„პატრიარქი ილია II“ – ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოფენა ასახავს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
„საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით საექსპოზიციოდ არქივისათვის გადაცემული ორი შესამოსელი. მათგან ერთ-ერთი ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, ეცვა; ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც ილია II ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიარქების – ეფრემ II-ისა და ილია II-ის – კუთვნილი ჯვარი.
გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი ურთიერთობა. ილია II ეროვნულ არქივს სამჯერ ეწვია. მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ – ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს — ანჩის სახარებას (XII ს.). ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა; ასევე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების – რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, გიგლა ბენაშვილის, ბადრი და ირაკლი ვადაჭკორიების, ბესო გულიაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი მეურმიშვილის – ნამუშევრები.
ფოტომასალის ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად ნახავს.
გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პატრიარქის ღვაწლზე და უწმინდესისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულა პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდმა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას მაისის ბოლომდე უმასპინძლებს.
დათვალიერება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს

მიხაილ გალუზინი – თუ არ იქნება მზადყოფნა, რომ კიევის რეჟიმმა შეასრულოს ის შეთანხმებები, რაზეც მისი დასავლელი სპონსორები ჩვენთან შეთანხმდნენ, მაშინ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას