებობს ცნობები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციების შესახებ. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების, ბუშტუკების ან ალერგიული რეაქციების სხვა ნიშნების განვითარებისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (იხილეთ მე-4 ნაწილი).

სიფრთხილის სხვა ზომები

თავის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ტკივილის სინდრომის გაძლიერება გამოიწვიოს. მოცემული სიმპტომის განვითარებისას, უნდა შეწყვიტოთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღება და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გამოიყენოთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტე ჩუტყვავილას დროს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის, თირკმლის ფუნქციის და სისხლის ანალიზების მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან“).

ზოგადად, თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან მაღალი დოზებით გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის მძიმე ქრონიკული დარღვევა. ეს რისკი იზრდება მარილების დაკარგვისას და დეჰიდრატაციის დროს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შენიღბონ ინფექციური დაავადებების და ცხელების სიმპტომები. საავადმყოფოს გარეთ მკურნალობისას, თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მოზარდებში დეჰიდრატაციის დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი არსებობს.

ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

ბავშვები

ნუროფენი® ექსპრეს ფორტე არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა 40 კგ-ზე ნაკლებია, დოზირების რეჟიმის დაცვის შეუძლებლობის გამო.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს და ზოგიერთი სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება. აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული იბუპროფენის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება:

აცეტილსალიცილის მჟავა: გამონაკლისია ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (არა უმეტეს 75 მგ დღეში), რადგან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი და შეამციროს ანტიკოაგულაციური (ანტიაგრეგანტული) ეფექტი.

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი): თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ჯგუფის ანთების საწინააღმდეგო ორი ან მეტი პრეპარატის ერთდროული გამოყენება, რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ:

დიგოქსინს (გულის უკმარისობის დროს), რადგან ნუროფენმა® ექსპრეს ფორტემ შეიძლება გააძლიეროს დიგოქსინის მოქმედება;

გლუკოკორტიკოიდებს (კორტიზონის ან კორტიზონის მსგავსი ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებები), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

ანტიაგრეგანტებს, რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკს;

ფენიტოინს (ეპილეფსიის დროს), რადგან პრეპარატმა ნუროფენმა® ექსპრეს ფორტემ შესაძლოა გააძლიეროს ფენიტოინის მოქმედება;

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებს (დეპრესიის დროს), რადგან ისინი ზრდიან სისხლდენის რისკს;

ლითიუმის პრეპარატებს (ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დროს), რადგან ნუროფენმა® ექსპრეს ფორტემ შეიძლება გააძლიეროს ლითიუმის პრეპარატების მოქმედება;

პრობენეციდს და სულფინპირაზონს (პოდაგრის დროს), რადგან ისინი ანელებენ ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფას;

აგფ-ის ინჰიბიტორებს, ბეტა-ბლოკერებს და ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, რადგან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების თერაპიული მოქმედება;

კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებს, რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალემია);

მეთოტრექსატს (ონკოლოგიური და რევმატული დაავადებების დროს), რადგან პრეპარატ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს შეუძლია გააძლიეროს მეთოტრექსატის მოქმედება;

ტაკროლიმუსს და ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესორები), რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;

ზიდოვუდინს (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენებამ ჰემოფილიით დაავადებულ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ჰემართროზი ან შინაგანი სისხლდენა, რაც შეშუპებას იწვევს;

სულფონილშარდოვანას წარმოებულებს (შაქრიანი დიაბეტის დროს), რადგან შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება პრეპარატ ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან;

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რადგან ნუროფენ® ექსპრეს ფორტესთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების (კონვულსიური შეტევების) განვითარების რისკს;

მიფეპრისტონს (გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის), რადგან პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტიანობას;

აცეტილსალიცილის მჟავას (დაბალი დოზებით), რადგან მცირდება ანტიკოაგულაციური ეფექტი;

ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინი), რადგან იბუპროფენი აძლიერებს ამ პრეპარატების მოქმედებას;

ვორიკონაზოლს და ფლუკონაზოლს (CYP2C9 ინჰიბიტორები) (სოკოვანი დაავადებების მკურნალობისას), რადგან ისინი აძლიერებენ იბუპროფენის მოქმედებას. უნდა განიხილებოდეს იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან ერთად გამოიყენება იბუპროფენის მაღალი დოზები.

