პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი, ირინოლა ჩარკვიანი:
ძია ტარიელ …

მე ახლაც ყურში ჩამესმის თითქოს
– ბოლქვაძე!
– ვარ!
– ჩარკვიანი!
– ვარ!
– ჭილაძე
– ვარ!…..
თავი ანებეთ ამ ლექსებს წუთით,
ჩახედეთ წუთით ჟურნალის ფურცლებს,
ამ ხუთ წელიწადს ყოველი „ხუთით“
ჩვენ ვაშენებდით სტუდენტურ ხუთწლედს.
შეავლეთ თვალი გარეკანს ცისფერს
და ზედ წარწერას : „მესამე ჯგუფი“
მე თითქოს ახლაც ძველ კამათს ვისმენ,
და ლექსის გამო გრძელდება ჩხუბი.
თითქო ტოლები მოვიდნენ ისევ,
მშვენიერნი და თვალჟუჟუნანი,
იმ თვალებს ვხედავ,
იმ სიცილს ვისმენ,
და იმ დღეებზე ჰყვება ჟურნალი,
გადავშლი ფურცელს, კიდევ გადავშლი
და ჩანს გვარები, მხოლოდ გვარები
შეინახება ძველ კარადაში
გვარები – ლექსებს მინამგვანები!
ვამბობ და სულაც არ მინდა ახლა,
ვინმემ საწყენად მიიღოს იგი,
მე ზოგთან გულით ვიყავი ახლოს
და ზოგთან კიდევ — ანბანთა რიგით!
წლები წავლენ და ჟურნალსაც, ალბათ,
გამოახუნებს მტვერი არქივის
და შეინახავს ჩვენს ლამაზ დღეებს
ვით ტკბიმოსაგონს ძველი ჰანგივით
მერე გვარები გადავა ხალხში,
რადგანაც მამულს ჭირია გარჯა,
ამქვეყნად იქნებ გვარებიც დარჩეს,
როგორც ლამაზი ლექსები დარჩა.
ცხოვრება — ჩვენი მასწავლებელი
ამოიკითხავს ერთ დროს ამ ჟურნალს,
აღარ იქნება ჩვენს შორის ბევრი
და ბევრიც ფერფლად შერჩება ურნას,
დღეს კი… მე მხარში ვუდგავარ ტოლებს!
მჯერა მომავლის, ნათელი ხვალის
და მიხარია, რომ ქვეყანაზე
სიცოცხლეც არის!
ღიმილიც არის!
ჯანსუღიც არის!
ზაურიც არის!
ოთარიც არის!..
24 წლის ტარიელ ჭანტურიას ლექსი „პირველი სხივის“ ფურცლებიდან, 1956 წ.
2026 წლის 8 ივლისს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ტარიელ ჭანტურია