ნუროფენ® ექსპრეს ფორტე საკვებთან და სასმელთან ერთად

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღების დროს თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან პრეპარატისა და ალკოჰოლის კომბინაცია ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გარკვეული არასასურველი რეაქციების განვითარების რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

არ გამოიყენოთ პრეპარატი 20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს. თუ ორსულობა 20 კვირაზე ნაკლებია, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ექიმის დანიშნულების გარეშე.

ძუძუთი კვება

არსებობს მტკიცებულება, რომ იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება მცირე რაოდენობით გადავიდნენ დედის რძეში, ძუძუთ კვებაზე მყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. იბუპროფენის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს, იმ პირობით, რომ იგი გამოიყენება რეკომენდებული დოზებით და რაც შეიძლება მოკლე კურსით.

თუ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება აუცილებელია, მიმართეთ ექიმს, რათა გადაწყვიტოთ, შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება პრეპარატის გამოყენების პერიოდში.

ფერტილობა ქალებში

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლასს, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ფერტილობა ქალებში. ეს მოვლენა შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეკომენდებული დოზებით ხანმოკლე გამოყენებისას, პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ იბუპროფენის მიღების დროს აღნიშნავთ თავბრუსხვევას, ძილიანობას, შენელებულ მოქმედებებს ან მხედველობის დარღვევას, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე შეიცავს სორბიტოლს და ჟოლოსფერ საღებავს [პონსო 4R] (E124).

პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს თითოეული კაფსულა შეიცავს 36.6 მგ სორბიტოლს. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ჟოლოსფერ საღებავს [პონსო 4R] (E124). ამ ნივთიერებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

პრეპარატის ნუროფენი® ექსპრეს ფორტეს მიღება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები: საწყისი დოზა: 1 კაფსულა (400 მგ იბუპროფენი). საჭიროების შემთხვევაში, 6-8 საათის შემდეგ მიიღეთ კიდევ 1 კაფსულა (400 მგ იბუპროფენი). 24 საათის განმავლობაში არ მიიღოთ სამ კაფსულაზე (1 200 მგ) მეტი.

ბავშვები: პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ან 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში.

მიღების გზა ან/და მეთოდი

პერორალურად. კაფსულა არ უნდა დაღეჭოთ. კაფსულას უნდა მიაყოლოთ წყალი. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი სულ მცირე 6 საათი უნდა იყოს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს ურჩევენ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს მიღებას კვების დროს. ჭამის შემდეგ მიღებისას პრეპარატის მოქმედება შეიძლება შენელდეს. ამ შემთხვევაში, არ უნდა მიიღოთ პრეპარატი რეკომენდებულზე მეტი დოზით. ორ დოზას შორის საჭირო ინტერვალი უნდა იყოს დაცული.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. მიიღეთ პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე კურსით, მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოფხვრისთვის.

მოზარდები

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ აუცილებელია 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება ან თუ მდგომარეობა უარესდება.

მოზრდილები

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ მოზრდილ პაციენტებში მიმდინარე ცხელების სამკურნალოდ აუცილებელია პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება, მიმდინარე ტკივილის სამკურნალოდ აუცილებელია პრეპარატის 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება ან თუ მდგომარეობა უარესდება.

თუ მიიღეთ პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე საჭიროზე მეტი დოზით.

თუ მიიღეთ პრეპარატი ნუროფენი® ექსპრეს ფორტე რეკომენდებულ დოზაზე მეტი ან თუ ბავშვმა შეცდომით მიიღო პრეპარატი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას, და მიაწოდეთ ჯანდაცვის მუშაკებს პრეპარატის შეფუთვა და ეს ფურცელი-ჩანართი.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება (შესაძლოა სისხლით), სისხლი განავალში (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შედეგად), ყურებსი შუილი, თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, დიარეა და ნისტაგმი. მნიშვნელოვანი ჭარბი დოზირებისას აღინიშნებოდა სისუსტე და თავბრუსხვევა, ძილიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება, დეზორიენტაცია, ცნობიერების არევა, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გაძლიერების შეგრძნება, სინკოპე (კრუნჩხვები, განსაკუთრებით ბავშვებში), სისხლი შარდში და სუნთქვის დათრგუნვა.

მკურნალობა: სიმპტომური, სასუნთქი გზების გამტარობის სავალდებულო უზრუნველყოფით, ეკგ-ს და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგით მდგომარეობის ნორმალიზებამდე. იბუპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის პერორალური მიღება ან კუჭის ამორეცხვა. თუ უკვე მოხდა იბუპროფენის შეწოვა, თირკმლებით იბუპროფენის მჟავე წარმოებულის გამოსადევნად შეიძლება დაინიშნოს ტუტე სასმელი და ფორსირებული დიურეზი. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების კუპირება უნდა მოხდეს ინტრავენურად დიაზეპამის ან ლორაზეპამის შეყვანით. ბრონქული ასთმის სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში, რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნუროფენ® ექსპრეს ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

არასასურველი რეაქციების რისკის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის სიმპტომების შესამსუბუქებლად საკმარისი მინიმალური ეფექტური დოზით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მიღებით.

იბუპროფენის ხანმოკლე გამოყენებისას დოზით, რომელიც არ აღემატება 1200 მგ/დღეში (3 კაფსულა), აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები. თუ შეამჩნევთ რომელიმე არასაურველი რეაციის განვითარებას ან თუ რამე გაწუხებთ, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და რაც შეიძლება მალე გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ამ პრეპარატის მიღებისას ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შემდეგი განვითარდება ემდეგი მდგომარეობები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის სიმპტომები, როგორიცაა მუცლის მწვავე ტკივილი, კუპრისფერი შავი განავალი, სისხლიანი ღებინება და დაფქული ყავის მსგავსი მუქი ჩანართები;

ძალიან იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები, როგორიცაა ბრონქული ასთმის გამწვავება, სტვენითი სუნთქვა, სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი; ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის (კოუნისის სინდრომი) ნიშანი. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველივე გამოყენების დროსაც კი;

კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მთელ სხეულზე, აქერცვლა, ბუშტუკების წარმოქმნა ან ეპიდერმისის აშრევება, სხეულის ტემპერატურის მომატება (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი - ლაიელის სინდრომი, DRESS-სინდრომი), კანის სიწითლით მიმდინარე გამონაყარი, ტუბერკულებისა და ბუშტუკების წარმოქმნა, რომლებშიც გროვდება ჩირქი (ჩვეულებრივ კანის ნაკეცებში, ტანსა და ზედა კიდურებზე), რომლებსაც თან ახლავს ცხელება პრეპარატის მიღების დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ ექიმს, თუ თქვე აღნიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი რეაქციის განვიტარებას.

ხშირად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 პაციენტიდან):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მათ შორის გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მსუბუქმა სისხლდენამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიძლება ანემია გამოიწვიოს.

არც ისე ხშირად (1 პაციენტში 100 პაციენტიდან არა უმეტეს):

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ზოგჯერ სისხლდენით და კედლების პერფორაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და დაწყლულება (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება;

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნება, გაღიზიანება და დაღლილობა;

მხედველობის დარღვევა;

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი და ბრონქული ასთმის შეტევები. შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ მკურნალ ექიმს;

სხვადასხვა სახის გამონაყარი კანზე.

იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 1 000 პაციენტიდან):

ტინიტუსი (ყურებში შუილი);

თირკმლის დაზიანება (პაპილარული ნეკროზი) და სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება;

სმენის დაქვეითება;

სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება;

ჰემოგლობინის დონის შემცირება.

ძალიან იშვიათად (არა უმეტეს 1 პაციენტში 10 000 პაციენტიდან):

შეშუპება, არტერიული წნევის მომატება (არტერიული ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების დროს;

შარდის გამოყოფის შემცირება (განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში); შეშუპება და მღვრიე შარდი (ნეფროზული სინდრომი), ანთებითი პროცესი თირკმლებში (ინტერსტიციული ნეფრიტი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. თუ თქვენ შენიშნავთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ან ზოგად სისუსტეს, შეწყვიტეთ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე ან თირკმლის უკმარისობაზე;

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მძიმე ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ჩუტყვავილას გართულებებით;

სისხლის შედედების დარღვევები. პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს სიცხე, ყელის ტკივილი, ზედაპირულ წყლულები პირის ღრუში, გრიპის მსგავს სიმპტომები, დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მკურნალობა და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ უნდა მიიღოთ სხვა ტკივილგამაყუჩებლები ან სიცხის დამწევი საშუალებები;

ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია;

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობისას დაფიქსირდა ინფექციური დაავადებების გამწვავება (მაგ., ნეკროზული ფასციიტი). ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გამოყენებისას ინფექციური დაავადების სიმპტომების გამოვლენისას ან გაძლიერებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ინფექციის ანტიბიოტიკებით თუ სხვა ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობის შესახებ;

გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი;

ღვიძლის დისფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი), განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, ღვიძლის უკმარისობა;

იბუპროფენის გამოყენებისას აღინიშნებოდა ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომები: კისრის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ცნობიერების დაბინდვა. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება) იზრდება ზემოთ აღნიშნული არასასურველი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

თმის ცვენა (ალოპეცია);

ბრონქული ასთმის გამწვავება და ბრონქოსპაზმის განვითარება;

სისხლძარღვების კედლების ანთება (ვასკულიტი);

კოუნისის სინდრომი და კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია)

კანის ღია ადგილებში გამონაყარისა და სიწითლის გაჩენა მზის სხივების საპასუხოდ (ფოტომგრძნობელობა);

DRESS სინდრომი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი.

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს კლასის სამკურნალო პრეპარატების გამოყენებამ შეიზლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო გაზრდა.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ჯანდაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი) ტელეფონი: +7 800 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected] https://roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

UP „ჯანდაცვის ექსპერტიზისა და ტესტირების ცენტრი“

ტელეფონი: +375 17 242-00-29

ელ. ფოსტა: [email protected]

www.rceth.by

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ერევანი, კომიტასას გამზ. 49/5

დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“

ტელეფონი: +374 10 20-05-05; +374 96 22-05-05

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88

ელ. ფოსტა: [email protected]

http://www.pharm.kg/

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვას ქ, 13 (ბც „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235-135

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე, აღნიშნულია თვე და წელი. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ პრეპარატი არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში მომატებული ტენიანობისგან დასაცავად.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან წყალმომარაგების სისტემაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ნუროფენ® ექსპრეს ფორტე შეიცავს:

მოქმდედი ნივთიერებაა იბუპროფენი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 400 მგ იბუპროფენს თხევადი მოქმედი ნივთიერების სახით. სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 600, კალიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი, ჟელატინი, სორბიტოლი (ნაწილობრივ დეჰიდრირებული) (E420), ჟოლოსფერი საღებავი [პონსო 4R] (E124), თეთრი მელანი (გასუფთავებული წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ჰიპრომელოზა-3cP).

პრეპარატ ნუროფენ® ექსპრეს ფორტეს გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

კაფსულები.

ოვალური კაფსულები წითელი ფერის ნახევრად გამჭვირვალე ჟელატინის გარსით, თეთრი მაიდენტიფიცირებელი წარწერით NUROFEN, რომელიც შეიცავს გამჭვირვალე სითხეს უფეროდან ღია ვარდისფერამდე.

4, 8 ან 10 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში.

1 ბლისტერი (4, 8 ან 10 კაფსულა) ან 2 ბლისტერი (4, 8 ან 10 კაფსულა) ან 3 ბლისტერი (10 კაფსულა) ან 4 ბლისტერი (10 კაფსულა) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ,

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, გაერთიანებული სამეფო /

Reckitt Benckiser Healthcare International Ltd,

Tain Road, Nottingham, NG90 2DB, United Kingdom

მწარმოებელი (ხარისხის კონტროლის გამომშვები)

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ,

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB, გაერთიანებული სამეფო /

Reckitt Benckiser Healthcare International Ltd,

Tain Road, Nottingham, NG90 2DB, United Kingdom

პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის წარმომადგენლობას ან რეგისტრაციის მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, სომხეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში:

შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“

რუსეთი, 115114, მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, ​​4, მე-3 სართული

ტელ.: 8-800-200-82-20

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკაში:

შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“, 050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302. ტელ.: +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;

ფაქსი: +7 (727) 356 07 50;

ტელ.: 8-10-800-2000-82-20.

ელ. ფოსტა: [email protected],

[email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებგვერდზე http://eec.eaeunion.org/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა